Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოდერებს ვთხოვ ეს თემა არ გადაიტანონ პოლიტიკის განყოფილებიდან. ასევე ფორუმელებს ვთხოვ წაიკითხონ ეს პოემა, განსაკუთრებით იბერო კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგეებს ვთხოვ ყურადღებით წაიკითხონ.

 

 

 

 

 

 

 

 

იჩქერია

 

(ისტორიულ-პუბლიცისტური პოემა)

 

"თარგამოს შვა რვანი გმირნი: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს,

მოვაკანოს, ლეკანოს, ჰეროს, კავკასოს, ეგროს... ხოლო

პირველვე განთავისუფლებისა თარგამოს განუყო რა

ძეთა თვისთა, ესენი არიან წილნი მათ რვათა ძმათა

ქუეყანანი და საზღვარნი ხვედრთა მათთანი... ხოლო

კავკასის წილ არს კავკასიის მთის ჩრდილოდ კერძი, ლე-

კანის საზღვრიდამ ვიდრე ზღუადმდე პონტოსი... არამედ

ძეთა შორის კავკასოსათა უწარჩინებულეს იყო პირველად

ძურძუკოს ძე ტინენისა... ჩამოვიდა ესე ძურძუკოს კავ-

კასიასა შინა და ჰპოვა ადგილი ფრიად მაგარი და აღა-

შენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ძურძუკი...

ფარნაოზ... მოიყვანა ქალი ძურძუკით და შეირთო ცოლად."

 

ვახუშტი ბატონიშვილი

"აღწერა სამეფოსა საქართველოსა"

 

"ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,

კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთ ფიქრსა ჰფიქრობს, -

და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!

დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!"

 

ილია ჭავჭავაძე "ქართვლის დედა"

 

 

უხსოვარ დროთა ღრმა ანალებში,

როგორც სამყარო ბავშვის თვალებში,

როგორც რიჟრაჟში ცისკრის ნათება,

სჩანს თარგამოსის წმინდა ხატება.

ხატება მამის პირველშობილის,

მხნედ შეჭურვილის და შებრძნობილის,

დიდია იგი და დიადია,

მის სისხლში ნოეს ცეცხლი ანთია,

ის იაფეტის და ავანანის

თესლთა თესლია, ნამი მმანანის,

ის თრაშის ძეა და ნასხლეტს რვალის,

გარს ეხვევიან შვილები რვანი:

ჰაოს და ქართლოს, ეგროს და ბარდოს,

კავკასოს, ჰეროს, მოვაკ, ლეკანოს.

და ეს რვა გმირი, რვა შუბოსანი,

რვა ძმაა ერთი სიბრძნის მმოსავი,

რომ მარადისით ჰგიებდნენ ძმობით,

რიცხვდაუთვლელით მიერჟამ წლობით.

 

და ძმათა რვათა მი-მოსაუფლოდ,

სასიყვარულოდ და სასაუბროდ,

სრულად გარემო სივრცე-ალაგებს,

მამა შვილებში განყოფს, განაგებს.

და წილნი სწორად განუყო რა ძეთ

თარგამოს, - ბრძენნო, მას კაცსა ბაძეთ! -

ერგო კავკასოსს მისად სამყოფად,

შემომტკიცებად და დასაღობად

კავკასიონის არენი ჩრდილო

და ამის შემდეგ მის დაცვას ცდილობს!

 

თვით კავკასოსსაც თვიწილად ესდენ

ძენი, ძისძენი არ-მცირედ ესხდნენ,

მაგრამ უმეტეს წულთა მათ შორის

იყო ძურძუკოს დევ-გმირთა სწორი.

სწორედ მან ბრძენმა და მკლავ-მაგარმა,

მიზანმართალმა და ქარდაქარმა,

ბრძოლით და არა უკანდახევით

აქვეყნა მხარე ვაინახების.

კარგად ახსოვდა მას მუდამ თავის

მეგვარტომობა თესლ-ნათესავის,

ამადაც მზეებრ დაუმზიანდა

ჯიშსა და მოდგმას ქართლოსიანთა,

მათ მიაყრდნობდა ზურგს იმედით და

მტერზე მრავალგზის ის გაბედითდა.

თავად ქართლოსის შვილნი და ძენიც,

არ-დამვიწყებნი პირველი ხსენის,

რაცხდნენ ძურძუკოსს ძმად უღალატოდ, -

ეჰ, ძველი სიბრძნის მტკიცე ხალათო! -

და ასე შეკრულღ და შემტკიცებულთ,

ძირს რომ არ აგდებ სიტყვას მიცემულს,

ვინ ან რა მტერი მოერეოდა,

თუ გზა ავად არ აირეოდა!

