Jump to content
Planeta.Ge

გია ყარყარაშვილის სკანდალური დასკვნა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით


Recommended Posts

შინდისის ტრაგედია

 

11 აგვისტოს, გამთენიისთვის, ვინაიდან ცხინვალიდან გორამდე არანაირი თავდაცვითი და წინაღობითი ზღუდე არ არსებობდა, ოპერატიული შტაბის დავალებები აქამდე თუ ბრძანების ფორმით სრულდებოდა, უკვე ბრიგადის და ბატალიონების ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავდა პირად შემადგენლობას, - ვისაც სურვილი აქვს წამოვიდეს, რათა ფხვენისთან თავდაცვის ზღუდეზე აგრესორის შესაკავებლად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოსო. სამწუხაროდ, მსურველთა რაოდენობა არც ერთ ბატალიონში 30-50 სამხედრო მოსამსახურეს აღარ აღემატებოდა. მე-4 ბრიგადაში მაინც აღმოჩნდა 100 ან 120 ოფიცერი და რიგითი მებრძოლი, რომელიც მზად იყო ბოლომდე ებრძოლა. იგივე მდგომარეობა იყო მე-3 ბრიგადაშიც, რომელიც ძევერასთან იმყოფებოდა.

 

მარცხენა ფლანგზე ტყვიავი-ქსუისის მიმართულებით პირველი ბრიგადის ბატალიონი შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიარაღებულ ბრძოლაში ჩართვა ვერც კი მოასწრეს, ქსუისთან დაბომბვაში მოყოლის შემდეგ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.

 

გავიხსენოთ მე-2 ბრიგადის საშტაბო ასეული, რომელიც 10 აგვისტოს დილით ხეთაგუროვო-ტბეთის მიმართულებიდან გამოიყვანეს და დასასვენებლად სოფელ ყელქცეულში დაბანაკდა. საშტაბო ასეულმა 11 აგვისტოს ღამე სწორედ იქ გაათენა. კავშირისა და მართვის არარსებობის გამო ამ ასეულმა მოწინააღმდეგის გადაადგილების შესახებ არაფერი იცოდა. არადა, მტერი 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან ნიქოზიდან სალთანის სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიიდან ტანკებით ვარიანისკენ მოემართებოდა. ასეულმა არც ის იცოდა, რომ მე-4 ბრიგადის დარჩენილმა მცირე ჯგუფებმა ფხვენისიდან უკან დაიხიეს. საბედისწეროდ, საშტაბო ასეული 11:00 საათისთვის ყელქცეულიდან გორისკენ მშვიდად მოემართებოდა. მათ მოწინააღმდეგის ტანკები ქართული სატანკო ბატალიონის კუთვნილებად ჩათვალეს და გორისკენ სვლა გააგრძელეს. სწორედ შინდისთან მოხდა მოწინააღმდეგის ტანკების მიერ საშტაბო ასეული კოლონის განადგურება. დაიღუპა 15-მდე სამხედრო მოსამსახურე. მოწინააღმდეგემ საშტაბო ასეულის 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ააფეთქა. ყველაზე დიდი მსხვერპლი მე-2 ბრიგადამ სწორედ შინდისთან განიცადა. დაჭრილებმა თავი სოფელ შინდისში ერთ-ერთ სახლს შეაფარეს.

 

ერთადერთი, რომელიც კვლავ აგრძელებდა ბრძოლას, იყო ქართული არტილერია. სავარაუდოდ, რუსული კოლონა, რომელიც ცხინვალის სამხრეთით, ზემო ნიქოზისკენ მოემართებოდა, 11:00-იდან 12:00 საათამდე არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა.

 

რუსული ინტერნეტსაიტებიდან მოწინააღმდეგის დანაკარგიც გახდა ცნობილი: 1 ტანკი "ტ-72", 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა და ერთი "ურალის" ტიპის სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 9 სამხედრო მოსამსახურე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მოწინააღმდეგე

 

დილიდანვე რუსულმა ნაწილებმა სამხრეთისკენ სამი მიმართულებით სვლა დაიწყეს. შუადღისათვის გავიდნენ და დაიკავეს ვარიანის, შინდისისა და კარალეთის მისადგომები. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალიდან გორის ტრასამდე ქართველი სამხედროების წინააღმდეგობის გარეშე სრულად მოახდინეს ქართული სოფლების ოკუპირება, მაინც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული დამატებითი საბრძოლო ნაწილების გადმოსროლა. ეს ეჭვს იწვევდა, რომ ახალი დაჯგუფებები თბილისის ოკუპაციისთვის მზადდებოდა.

 

დილიდან შუადღემდე ჰაერში მოწინააღმდეგის შვეულმფრენები და თვითმფრინავები დაფრინავდნენ, უშიშროების საბჭოს სრულიად დაკარგული ჰქონდა რეალობის აღქმის უნარი და ყველგან რუსული ტანკები ელანდებოდა.

 

11 აგვისტოს 11:57 საათზე კახა ლომაია აკეთებს განცხადებას: "რუსები 50 ტანკით გორში შევიდნენ, მათ უკან კაზაკები და ოსი ბანდფორმირებები მოჰყვებიან". არადა, რუსებმა გორი მხოლოდ 12 აგვისტოს, საღამოს დაიკავეს.

 

13:00 საათისათვის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ელიტა სრულიად ტოვებს გორის გამგეობისა და მედიაცენტრის შენობებს.

