Jump to content
Planeta.Ge

ელიტური კორუფციის სახე შიდა ქართლში


Recommended Posts

შიდა ქართლის მედია-მაგნატმა ბადრი ნანეტაშვილმა საკუთარი ტელეკომპანიის ეთერის მეშვეობით, გორში მოქმედი არასამათავრობო სექტორი (14 ორგანიზაცია) გუბერნატორის მხარდამჭერ ორგანიზაციებად მონათლა. ნანეტაშვილის წარმომადგენლების თქმით, გორში მოქმედი მესამე სექტორი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, რაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მიმართ ხელისუფლების ზეწოლის გაძლიერებას უწყობს ხელს. ,,ქართლის ხმა”-მ 2010 წელს, მოიძია დოკუმენტური მასალები იმისა, თუ როგორ გადაირიცხა ბიუჯეტის თანხები ბადრი ნანეტაშვილის პირად და მის კუთვნილ ტელეკომპანიის ანგარიშებზე იმ დროს, როდესაც თავად ვიცე-გუბერნატორის პოსტს ფლობდა და გუბერნიის ინტერესებს იცავდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი შეშფოთებულები არიან ბოლო დროს ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მიერ გამოთქმული ბრალდებებით და მიაჩნიათ, რომ მათ ეთერში გასული სიუჟეტები ტენდენციურია. შესაბამისი რეაგირებისთვის ეთიკის ქარტიას წერილობით უახლოეს ხანებში მიმართავენ.

,,ქართლის ხმა”-მ 2010 წლის მაისში მოიძია დოკუმენტები იმისა, თუ რა ფორმით იცავდა შიდა ქართლის გუბერნია ბადრი ნანეტაშვილის ,,ინტერესებს” 2008-2010 წლებში, მაშინ როდესაც ვიცე-გუბერნატორის პოსტი ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლბელს ბადრი ნანეტაშვილს ეკუთვნოდა.

ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის პოსტზე 2008 წლის 16 აპრილს, შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა #38 განკარგულების საფუძველზე დანიშნა. ,,ქართლის ხმა”-ს 2008 წლის აპრილის თვეში ვარძელაშვილმა განუცხადა, რომ ნანეტაშვილი კვლავ პარლამენტარობას ითხოვდა. ეს თავად ვარძელაშვილმა ოფიციალურ ინტერვიუში დაგვიდასტურა, რომლის აუდიო ჩანაწერი ,,ქართლის ხმის” რედაქციაში დღემდე ინახება. ნანეტაშვილის ხელფასი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე 2 250 ლარით განისაზღვრა.

 

2008 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში ნანეტაშვილს აღნიშნული აქვს, რომ თი-ბი-სი ბანკის საბარათო ანგარიშზე 2 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება ნაღდ ფულს, მას ჯიბეში 20 000 (ოცი ათასი )დოლარი ედო, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს – მის მეუღლეს ნინო გაგნიძეს 25 000 დოლარი, ცოლის მამიდას ციალა გაგნიძეს 14 000 ლარი, ხოლო სიდედრს – ნაზი თურმანიძეს 8 000 ლარი ჰქონდათ ნაღდი ფულის სახით.

2009 წელს შევსებულ დეკლარაციაში (2009 წლის აპრილის მონაცემები) აღნიშნულია, რომ საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე 2 000 ლარი ედო, ხოლო თიბისი ბანკის საბარათე ანგარიშზე – 200 ლარი. რაც შეეხება ნაღდ ფულს, ხელზე ჰქონდა 25 000 დოლარი, დანარჩენი 25 ათასი დოლარი და ცალკე 25 ათასი ლარი – ცოლზე, ცოლის მამიდაზე და სიდედრზე ჰქონდა გაფორმებული. ბადრი ნანეტაშვილმა 2010 წლის დეკლარაციის შევსება კი ვეღარ მოასწრო. ასევე შეგახსენებთ, ნანეტაშვილი 2004-2006 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობის სიით. ის 2006 წლის 21 ივნისს პარლამენტიდან დაითხოვეს, რადგან მის წინააღმდეგ საჩივრები ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა აღძრეს.

ნანეტაშვილი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2008 წლის 16 აპრილიდან 2010 წლის 1 მარტამდე იკავებდა და ფაქტობრივად 22 თვე იმუშავა. (ხელფასიდან სულ შემოსავალი 49 500 ლარი მიიღო).