და იყო კიდეც უზრუნველობა,

მშვიდობა, შრომა, უშფოთველობა,

ძმობა-ერთობა რაც სამოსია,

კარგად ესმოდათ თარგამოსიანთ!..

 

* * *

 

მახსენებს ომი რუს-ჩეჩენთ შორის

ილია მართლის ბრძნულ ძილისშორისს!..

განკერძოება ჰქვია რუსულად -

თავისუფლებას კავკასის სრულად!..

და ამ ღვთიური მადლისთვის მებრძოლს, -

ერს კავკასიელს, თვითმყოფადს ერთდროს,

თუ დღესაც თავი სურს თვით ეყუდვნოს,

უნდა ეომოს დამპყრობთა ურდოს!

უნდა ეომოს არა თვის ნებით,

არამედ მტერთა ვერაგ მიზნებით,

რადგან ჩრდილოეთს ლუკმა უსხლტება,

თუ აქვს ამ მხარეს თავისუფლება!..

მაგრამ როდემდე, მაგრამ სადამდე?

ნუ გინდა, მტერო, სულ რომ გავთავდეთ!..

ეს მხარე ჩვენი უნჯი მხარეა,

ჩვენ აქ სიკვდილიც კი გვიხარია!..

ამიტომ მაინც ვერ ეღირსები,

მოგვსპო სიკვდილის შავი ისრებით!..

 

აღუმართია ვაინახს დროშა,

აგინებს სულში არეულ დრო-ჟამს,

აგინებს რუსის ხოშსა და ავ-ჟინს

და ძალადობით შეთითხნილ კავშირს.

ხოლო მავანთა მანქურთთა კასტა,

უჩოქებს კავკასს ბოროტთა კაცთა!..

უჩოქებს, უმსხვრევს მამულს მარჯვენას

სკუთარ სკამის გადასარჩენად!

საკუთარ მუცლის ამოსაყორად,

მტერს დადგომია კარის მსახურად!

მაშინ, როდესაც ბატონიშვილი

ჯერ კიდევ როდის, როგორც ღვთისშვილი,

ევლინებოდა მტერს რისხვით შმაგით

და სხვანიც ბევრნი, იგივ ამაგით...

ვით იმერთ მეფე, თუნდაც, სოლომონ,

რომ ჯენჯა ჟამმან უთავბოლომან,

როგორც ილია, ან როგორც ვაჟა,

ყაზბეგი - აზრი ერს რომ უკაჟა

ვით ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი,

მამულის მტერზე ჯაგარაშლილი.

აუზიდიათ თვის დროის დარად,

კავკასის დროშა კვლაცა მედგარად,

როგორც მილიონთ გულების ძგერა

აგერ, ახლახანს ზვიადს და მერაბს!..

 

დღეს კი, დღეს, ოდეს დაგვფარა მტვერმა,

იძალა ოდეს ჩვენზედაც მტერმა,

ოდეს რაინდთა მათთა სულები

გადაიკრიფნენ ზეცას სრულებით,

იმედად მცირედ ისღა გვენუკვის,

ვუჭვრეტთ ოცნებას იქღა სანუკვარს,

სადაც სინათლე ბნელ-ბოროტს ებრძვის,

რომ ამოაგდოს ეკალი ძეძვის!..

 

ქსლისა მბეჭველნო, დაინახევით

სულის სიმაგრე ვაინახების,

კავკასიონის ამაყ შვილების,

ტყვიის ღვარცოფთან მკერდგაშლილების.

ვისაც უდუღებს მტერი სულს, ნებას,

უდუღებს, მაგრამ თავადაც დნება.

უდუღებს ქალაქს, აულს და მაღლობს,

მაგრამ თავადაც იმ ცეცხლში სახლობს!

ვისთანაც ომი მძვინვარებს, მოდის,

აწყდება ჭიუხს, ეხსა და კბოდეს.

მაგრამ ვის წარბსაც ვერ არხევს დენთი,

დამდგარა თითქოს ვისკენაც ღმერთი!

მიუგდეს ომი ვის კარზეც ძალით

და აიზიდა ვინც ვით ბოძალი,

აუღო ვინაც ომს უმალ ალღო

და იქცა ციხედ ვის ერთი ბალღიც!..

 

შეხედეთ, ხალხო, რაოდენია

სისხლი, რაც ჩეჩნებს დღემდე სდენიათ,

საკუთარ მიწის და ერის დამცველთ, -

ისინი, როგორც ქრისტე ჯვარს აცვეს

მრავალგზის რუსმა გიაურებმა, -

ვის ძალუძს ამის მშვიდად ყურება?! -

ყოველ ჭეშმარიტ, გონიერ ქართველს

თანაგრძნობა და პატივი მართებს!..