 

11 აგვისტოს 16:00 საათზე გორში მთავარი შტაბი იღებს ბრძანებას საბრძოლო პოზიციების დატოვებისა და უკან დახევის შესახებ. 16:05 საათზე იწყება გორის ქაოსური დატოვება. გორის, უფლისციხის, იგოეთისა და კასპის ვიწრო გზებზე უზარმაზარი კოლონები დისლოკაციის ადგილებისკენ მიემართებიან. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა გორის საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიას ტოვებს. გორის სამხედრო ბაზებზე დარჩა ათეულობით ტანკი და სხვა საბრძოლო მასალა, ტექნიკა. შეიარაღებულმა ძალებმა სკრასა და უფლისციხეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებიც ხელუხლებლად დატოვეს.

 

შინდისი-ვარიანის მიმართულებაზე სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლები დარჩნენ. მათ შორის იყვნენ დაჭრილები, რომელთა გამოყვანაც მხოლოდ 14 აგვისტოს მოხერხდა. შინდისის გზაზე სენაკის მე-2 ბრიგადის მებრძოლთა ცხედრებიც მიტოვებული იყო.

 

რუსული კოლონები აფხაზეთის მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდნენ ზუგდიდში. ისინი 17:27 საათზე სენაკის ბაზაზეც შემოვიდნენ.

 

პარალელურად, 19:30 საათზე ზუგდიდიდან რუსული ტაქტიკური დაჯგუფება ჭუბერისაკენ გაემართა. კოდორის ხეობა ალყაში აღმოჩნდა.

 

21:00 საათისათვის მცხეთიდან დიღმის შესასვლელამდე იჭიმება 20 კმ-იანი ქართული სამხედრო კოლონა. ამავდროულად, თბილისში ვრცელდება ისტერიული ჭორი რუსული სამხედრო ძალების მცხეთასთან მოდგომის შესახებ. ხელისუფლების ერთი ნაწილი ოჯახიანად ტოვებს თბილისს და წითელი ხიდის მიმართულებით გარბის. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მატერიალურ-ტექნიკური კუთხით კატასტროფული დანაკარგები განიცადეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მოვალთ და შეგამოწმებთ"

 

12 აგვისტოს საღამოს, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს ზუგდიდი, სენაკი, ფოთი, კოდორის ხეობა.

 

მოგვიანებით, ოსურმა მხარემ ცხინვალში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცებისა და დიდი ლიახვის ხეობაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შურისძიება დაიწყო. 11 აგვისტოს მარტო სოფელ აჩაბეთში 8 მშვიდობიანი მოხუცი დახვრიტეს საკუთარ სახლებში. მთლიანად დიდი ლიახვის ხეობაში 20-მდე მოხუცი და ერთი ფსიქიკურად დაავადებული ახალგაზრდა დახვრიტეს. შემიძლია გვარების დასახელებაც და მაქვს ინფორმაცია დასაფლავებულთა ადგილების შესახებ. დახვრეტით უსწორდებოდნენ ცხინვალის ციხესა და იზოლატორში მოხვედრილ ტანკისტებს, მეტყვიამფრქვევეებს და რეზერვისტებს. მათ კი, ვისაც ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდათ, შედარებით ჰუმანურად ექცეოდნენ. ტყვეების გადმოცემით, ქალაქ ცხინვალის მერი, იზოლატორის უფროსი ვინმე ტელმანი შედარებით "კეთილგანწყობილად" იქცეოდა.

 

ასე დასრულდა აგვისტოს ომი და ასე ტრაგიკულად დასამარდა პოლიტიკოსთა მიერ შეთხზული მითი საქართველოს სამხედრო ძლიერებაზე.

 

ბრძოლის ველზე დავტოვეთ დაღუპულ თანამებრძოლთა ცხედრები, საბრძოლო შეიარაღება და ტექნიკა, საკუთარი პატივი და ღირსება. მოგვიანებით, მტერმა გორიდან გასვლის შემდეგ ქალაქის საარტილერიო ბაზის კედლებზე გაკეთებული სამარცხვინო წარწერა დაგვიტოვა: "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ"...

 

პ.ს. 11 აგვისტოს აღწერა იბეჭდება შემოკლებით, არ გამოქვეყნებულა მასალები, თუ როგორ ექცეოდნენ ცხინვალის ციხეში პატიმრებს, ვინ როგორ ახორციელებდა წამებისა და სისასტიკის ფაქტებს, როგორ ხვრეტდნენ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კოდორის ხეობაში ომის წინა პერიოდში, ომის მსვლელობისას და როგორ მოხდა მისი ჩაბარება, რა შეცდომები იქნა დაშვებული სტრატეგიულ-ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. ეს და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო ფაქტი თუ მოსაზრება უახლოეს ხანში ბროშურის სახით გამოქვეყნდება.

 

ბრძოლებში დაიღუპა ჩემი ძველი მეგობრის და თანამებრძოლის, ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკ რეზო დოლიძის შვილი, 41-ე ბატალიონის მეთაური შალვა დოლიძე. ასევე დაიღუპა მე-4 სპეცდანიშნულების ბატალიონის ჯარისკაცი, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გელა მებაღიშვილი, რომელიც 1991 წელს ჩემი მეთაურობის ქვეშ იმყოფებოდა. მწუხარებას გამოვთქვამ აგვისტოს ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების მიმართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...