ბადრი ნანეტაშვილი ამავე დროს სარგებლობდა ყველა იმ დანამატით და პრემიით, რომელსაც მაშინდელი გუბერნატორი თანამშრომლებზე იმეტებდა.

რაც შეეხება ხელისუფლებისადმი მსახურებას, ბადრი ნანეტაშვილი ,,ნაცინალური მოძრაობის” მმართველობის თითქმის 8 წლიან მონაკვეთში (2003-2011) ჯამში 6 წელი ,,ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურა სხვა და სხვა სახით, იყო პარლამენტარი, შემდეგ გუბერნატორის მოადგილე.

2008 წლის 18 აპრილს ვლადიმერ ვარძელაშვილმა #40 განკარგულებით ბადრი ნანეტაშვილს შემდეგი უფლებამოსილებანი მიანიჭა: ,,მიენიჭოს უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევებში, ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტაციაზე (გარდა საფინანსო დოკუმენტაციისა) ხელმოწერაზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს ბადრი ნანეტაშვილს.” ეს ის პერიოდია, როდესაც საარჩევნოდ გუბერნიის პირველი პირები შვებულებაში გავიდნენ და მართვის ორგანოები ნანეტაშვილს ჩააბარებს. არჩევნების გასვლის შემდეგ (31 მაისი) ყველა თანამდებობას დაუბრუნდა.

იმავე 18 აპრილს ბადრი ნანეტაშვილის საკუთარი ტელეფონის ნომერი (899 10 13 31) აყვანილ იქნა სახელმწიფო ბალანსზე და ამ ნომერზე სააბონენტო ლიმიტი, ბიუჯეტის ხარჯზე, თვეში 80 ლარად განისაზღვრა.

2008 წლის 14 ნოემბერს ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #95 განკარგულებით, აიღო პრემია 2 300 ლარი. პრემიის საფუძველი – ,,გიორგობის დღესასწაული” გახდა. ფაქტობრივად, 2008 წლის შემოსავალი ბადრი ნანეტაშვილისა იყო 8 თვის ხელფასს (18 000) პლუს პრემია (2 300), რაც ჯამში გამოვიდა 20 300 ლარი(მხოლოდ 2008 წელი). ამ დროს უკვე შიდა ქართლში აგვისტოს მოვლენები მომხდარია და ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს.

 

2009 წელი

2009 წელი ბადრი ნანეტაშვილისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ქონების ირგვლივ გარკვეული ცვლილებები და ამაზე ცალკე მოკვლევას შემოგთავაზებთ.

საჯარო რეესტისვე ამონაწერით, ვგებულობთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი ოფიციალურად ხდება მესაკუთრე ბინისა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქ. 12-ში და რომელსაც აშენებს ამხანაგობა ,,ნუცუბიძე 12″. აღნიშნული ბინის ფართობია 108 კვ.მე. დეკლარაციებში ეს ბინა 220 000 ლარადაა შეფასებული.

2009 წლის 23 თებერვალს (ე.წ. კაცების დღეს ანუ საბჭოთა არმიის დღეს) ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #21 განკარგულებით, აიღო პრემია 2 250 ლარის ოდენობით. ვარძელაშვილმა პრემიების გაცემის საფუძვლად ქალთა დღეები (3 მარტი და 8 მარტი) დაუდო. მომდევნო პრემია ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წლის 12 ივნისის განკარგულების საფუძველზე 2 250 ლარი აიღო. ამჯერად, პრემიის გაცემის საფუძველი არ არსებობს.

2009 წლის ზაფხულში ბადრი ნანეტაშვილმა კიდევ ერთი – ,,მარიამობის სადღესასწაულო” – პრემია 2 250 ლარი აიღო.

2009 წელს ვარძელაშვილმა ბადრი ნანეტაშვილს მეოთხედ პრემია ოქტომბრის თვეში მისცა. ამჯერადაც ნანეტაშვილმა ხელფასის ოდენობის პრემია 2 250 ლარი მიიღო. საფუძველი ვარძელაშვილის #61 განარგულებაში არ არის მითითებული.

სამწუხაროდ, ,,ქართლის ხმა”-ს არ მოეპოვება დოკუმენტი ახალი 2010 წლის საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ, თუმცა ამ თარიღის აღმნიშვნელი პრემიის გამოკლებით ბადრი ნანეტაშვილის შემოსავალი 2009 წელს იყო 12 თვის ხელფასი (სულ 27 000 ლარი) პლუს 4-ჯერ აღებული პრემია (სულ 9 000 ლარი). ხელფასისა და პრემიების გაერთიანებით გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წელს ბიუჯეტიდან ისარგებლა 36 000 ლარით.