და არა ისე, როგორც ეს მტრებს სურთ, -

რომ დავერიოთ საჯიჯგნად ერთურთს!..

თუმცა მავანნი მტრებად გვისახვენ

მათ ვაჟკაცურ და მშვენიერ სახეთ,

თუმც ურჯულობით სურთ შეგვაძულონ, -

ვინ არს ურჯულო, ზეცად ასულო,

ის, ვისაც თავის სამშობლო უყვარს,

თუ იგი, ვისაც სულ-გული უყარს?!.

 

ჩვენ მიღმეთიდან საუკუნეთა

ვიყავით ერთნი, ვიყავით ერთად.

ჩვენ ერთი მამის ორი შვილი ვართ

და ეს ოდითგან ვიცით მშვენივრად.

ნუ აქვთ მტრებს, უღვთოთ, ფუჭი იმედი,

რომ რადგამ მათ სწამთ ის, მუჰამედი,

ხოლო ჩვენ ჩვენი ქრისტეს ნათელი,

მტრად მოეკიდოს ჩეჩენს ქართველი!..

 

ჩვენ, კავკასიის მიწაზე შობილთ,

ვინც ზეცას წმინდით ვეხებით შუბლით,

ვინაც წარსულთან არასდროს ვცოდეთ,

დროა, დუშმანნო, ეს თქვენც იცოდეთ:

სადაო არ გვაქვს, ღვთით, არაფერი, -

ჩვენ ვთელავთ ნაბადს თეთრი საფენით!

ვგრძნობთ სიახლოვეს იჩქერიელთა

ივერიელთან, იბერიელთან,

ყაბარდოელთან, ჩერქეზ-ბალყართან,

სოსრუყო ზეზე ვინაც აღმართა,

ფიცხთა ინგუშთა ელვარ ალამთან,

ლეკთან, ავართან - მდგომთ ანდის მთასთან,

სომეხ-აფხაზთან, თათართან დინჯთან,

ყარაჩაელთა უთვალავ ნიჭთან,

ალანიაში მედგარ ალანთან -

ცას მიბჯენილთა მათთა კარავთან,

ადიღეელთან, შაფსუღთან მარდთან

ჩვენ ხელს ვწვდით ძმობით და ალალმართლად,

რადგან ძალიან ბრწყინვალედ გვესმის,

ურთიერთშურის ისარს ვინც გვესვრის.

ვისაც სურს ჩვენი გათიშვით, მტრობით,

ურთიერთშორის სისხლის სმით, თრობით,

სურს და ესწრაფის კრიფოს ვარდები, -

ცალ-ცალკე ყველა მას ჩავბარდებით...

და აღიგვება პირისგან მიწის,

ჩვენი ერთობის მადლი და ნიჭი,

უუმთავრესი ძარღვი და გული, -

თავისუფლების კავკასის სრულის!..

 

ხოლო თარგამოსს სხვა ძენი უვის

და ვინც კი მათთან არასდროს ტყუის,

უზადო ძმობის ხდება მეწილე -

ისინი შენთვის თავსაც შეწირვენ!..

თუმც მას, ავს, რასაც ღალატი ქვია,

განუმზადებენ სასჯელად ტყვიას...

და მოაქვთ ასე, სიცოცხლე ბრძოლით,

მეომრებია შვილით და ცოლით!..

 

მან, ვისაც ქვეყნად მონობა არ სურს,

მიბაძოს შამილს და შეიხ მანსურს,

მიბაძოს ჯოხარს, იმ ყმაწვილ ავლურს

და ნუ მოიწყენს სიკვდილთან დავლურს!..

გაიწრთოს სული, გაწრთოს ძარღვი,

მოკიდოს ხელი ომის სქელ აღვირს,

მოკიდოს ხელი ბაირაღს მყისვე

და ღმერთი ნატვრას მისას შეისმენს!..

აღუდგეს ბოროტს, ვით თქვენ, გმირებო, -

დე გამარჯვება ღმერთმა გინებოთ!..

 

ამა ყოველთა ვარ მიმთითები,

მაგრამ როდესაც მტერზეც ვფიქრდები,

ვერ ვხვდები, რაა ამ ერში ისე

სულს შენივთული და შენამქისე,

რომ მარტოოდენ სხვათა სავნებლად

იქნევენ მახვილს დაუნანებლად,

რომ მუდამ სხვაზე ილესენ კბილებს,

აქციეს ხალხთა ბნელ საბყრობილედ

სამშობლო თვისი, ნაცლად მისა, რომ

ღვთის სამსახური არ დაიზარონ

და არ აღიღონ მახვილნი, რომელ

ავ შურისგებით მათვე ათრობენ!..

