Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ასი ათასი დიდმოწამე (1226 წელი)

 

http://s50.radikal.ru/i128/0812/da/99c7aff4547a.jpg

 

ჯალალ ად-დინის მიერ თბილისის აღებისას დაღუპული, წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეწირული ქალაქის მცხოვრებნი, რომელთა ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული მტერმა მდინარე მტკვარს გაატანა. იმ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა.

 

მონღოლებისგან დევნილი ჯალალ ად-დინი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მოადგა და საქართველოს ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს შეუთვალა: "აწ მნებავს, რათა შევერთნეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს). რომელ მეფე თქუენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოჴრდეს სამეფო თქუენი". საქართველოს სამეფო კარმა უარყო ჯალალ ად-დინის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მაშინ მტრის ლაშქარმა დვინი აიღო და თბილისისკენ დაიძრა. ბრძოლის პირველ დღეს "ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა", დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და ხვარაზმელები თბილისში შემოუშვეს. მტერი სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მცხოვრებლებს. ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო. ჯალალ ად-დინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი "ბილწი საჯდომლის" დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალ ად-დინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან ხატები გამოიტანეს, ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს "დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა". ვინც ამას არ აღასრულებდა, "წარკუეთა თავთა" ელოდა. ქალაქის მცხოვრებთაგან იმ დღეს ბევრმა დაიდგა თავზე წამებულის გვირგვინი და უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე, მათ რწმენის უარყოფას სიკვდილი არჩიეს. დღეს, თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შენდება ასი ათასი დიდმოწამის სახელობის ეკლესია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...