Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ ბაკურიანისძე (XI საუკუნე)


Recommended Posts

გრიგოლ ბაკურიანისძე (XI საუკუნე)

 

პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ კი დასავლეთის დომესტიკოსი, სევასტოსი.

 

ბიზანტიის სახელმწიფოებრივ ასპარეზზე დაწინაურებული ქართველი დიდებული, ტაოელი ერისთავთ ერისთავის, ბაკურიანის შვილი იყო, სავარაუდოდ, ბაგრატიონთა გვარიდან. მისი სამშობლო - იმიერ ტაო, დავით III დიდი კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა. მამა ადრე გარდაეცვალა, მაგრამ ენერგიულმა ახალგაზრდამ ძალ-ღონე არ დაიშურა და თვითონ გაიკვალა გზა ცხოვრებაში, საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა და ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციების ჯარების მთავარსარდლის საპატიო პოსტი დაიკავა. სხვადასხვა დროს მსახურობდა საქართველოში, სირიაში, სომხეთში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუ-ქალაქის) გამგებელი. ალფ-არსლანის შემოსევების დროს (1064) ანისის დაცვას ხელმძღვანელობდა.

 

ბიზანტიის დაწინაურებულ მოხელესა და მხედართუფროსს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. საქართველოს მეფეს, გიორგი II-ს გადასცა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მისი ხელშეწყობით 1081 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გადატრიალება მოხდა, ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტზე ალექსი კომნენოსი ავიდა. გრიგოლის მამულები გაბნეული იყო იმპერიის სხვადასხვა მხარეში და სრული საგადასახადო იმუნიტეტი ჰქონდა მინიჭებული.

 

გრიგოლ ბაკურიანისძეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთში ყოფნის დროს უნდოდა მონასტრის აგება, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდაზმულმა მოახერხა. 1083 წელს პეტრიწონში (ბულგარეთში) დააარსა ქართველთა მონასტერი. სამონასტრო კომპლექსს გრიგოლმა და მისმა ძმამ, აბაზმა, შესწირეს სოფლები, ციხეები, სახნავ-სათესი ადგილები, ტყეები, საეკლესიო ნივთები, აუშენეს სასნეულო, სასტუმროები. გრიგოლმა მონასტერს შეუდგინა "ტიპიკონი" ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. ჩვენამდე მოაღწია XIII საუკუნეში გადაწერილმა "ტიპიკონის" ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა.

 

გრიგოლ ბაკურიანის ძე პაჭანიკებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალულია პეტრიწონის მონასტრის საძვალეში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...