მიკვირს და ჯერაც ვერ ვხვდები, ღმერთო,

თითქოსდა განსჯის ნიჭი წამერთო,

რაა ამდენი ბოღმა და ღვარძლი

ამ ერს რომ სამტროდ კვლავ ძალას აძლევს?!.

აბა, რად სურდათ სისხლიან ტბათა

გროზნოს ქუჩებში რომ მოემატა!?

რითი ვერ დაძღნენ გიაურები

ადამიანთა ცოდვის ყურებით!?

რად დაეღვარნენ ჩეჩენთა თემად

ფინდიხად, კვამლად, ნანგრევთა მთებად!?

რად ნაოხარად აქციეს სახლი!?

რად ააყმუვლეს ეზოში ძაღლი!?

რატომ შეიჭრნენ ოჯახში ძალით,

რად ულეჩაქოდ დააგდეს რძალი!?

რადარ შორდებათ მაცილი თავში!?

რად სისხლად სცალეს მოხუცი, ბავშვი!?

ეჰ, იმპერიავ, ცოდვა დიდია,

რაც დღემდე სულის თხემზე გიდვია!

ბოროტო, ოდეს დასამარდები,

შეიმოსები შავი ვარდებით,

შენს შვილებს, სისხლით სახედასერილთ,

დაეხვევიან ეშმაკთ დასები.

მძაფრი იქნება შურისძიება,

არ მოვა იგი ია-იებად!..

 

თვალცრემლიანი შევყურებთ აწმყოს,

იგი ნუგეშად ან ვინ შერაცხოს!?

ის, რასაც ახლა ვხედვთ და გვესმის,

მოთხრაა ჩვენი ჯიშის და ფესვის!

ბრძოლის და ომის, ნგრევის და ძარცვის

(ნუ უკვირს და არ ვაკვირვებთ არცვის)

უმწარეს ნექტრის ჩვენც ვსინჯეთ გემო,

ჯერ კიდევ როდი, ჩეჩენო ჩემო!

ჩვენც თქვენებრ (თვითაც მშვენივრად უწყით)

თავისუფლებას ვარდები ვუწყეთ!

ვისურვეთ ქვეყნის პატრონად ყოფნა,

მაგრამ ბოროტის გულმა და თოფმა

მოგვისპო ყველა ოცნება, აღქმა

და დაიმდუღრა გული ქალაქმა!..

ჩვენ თქვენზე უწინ მოგვადგა რუსი,

შემოგვახვია გლოვის ბურუსი,

მან მოღალატის შხამიან ხელით,

უმალ გვიბოძა მონის სახელი!..

იყო და არის ჩვენშიაც ძალა,

ვინც მტერს არასდროს არ დააცალა,

ვისზეც სიცოცხლე მართლაც ახია,

მაგრამ დღეს ყველა ან ტუსაღია,

ან უკვე ცად და მიწად ქცეული,

ამ განდევნილი, ან გაქცეული!..

და გვაწევს ცოცხლებს სიცოცხლე ლაქად,

მოღალატეთა ამ ვრცელ ქალაქად!..

 

მარჯი, თქვენს ბრძოლას, ვაინახებო,

მოღალატეთა სისხლის ამღებო!

ერთიანობის თქვენებრივ დუღაბს,

ჩვენც ვეღირსებით ოდესმე თუღა?

თუღა დადგება დრო იგი მკვეთრი,

ჩამოვირეცხოთ სირცხვილის კეთრი!

განვაძოთ მტერი საზღვართა გარე,

დავუხშოთ გზანი ავზნიან ქარებს

და როგორც ბრძენი ილია განსჯის,

სრულად კავკასის ვიხილოთ მარჯი!..

 

უკვირს ზოგიერთს ამ იჩქერიას

სხვადასხვა ტომნი რად იჩქარიან! -

ესტონნი, ლატვნი, ლიტვნი ულევად,

იქ, იმ ქარცეცხლში რა ეგულებათ!

ან უკრაინით ის კობზარები,

რადარ შეწყვეტენ რეკვას ზარების?

ავღანნი, თურქნი - რისხვანი რუსთა,

ტაჯიკ-მონღოლნი რად სწევენ გურზთა?

ყველანი ერთად: დიდნი, მცირენი,

პაკისტანი თუ იგივ ირანი,

განურჩეველად რწმენის და რჯულის,

რა აქვთ ერთობის ნეტავ სარჩული?

ყველა ერთ ფიქრით როგორ გახევდა,

რა აქვთ საერთო ვაინახებთან!?

იორდანიით, სირიით დიან,

სარჩო-საბადელს, სახლ-კარს ყიდიან,

ზიდვენ იარაღს ახალ ყალიბის,

დიან მოხუცნი, კაცნი, ქალები...

გადიქცა ომი ყოველდღიური

აქ არამხოლოდ კავკასიურად!..

თან თანაგრძნობაც სახელმწიფოთა

რაღაც საეჭვოდ თითქოს იყოფა!

აღარ ჰგიებდეს თითქოს რუსეთი,

ზესახელმწიფო, როგორც ასეთი!

დაუძლეველი არმიით, ჯარით,

შემოლეწოდეს თითქოს აბჯარი.

დაუმხობელი მისი დიდება,

თითქოს გარდახდა და იბინდება...

მაშ რაა, რაა ამ ცეროდენა

ქვეყნიდან ამდენ ცრემლის მოდენა?!

ამდენი გვამი, ამდენი კუბო,

დამარცხებების ამდენი გუბე?!

იქნებ რუსული იარაღისაც

რუსს აღარ სჯერა, რომ კვლავ დაიცავს!..

 

ვერა ხვდებიან უსამშობლონი,

რომ იჩქერია - გმირი ობოლი,

გაუტეხელი სულით და რისკით, -

კეთილი ნების სანაცვლოს იმკის.

ვერა ხვდებიან რენეგატები,

ჭუჭყში რომ უდევთ სქელი თათები,

რომ კავკასიის ამ ოაზისში

თავისუფლების სუნთქავს ბაზისი!

და გატაცებულთ უთვისტომობით,

მთელი სამყარო მათ ეომება!..

ეჭიდებიან ხავსსა და სვიას,

მათ ხმაურს უფრო ხროტინი ქვია.

ვერა ხვდებიან უწარსულონი,

რომ იმპერიის ხანი წასულა

და დღეს თუ არა და ხვალ თუ არა,

ზეგ დაენგრევათ ეგ სატყუარა!..

და ისტორიის მკაცრი ბარათი

ქვესკნელში ჩაყრის მაგათ ძალათი,

გადააყოლებს მდუღარე ლეთას

იგი, მარადის მძლეველი მძლეთა -

აი, იმედი, რომლითაც ვგიებთ,

ან თუნდაც, გნებავთ, რწმენა იგივე,

რომ გამარჯვება მაინც ჩვენია,

რომ ავი არვის არ შერჩენია,

აი, რა ძალით დგას იჩქერია,

აი, იქ გმირნი რად იჩქარიან!..

 

* * *

 

რა უნდა იყოს სხვა უარესი,

სულ კავკასიას ისრავს არესი!

სულ კავკასიის უძველეს ერებს

ატყდება იგი და ხმალს აჟღერებს,

სულ ბრძოლის ალში დგას გახვეული

კავკასის მთათა მწვანე რვეული.

 

აგერ, თუნდ ჩეჩნის ვთქვათ ისტორია,

ომის ღმერთს როგორ დაუტორია!

ოთხასი წელი მაინც იქნება,

რაც იჩქერიის ვარსკვლავი ქრება,

ქრება-ინთება, ქრება-ინთება,

გრძელდება გმირის ტავჯვა-კირთება!..

უნდოდ, ბოროტად, დაუნანებლად

ჯიჯგნის რუსეთი, არ ენანება

მას არც მოხუცი, არც ბავშვი, ქალი,

არც მთათა შორთა ბროლის ფიქალი!..

და გაშმაგებულს შურისძიებით,

სურს ყოვლის ავის ღონისძიებით

მისი ან მიწის პირისგან აღგვა

ან ქცევა თავის მონად და ნაგვად!..

 

მაგრამ, ჩვენ ვიცით, ომი არ არჩევს

დამხვდურს და მომხვდურს, და მის განაჩენს

ყველა ერთგვარად იმკის და ითვლის,

არ აკრთობს სიკვდილს ჯავშანი თითბრის,

არ იცის ტყვიამ გარჩევა არვის,

მიზნისკენ მშიერ მგელივით გარბის

და მოძალადეს როცა გონია,

რომ დამხვდურს უდგას ღრმა აგონია,

რომ ჰა, საცაა იგი მოითხოვს,

მტერს ჩააბარებს ჯარეგას, მითხოს,

რომ საწყალს უკვე შიშიღა მართავს -

აბარებს შალის და ურუს-მართანს,

დათმობს ვედენოს, დათმობს, რაც არის,

დაენგრა ბედკრულს რწმენის ტაძარი!..

რომ პატიების და შეწყალების

სანაცვლოდ იგი კლიტეს კარების

მიართმევს ხონჩით რიცხვმრავალს, ძლიერს,

გადარჩეს იქნებ სიკვდილს ხორციელს!..

სწორედ იმ წუთას, იმხანად, მაშინ,

აღმართავს იგი სიკვდილის არშინს

და მიუზომავს მომხვდურს სულ მისხლით

მას, რასაც თავად გასცემდა სისხლით,

გასცემდა სულით, ხორცით და გვამით,

შეტრიალდება ე მაშინ ჟამი!..

