planeta.ge Posted January 12, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2022 საქართველოს პროდასავლურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც უნდა აწარმოონ კოორდინირებული და მჭიდრო მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად, - ამის შესახებ საუბარია პარტია "დროას" განცხადებაში, რომლითაც პარტია საქართველოში -აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება: " გუშინ, 11 იანვარს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველ ხალხს მიმართა. რუსეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ფონზე, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფალი ნებისა და დემოკრატიული არჩევანის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა. ელჩის მიმართვამ ასევე ცხადყო, რომ: აშშ არ აპირებს რუსეთთან თავისი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ბედით ვაჭრობას; ვაშინგტონი არ გადაწყვეტს არაფერს საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე;შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო კონსულტაციებს, რათა საქართველო არ გახდეს მსხვერპლი რუსეთის სურვილისა, აღიდგინოს ექსკლუზიური დომინაციისა და კონტროლის სფერო აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაზე;აშშ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გარდა, საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს მუდმივ რუსულ დეზინფორმაციასა და ისტორიის დამახინჯებას, რაც ხალხს აბნევს და საზოგადოებას ყოფს; აღსანიშნავია, რომ კელი დეგნანის მიმართვას წინ უძღოდა 10 იანვარს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ქალაქ ჟენევაში, რომლის განმავლობაშიც აშშ-ის უკომპრომისო პოზიციამ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აიძულა რუსეთი, რიტორიკა შეერბილებინა და განეცხადებინა, რომ იგი უკრაინის დაპყრობას არ გეგმავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად და განვითარების უზრუნველსაყოფად, რამაც დიდწილად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც კი. თუმცა, დღეს ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერამ დასავლეთისთვის თვისობრივად უფრო ღრმა დატვირთვაც შეიძინა: ნატოს ქვეყნები ახლა, როგორც არასდროს, აცნობიერებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა და რომ იგი პირდაპირ დაკავშირებულია მთელი ევროპის უსაფრთხოებასთანაც. ქართველი ხალხი თავისი გეოგრაფიული სპეციფიკის მიუხედავად, ათწლეულების განმავლობაში ცდილობს, დაანახოს დასავლეთს, თუ რატომ არის რუსეთისაგან ევროპის მომავალი უსაფრთხოების გარანტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პრიორიტეტი გახდა რუსეთის არგაღიზიანება დასავლეთში საქართველოს ინტერესების ნაკლები ლობირების ხარჯზე, რამაც გამოიწვია ის, რომ იქ, სადაც ისმის უკრაინა, აღარ ისმის საქართველო, ანუ დაზიანდა საქართველოს უსაფრთხოების ავტომატური ბმა ევროპის უსაფრთხოებასთან. თუმცა ელჩი დეგნანის მიმართვა ნიშნავს, რომ საქართველო ჯერაც მოიაზრება ნატოსა და ევროკავშირის შემდგომი გაფართოებების ტალღაში. ამავეს მოწმობს ამერიკელი სენატორების ნაწილის მხრიდან გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ წერილობითი მიმართვა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინასთან ერთად, აშშ-მ ხაზი უნდა გაუსვას საქართველოს საკითხსაც. ელჩის მიმართვა და ზოგადად ევროპაში მიმდინარე მოვლენები განუყოფელია დასავლეთის ახალი დღის წესრიგისაგან, რომელიც დემოკრატიებად და ავტორიტარულ სახელმწიფოებად მსოფლიოს ასე ცხადად ცივი ომის შემდეგ პირველად ყოფს. დემოკრატიზაცია და დასავლეთისაგან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან, მაგრამ ელჩი დეგნანის განცხადება და აშშ-ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ დასავლეთი თავიანთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებას ამიერიდან განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება. „დროა“ მიიჩნევს, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს სულ უფრო რეალისტური შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდროს თავისი ისტორიული ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში. თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი ნებისა და უნარების მქონე სამთავრობო გუნდიც. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სულ უფრო დაუფარავად დისტანცირდება დასავლეთისგან, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის უახლესი ისტორიის რუსულ ნარატივს სთავაზობს (მაგალითად ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობისა და აგვისტოს ომში საქართველოს ბრალეულობის შესახებ) და შესაბამისად, ნებსით თუ უნებლიეთ, ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. პარტია „დროა“ არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საქართველოს ევროპული კუთვნილებისა და ქვეყნის დეოკუპაციის ერთგული ძალა. სწორედ ასეთ ძალას ითხოვს და იმსახურებს ქართველი ხალხი და სწორედ ასეთი ძალა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს უფრო ღირსეული და დაცული მომავალი. 5 იანვრის განცხადებით პარტია „დროამ“ ასევე აიღო ინიციატივა პროცესისა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პროდასავლურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც უნდა აწარმოონ კოორდინირებული და მჭიდრო მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ქართველი ხალხის ხმის მისაწვდენად. პარტია „დროა“ მადლობას უხდის ელჩ დეგნანს, აშშ-ის მთავრობას, თითოეულ მოკავშირესა და ამერიკელ და ევროპელ ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts