მდა Posted December 7, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2008 ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933) http://i060.radikal.ru/0812/40/4a4024037fd4.jpg კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი. ზაქარია ფალიაშვილი ქუთაისში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის, ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში. ზაქარია სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრას, მღეროდა ჯერ ადგილობრივი ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი - თბილისში, ლ. აღნიაშვილის გუნდში. 1891 წლიდან ის თბილისის სამუსიკო სასწავლებელში ვალტორნაზე დაკვრას სწავლობდა, 1895-99 წლებში თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა ნ. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1896 წლიდან ზაქარიამ დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების შეგროვება და დამუშავება, შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები. უმაღლესი განათლება მან მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო ს. ტანეევის ხელმძღვანელობით (1900-03). აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს. 1903 წელს ფალიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ შემოქმედებით, პედაგოგიურ და საშემსრულებლო (იყო ორგანისტი და დირიჟორი) საქმიანობას. ის მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში, მონაწილეობდა "ქართული ფილარმონიული საზოგადოების" დაფუძნებაში (1905), დააარსა გუნდი და ორკესტრი, სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას. ზაქარია იყო ასევე აქტიური წევრი "ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა", დირიჟორობდა სპექტაკლებს. 1905 წელს მოსკოვში გამოვიდა ფალიაშვილის პირველი რომანსები "ახალ აღნაგო სულო", "ნანა, შვილო" (მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილისადმი). ამავე პერიოდს ეკუთვნის აგრეთვე "მრავალჟამიერი", "ქართული ლიტურგია". ფალიაშვილს არ შეუწყვეტია სიმღერების შეკრება-დამუშავება. მან შეაგროვა დაახლოებით 300 სიმღერა, გამოსცა ორი კრებული: "40 ქართული ხალხური სიმღერა" და "8 ქართული ხალხური სიმღერა". 1910 წელს ფალიაშვილმა დაიწყო მუშაობა ოპერაზე "აბესალომ და ეთერი", რომლის ნაწყვეტებიც 1913 წელს შესრულდა, 1919 წლის 21 თებერვალს კი მისი დირიჟორობით შედგა ამ ოპერის პრემიერა. ფალიაშვილი განაგრძობდა აქტიურ საზოგადოებრივ-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1919 წლიდან ის იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი, შექმნა ოპერები: "დაისი" (1923) და "ლატავრა" (1927), ასევე "საზეიმო კანტატა" (1927) და სხვა. ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.