იმატებს რისხვა გუშინ ჩაგრულის,

პასუხად ხიშტის გულში ჩაკრულის,

სანაცვლოდ ახლა ის იწყებს ჟლეტას

მომხვდურის, ჯავრით რკინა-ქვას კვნეტავს,

ახლა მომხვდურის იწყებს დინებას

სისხლი, დგას კბილთა ღრჭენა, გინება

და როგორც ომის მკაცრი წესია:

ყველა მას იმკის, რაც უთესია!..

 

ჰა, კიდევ ერთი ომის ქრონიკა -

ჩეჩენმა რუსი თუ ვით მოდრიკა,

ვით იძრნენ უცებ ცა და მიწანი,

ვით აღესრულა რუსთა მიზანი,

ვით დაიფრინეს მგლებმა დათვები,

როგორ დააჭრეს სქელი თათები,

ვით აღასრულეს მათ დაპირება

და დაიბრუნეს გროზნო გმირებმა!..

 

არა, ამაოდ როდი შეხარის

ჩეჩენი სურათს დიდი ჯოხარის -

სწორედ წყალობით მისი გონების,

არმია რუსთა, თავმომწონები,

შეცბა, შეყოვნდა, შედგა, შეჩერდა,

ვეღარ აღუდგა რისხვას ჩეჩენთა,

ნახშირად ექცათ ტანკების გროვა,

სამარე გროზნოს ქუჩებში პოვა

მათმა ამაყმა ჯარისკაცობამ,

რიცხვს და იარაღს ჭკუამ აჯობა!..

და დამარცხებულს რა დარჩენოდა

სხვა, გარდა იმის, რაც სულ შვენოდა! -

ამოიძუა კუდი და მთები

დატოვა, უცებ დაუშვა ფრთები!..

 

მაგრამ შეცდება ყოველთვის ყველა,

ვისაც ამგვარი იგავის სჯერა:

რომ ჩრდილოეთის ბოროტი დათვი,

მოიხმობს როსმე გონიერ თათბირს,

რომ ძალადობას მოერიდება,

რომ დათმობს თავის ზაფრს და დიდებას,

რომ ამბიციას ჩაიკლავს იგი,

რომ იმპერიულ წესის და რიგის

განაგდებს ჩვეულ ყავლსა და კრავად

იქცევა, მართლაც კრავის გზით წავა!..

არა, არასდროს, არსად, არავინ,

სადაც კი დგმულა მისი კარავი,

არ არის მომსწრე დანამდვილებით,

მისი ბუნების ამგვარ ცვლილების!

მას არნახული და უთვალავი

გულში სიმუხთლის აქვს სამალავი!

არ მოისვენებს და არც ისვენებს,

განაგრძობს ბრძოლას მაინც, ისევე!

ამიტომ მასთან წინ მდგომს სულ მართებს,

მოზრდიდეს სანამ თავის სუსტ მართვეს,

ფხიზლად ეჭიროს მტრისაკენ თვალი,

თუნდაც ზეცამდე იყოს მართალი,

რუსისგან მარად უნდა ელოდეს

იგი პილატეს, ნერონს, ჰეროდეს,

ხაფანგს, ხვანჯს, სარმას, გამოთხრას ძირის,

მოულოდნელად დაფრთხობას ძილის!..

 

ვწუხ: წარმატებამ პირველი ომის

დააკარგვინა ჩეჩენს საზომი!

ის გამარჯვების ეიფორიამ

შორს, სადღაც ცაში შეიყოლია!..

 

რას მოითმენდა მარცხს რუსი, აბა!

ჯერ კურდღელივით თუმც გაინაბა,

მერე და მერე ათასი ხრიკით

ფანტა მზაკვრობა აქეთ და იქით,

მიზანმიმართულს შეუდგა შრომას,

სანაცვლოდ იმის, რაც ვერ იომა!

მსგავსებში იგი გამოცდილია,

მისთვის მზაკვრობა ძველი ხილია,

უტიფრად იტყვის თეთრზე შავია,

დღეზე - ღამეა, წყნარზე - ავია.

წესად აქვს სხვისთვის ცილისწამება,

მტერს მისი ღვარძლი და გაავება!

უცებ იპოვის დამქაშს და მსტოვარს,

სულ სხვა, მალული ბილიკითი მოვა!..

სხვა გზით ეცდება მსხვერპლისთვის ვნებას.

გველივით ცხრაპირ ტყავში გაძვრება,

მოძებნის მდაბალთ სულისკვეთებით,

მოზღუდავს ვერცხლის მჭიდრო ღვედებით

და ისე, სულ რომ არავინ ელის,

უცებ გატყდება სახელი ერის!..

