Jump to content
Planeta.Ge

პეტრე მელიქიშვილი (1850-1927)


Recommended Posts

პეტრე მელიქიშვილი (1850-1927)

 

http://s41.radikal.ru/i092/0812/1a/235ea0b1a6f6.jpg

 

დაიბადა თბილისში, კათოლიკური აღმსარებლობის ოჯახში. 18 წლისამ დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1872 წელს სწავლა განაგრძო "ნოვოროსიის" (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.

 

1973 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა და ევროპის წამყვანი ცენტრების - ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვისლიცენუსის ლაბორატორიების კვლევით საქმიანობას გაეცნო. 1876 წელს ისევ ოდესაში დაბრუნდა და უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. 1881 წელს ქიმიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია, ოთხი წლის შემდეგ უკვე სადოქტორო დისერტაციაც. 1884 წელს ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული ქიმიის კათედრის დოცენტად აირჩიეს, 1885-1917 წლებში "ნოვოროსიის" უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

 

მელიქიშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობით დიდად შეუწყო ხელი ნივთიერებათა აღნაგობის თეორიის განვითარებას. მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა მიუძღვნა არაორგანული ქიმიის საკითხებს. პირველად მან მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდეს. 1900 წელს დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ ლომონოსოვის სახელობის პრემია და დიდი ოქროს მედალი მიანიჭა.

 

1918 წელს პეტრე მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწვევას, საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საორგანიზაციო საკითხებშიც მიიღო მონაწილეობა. 13 იანვარს ქართული გიმნაზიის შენობის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) ცივ ოთახში შედგა მომავალი უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი ოფიციალური სხდომა, რომელზეც აირჩიეს გამგეობა. გამგეობამ რექტორად ამ საქმის სულისჩამდგმელი ივანე ჯავახიშვილი დაასახელა, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა და პეტრე მელიქიშვილს სთხოვა ეს საპატიო და მძიმე მოვალეობა ეკისრა. ორივე კანდიდატს რექტორობისათვის თავი უღირსად მიაჩნდა და მეორე კანდიდატს ანიჭებდა უპირატესობას. ივანე ჯავახიშვილის არგუმენტებმა გაჭრა და სამეცნიერო კოლეგიამ რექტორად ერთხმად აირჩია პეტრე მელიქიშვილი. იმ დროს პეტრე მელიქიშვილი 68 წლის იყო, ივანე ჯავახიშვილი 42-ის, ექვთიმე თაყაიშვილი 55-ის, სხვები - აკაკი შანიძე, გიორგი ჩუბინაშვილი, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი 30-ს ოდნავ გადაცილებულები, შალვა ნუცუბიძე 29-ის. ახლადდაარსებული უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თაობათა ჯაჭვი კი არ გაწყვიტა, პირიქით, გაამთლიანა. 17 იანვარს უკვე პეტრე მელიქიშვილის ბინაში შეიკრიბა პროფესორთა საბჭო და ლექტორთა მოწვევის საკითხი და უნივერსიტეტის გახსნის პროექტი განიხილა.

 

ასრულდა მრავალი თაობის ოცნება - 1918 წლის 26 იანვარს, წყნეთის ქუჩის 41-ში, ქართული გიმნაზიის შენობის სამხრეთის ფრთის სამ ოთახში განთავსდა ქართული უნივერსიტეტი. 13 საათსა და 20 წუთზე დაიწყო ზეიმი. შესავალი სიტყვა უნივერსიტეტის საზოგადოების თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ჩხენკელმა წარმოთქვა, შემდეგ კი საზოგადოება მხურვალე ტაშით შეხვდა პირველ რექტორს, პეტრე მელიქიშვილს, რომელმაც ქართულ და რუსულ ენებზე ისაუბრა.

 

უნივერსიტეტში 369 სტუდენტი, 89 თავისუფალი მსმენელი, 7 პროფესორი, 5 მოადგილე, 2 მეცნიერ-ხელმძღვანელი და 3 ლექტორი ირიცხებოდა. ეს დღე ზეიმად იქცა მთელ საქართველოში.

 

პეტრე მელიქიშვილი რექტორის მოვალეობას ოცი თვე ასრულებდა და 1919 წლის 12 ოქტომბერს გათავისუფლება ითხოვა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მას ხელფასი არასოდეს აუღია. სიცოცხლის ბოლომდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის ხელმძღვანელი, მისი თაოსნობით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ოთხ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგრონომიული ქიმიის კათედრები.

 

პეტრე მელიქიშვილის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის - წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. დიდი ამაგი დასდო ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას. ის იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სახელობის პრემიები დაწესდა.

 

პეტრე მელიქიშვილი 1927 წელს გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...