 

2010 წელი

 

რაც შეეხება 2010 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პრემიების შესახებ ამ წლის იანვარ-თებერვლის დოკუმენტები, თუმცა საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ვფლობთ. რაც შეეხება ხელფასს, ნანეტაშვილმა 2010 წელს მიიღო იანვარ-თებერვლის ხელფასი, სულ 4 500 ლარი. თუკი შევაჯამებთ სამი წლის მონაცემებს, გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის და მისი ინტერესების დაცვაში აიღო: სულ 60 800 ლარი.

რა სარგებლობა მიიღო ,,თრიალეთმა” ნანეტაშვილის გუბერნატორობის პერიოდში?

2009 წლის 1 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთთან“, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი სარეკლამო განცხადებებისა და მორბენალი სტრიქონის განთავსება იყო. ორკვირიანი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ მომსახურებაში 620 ლარი გადაიხადა.

ამის შემდეგ, 2009 წლის 1 ივლისს გორის გამგეობამ საეთერო დრო შეისყიდა და უფრო მეტიც, სპეციალური გადაცემების მომზადება დაიწყო, რომელსაც სახელად ეწოდა: „ხელისუფლება გისმენთ“. ამ გადაცემაში ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მოსახლეობას უყვებოდნენ, რა კეთდება და რა არის გასაკეთებელი. ამავე დროს, საკმაოდ, მწირი იყო ასეთ დროს კრიტიკული სატელეფონო ზარები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პირობას დამკვეთი მხარე კატეგორიულად ითხოვდა. თუმცა, ეს პირობა ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული. 1 ივლისის ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიუტეტის გამგეობა, ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ თვეში 2 000 ლარს იხდიდა. როგორც შემდგომ ვნახავთ, სხვა მუნიციპალიტეტები იგივე საეთერო დროის შესასყიდად ანალოგიურ დამატებით თანხებს იხდიდნენ.

2009 წლის 9 დეკემბერს გამგეობამ განახლებულ ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ „ხელისუფლება გისმენთ“ კიდევ ერთი თვით გავა ეთერში. ამჯერად ეს 4 000 ლარი დაჯდა. 2009 წლის 16 დეკემბერს კი სხვა, ახალ და თანაც ორკვირიან ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 1 იანვრამდე დაფინანსდება 2 000 ლარით. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ გორის გამგეობამ, დეკემბრის თვეში, სულ 6 000 ლარი გადაიხადა იმ პირდაპირი ეთერისთვის, სადაც მათ გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. სულ 2009 წელს ,,თრიალეთმა” გორის გამგეობისგან მიიღო 16 620 ლარი.

2010 წელს გორის გამგეობამ განაახლა საკუთარი გადაცემის დაფინანსება.

მარტის თვეში კი გადაცემასთან ერთად, ხელისუფლებამ სარეკლამო კლიპების გაშვება დაიწყო. ეს თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. მხოლოდ მარტის თვეში (თვითმმართველობის არჩევნების დრო) გორის გამგეობამ სარეკლამო კლიპების გასაშვებად 2 500 ლარი გადაიხადა.

ადგილობრივი ეთერით კი გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 2010 წლის მაისიდან-ივლისამდეც გადიოდა. ამ პერიოდში გამგეობამ 10 000 ლარის მომსახურება შეისყიდა. სულ 2010 წელს 12 500 ლარი.

კასპის მუნიციპალიტეტი

რაც შეეხება სპეციალურ გადაცემას „ხელისუფლება გისმენთ“, მის დაფინანსებაში კასპის გამგეობას მონაწილეობა არ მიუღია.

ქარელის გამგეობა

გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაში თავისი წვლილი ქარელის გამგეობამაც შეიტანა. 2009 წლის 1 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გადაცემაში გამგეობა თვეში 1 000 ლარს იხდის. ეს ხელშეკრულება 6 თვით დაიდო. ეს ის გადაცემაა, რომლის შესყიდვაში გორის გამგეობა თვეში 2 000 ლარს ხარჯავდა.

2009 წლის 15 აპრილს გამგეობამ გადაწყვიტა სხვა სახის საეთერო დროის შესყიდვა სამი თვით, ჯამში 4 500 ლარი გადაიხადა.