 

სწორედ ამგვარი მახე-ხაფანგით

წყალმა წაიღო ჩეჩენთ ამაგიც!

მან იჩქერიის საქვეყნოდ სახელს

გადაუჭირა მსუსხავი სახრე:

- ისმინეთ კარგად, ერო და ბერო,

ხამს ახლა მაინც რომ დაგვიჯეროთ!

ჯერაც ველური არის ეს ხალხი,

უკუღმა უნდათ დაბრუნდეს ჩარხი!

უჩვენოდ მათთან გლოვის ზარია,

ადამის ძეთა მტრები არიან!

ტერორისტების ბუდეა მათი

ქვეყანა, ღირსღა განა კამათი?

ადამიანთა მტაცებლებია,

ადამიანთა ხორცით ძღებიან!

თქვენ მათი რწმენაც არ გაქვთ ნანახი,

საფრთხეს გვიქადის მათი ალახი!

ეს საშინელი და ბნელი ძალა

წაგვლეკავს, კაცმა თუ დააცალა!..

 

კაცობრიობა ზოგჯერ ბრიყვია -

მტერს, ხელზე რამე თუ დაიხვია!

განუჩხრეკელად, განურჩეველად

სპილოდ იქცევა ზოგჯერ პეპელა!

იგი მზერასაც იბრმავებს ხშირად,

სმენასაც იხშობს და თუმცა ძვირად

უჯდება ხვალ ეს თავმოტყუება,

ეს დაბრმავება და დაყრუება!

მერე უეცრად მოინანიებს,

აღმოთქვამს თბილ და მსუბუქ არიებს,

მაგრამ მსხვერპლისთვის ეს გვიანია -

პილატეს ხელი დაუბანია! -

მას ხომ გული და თვალი დათხარეს,

იგი ხომ უკვე საწყლად ფართხალებს,

ამ უგუნური თამაშით ის ხომ

უკვე ტარიგად იქცა და იცხო!..

 

 

დიახ, რასაც ვწერ, ეს მართალია -

კაცობრიობა ცოდვით მთვრალია!

ჩვენც არაერთხელ ვყოფილვართ მისი

ამგვარად უღვთო დუმილის ღირსი!

ჩეჩენთაც იგივ იღბალი ერგოთ -

შორს გასწვდა მყრალი ჭორების ექო...

და კვლავ ხიშტებით ამხედრდა რუსი

მოწმენდად მწირი სირცხვილ-ნამუსის!

ისე ეკვეთა ჩეჩნეთს ბოლომდი

კაცი ჩია და კაცი ბოროტი!

ცეცხლად და ფერფლად დაღვარა ბრაზი...

ფრონტის მეორედ გაიხსნა ხაზი...

 

მაგრამ სხვა იყო რუსის ამჯერად

სიკვდილის თესლის მთესი მარჯვენა,

სიშლეგე, ზიზღი, გაბოროტება, -

სწყუროდა ძლეულს მძლევლის ოტება...

აღასრად ჩანდა უკვე ჯიხარიც,

გმინავდა თითქოს ერიც მწუხარი,

იჩქერიასაც აჩნდა სენები,

ენით უთქმელი და უსხსენები,

ჩეჩნებშიც უკვე ეპოვათ მტარვალთ

ის, ვისაც მამულს ერჩია დავლა,

ვინც მტერს მეგზურად უძღოდა თავას

ერის, მამულის და ნათესავის

მოსვრად, სიცოცხლის ხელშესახებად,

დამუნჯებად და თვალის ახვევად!..

 

და შეიღება კვლავ სისხლით მთები,

ჩაიცვეს ისევ მწვერვლთ ძაძები,

კვლავ ცოდვა-ბრალის კალო დაზვინდა,

კვლავ იალბუზმა წარბი აზიდა,

ჩამოცხრაბნელდა მზე მოცინარე,

ადიდა ისევ ლტოლვილთ მდინარე,

სიკვდილმა ისევ გაიმყეფარა,

ცას კვლავ სიბნელე გადაეფარა...

 

რა ექნათ, აღსდგნენ ჩეჩენნიც ისევ,

კვამლსა და ფინდიხს გახედეს მქისედ,

აისხეს ისევ, კვლავ იარაღი,

იხმეს საშველად ისევ ალახი,...

და დადგნენ ისევ პირისპირ მტერთან

დაცვად მამულის უთვალავ ფერთა...

 

ეს ომი დღესაც დუღს და გრძელდება

და დამთავრება მისი ძნელდება!

გრძელდება, რადგან ახლა სხვა დროა,

გრძელდება, რადგან უსამართლოა!

გრძელდება, რადგან ჩეჩენთა ნება

ომის ქარცეცხლშიც კი არა დნება!

გრძელდება, რადგან მტერი ვერაგი,

სიყვარულს ქვეყნის ტყვიით ვერ აღგვის!

