Jump to content
Planeta.Ge

მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880)


Recommended Posts

მარი ფელისიტე ბროსე (1802-1880)

 

http://s42.radikal.ru/i096/0902/fa/78d19d6ea0d9.jpg

 

ორიენტალისტი და ქართველოლოგი.

 

დაიბადა პარიზში, ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ისმენდა ლექციებს კოლეჟ დე ფრანსში. სწავლობდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ ხელი მოჰკიდა ქართულსა და სომხურს. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს მიწერ-მოწერით ეხმარებოდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი.

 

1838 წელს მარი ბროსე აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. აკადემიასა და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოსა და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა. ფრანგულად თარგმნა და შვიდ ტომად გამოსცა "ქართლის ცხოვრება", ვახუშტის "ისტორიის" გეოგრაფიის ნაწილი, სხვა ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ. 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი.

 

დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეშიც. წამოაყენა ვარაუდი, რომ ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ინდოირანულ შტოს ეკუთვნის. მან პირველმა განიხილა ქართული ენის ნათესაობის საკითხი არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა შეპირისპირების გზით, არამედ გრამატიკული სტრუქტურითაც. არაერთი ნარკვევი უძღვნა "ვეფხისტყაოსანს", "რუსუდანიანს", "ომანიანს". ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალავანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი".

 

ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომელშიც მოიპოვება ცნობები საქართველოს შესახებ. ბროსეს სახელთან არის დაკავშირებული მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...