2010 წელს 10 თებერვალს ქარელის გამგეობამ საეთერო დროის შესყიდვა გააგრძელა და თებერვლიდან ივლისამდე ამის განხორციელება 4 800 ლარი დაუჯდა.

სულ ქარელის გამგეობას 15 000 ლარი დაუჯდა ,,თრიალეთის” მომსახურება.

ხაშურის მუნიციპალიტეტი

2009 წლის 1 ივლისს ხაშურის გამგეობამ ტელეკომპანია ,,თრიალეთის” გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაც დაიწყო. 6 თვის განმავლობაში ამ გადაცემის ფინანსებს ხაშურის გამგეობა თვეში 1000 ლარს ამატებდა.

2010 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით, ხაშურის გამგეობამ გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსება შეამცირა და თუკი წინა წელს თვეში 1000 ლარს იხდიდა, ამჯერად 875 ლარამდე ჩამოვიდა.

2010 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ 5 თვით ხაშურის გამგეობას საეთერო დრო მიჰყიდა 5 000 ლარად.

ჯამში ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობის პერიოდში ,,თრიალეთმა” ხაშურის გამგეობისგან 11 875 ლარით ისარგებლა.

საბოლოო ჯამში, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისგან მიიღო 50 000 ლარი. ამას დავუმატოთ სამი წლის განმავლობაში მიღებული სარგო და პრემია ერთად. ფაქტობრივად ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობა ბიუჯეტს 110 800 ლარი დაუჯდა

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=9188

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ტერმინზე ელიტური კორუპცია მეცინება, როდესაც პარლამენტში ეროვნოლ დემოკრატი (სახელი არ მახსოვს და გვარი) პატარა ბავშვივით სააკაშვილმა კუთხეში დააყენა ))

მაგრად გაიბანძა თავი. თუ არ ქონდა გამოსვლა მომზადებული და ფაქტებუი ხელში (რაც უამრავია რომ მოეძებნა) რაღას გამოდიოდა? მაგრამ ეტყობა სააკაშვილის პიარის თამაშში ჩაერთო და უბრალოდ თავისი როლი შეასრულა, რომელიც მიუჩინეს.

მეტი ვერაფერი ნახეთ სადაც უზარმაზარ ფულებს ტეხავენ?

აი ბათუმში 6 000 000 დოლარი ისე მოტეხეს პიაჩენცას ყიდვისას, ვითომც არაფერი.

ქალაქის მერი გამოდის და ვინ იყიდა არ ვიციო, რაში მაინტერესებსო, ფული ხო გადაიხადესო?

ეტყობა სააკაშვილის ეკონომიური "წარმატებების" ნაწილი იყო, 17 მილიონად აშენებული პიაჩენცა 11 მილიონად რომ გაყიდეს. და თან არ აინტერესებთ რომ კითხოთ ვინ იყიდა. მთავარია ბათუმს ხომ უხდებაო?

კი იმასაც მოუხდება ვინც ეგ იყიდა 6 000 000 ეკონომია ))) აი ეგ ასეთი განიავება ბათუმის ბიუჯეტს თუ მოუხდება და როგორ, ის თქვით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ გარი ლუჩანსკი "ზის" ბათუმში და ნელსონი, ბათუმში კორუპციის მაშტაბებს ვერც კი წარმოვიდგენთ!

 

ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვა კორუფციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ და ვიცოდეთ.

"თრიალეთის" ბიუჯეტიდან წაღებული თანხები სეუფარდეთ ეხლანდელ მაგათ "ოპოზიციონერობას" და მიხვდებით, რომ ეს აქტუალური სტატიაა (თანხების მიუხედავათ)!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჯარო რეესტისვე ამონაწერით, ვგებულობთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი ოფიციალურად ხდება მესაკუთრე ბინისა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქ. 12-ში და რომელსაც აშენებს ამხანაგობა ,,ნუცუბიძე 12″. აღნიშნული ბინის ფართობია 108 კვ.მე. დეკლარაციებში ეს ბინა 220 000 ლარადაა შეფასებული.

2009 წლის 23 თებერვალს (ე.წ. კაცების დღეს ანუ საბჭოთა არმიის დღეს) ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #21 განკარგულებით, აიღო პრემია 2 250 ლარის ოდენობით. ვარძელაშვილმა პრემიების გაცემის საფუძვლად ქალთა დღეები (3 მარტი და 8 მარტი) დაუდო.

 

 

:P :P :P :P :P :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...