ვერ აღგვის იგი იმ თავდადებას,

ასე რომ მძლავრობს და არ თავდება!

და გასტანს დიდხანს კიდევ ეს ომი,

უთანასწორო თუნდაც ეგზომი!

ვიდრე მიხვდება მთვრალი ვასია,

რომ დროა დათმოს მან კავკასია!

ვიდრე მიხვდება მთვრალი ვანია,

რომ კავკასია სხვა სავანეა

და აქ არ არის მისი ადგილი

და ნუ ჰგონია ასე ადვილი,

დაჯდეს მბრძანებლად მთაგრეხილების,

კრიფოს მწვერვალთა ოქროს ღილები,

მოდრიკოს სული ვაინახური

ქედზე უღელის მძიმედ ხახუნით!..

 

***

ჰე, ისტორიავ, ქორონიკონო,

რა ვთქვა, რა ვწერო, რა მოვიგონო,

რა გითხრა, ჩემო წმინდა მთიელო,

შენ, ხვალინდელო კავკასიელო!

მანდ, შორ მყოფადში რა დაგიბარო.

ისეთი, ჯავშნად რომ აიფარი?..

თითქოს აღარ მაქვს იმის უნარი,

გითხრა რაიმე გაუხუნარი,

მაგრამ გვასწავლის "ცხოვრება ქართლის"

და სიბრძნეც დიდია ილია მართლის:

რომ, თუ გსურს იგრძნო სიცოცხლის გემო,

თუ გსურს სიბილწეს მათრახი სცემო,

ღირსმსახურებდე უნდა უცილოდ,

სულ ნარ-ეკალი უნდა უცილო

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას -

კავკასის ამ სამ დიად უფლებას!

მიტომ ანდერძად მეც ამას გიწერ,

მე მაშინ უნდა საფლავში ვიწვე...

ხამს ერთურთს მარად სანთლებად ვენთოთ,

თორემ მოვკვდებით უერთმანეთოდ,

თორემ ადვილად დაგვიმორჩილებს

მტერი ცალ-ცალკე მიჩრილ-მოჩრილებს,

ჩამოტეხს თავხეს იმ ჩვენი სისხლის

ასე დიადის, ძველის და მაღლის,

ურთიერთშუღლის ღვარძლს შეგვაშველებს

და საბოლოოდ გადაგვაშენებს!..

 

1995-2001 წ. წ.

თბილისი

 

 

ილტოსპირელი

Edited by შამილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილი

გამარჯობა, უკაცრავად ოფტოპისათვის და ის ზველი ნიკი გააუქმე აქ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილი

გამარჯობა, უკაცრავად ოფტოპისათვის და ის ზველი ნიკი გააუქმე აქ ?

გაგიმარჯოს.

 

უბრალოდ ქართულ დამწერლობაზე გადმოვიტანე ძველი ფსევდონიმი . რატომ უნდა იყოს ლათინური შრიფტით როცა ქართული დამწერილობა სრულიად კავკასიის საერთაშორისო დამწერლობად უნდა გამოცხადდეს. შეგიძლიათ ჩემი ძველი ლათინურ შრიფტიანი ფსევდონიმი გააუქმოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაინახები

 

უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა...

იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა...

თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, _

რა დააძინებთ!

თოვს და ფითრდება პეიზაჟი _ ნავენახარი...

თოვს და მწვერვალებს დარაჯობენ ვაინახები..

და თუ ამაღამ გროზნოს ცაზე მეხი იელვებს,

რა მოასვენებთ ბებერ ლომებს _ კავკასიელებს!..

ეჰ, სად არიან უძლეველი, ურჩი მხედრები?!.

ო, რომ შემეძლოს, საქართველოს ავამხედრებდი!..

ო, რომ შემეძლოს, ჯარს შევყრიდი ივრის ჭალაში,

რაა სიცოცხლე, თუ არ მტერთან ჟინით თამაში?!

რაა სიკვდილი, როცა გული რისხვით ივსება?!

რაა სიცოცხლე, თუ აგვართვა მტერმა ღირსება?!

მე რომ შემეძლოს, საქართველოს გავაცოცხლებდი,

იბერიული სიმამაცით გავაოცებდი...

დავარისხებდი დედოზარებს, ქართლთან, კახეთთან, _

და ჩოლოყაშვილს გავყვებოდი ვაინახებთან!..

შევულეწავდი, შევუნგრევდი გულმკერდს ავსულებს,

დავიფარავდი მზეთუნახავ ჩეჩენ ასულებს...

ყინულის ლოდებს მოვაბნევდი ვარდს და იელებს,

სულს შთავბერავდი ჩემს გათოშილ კავკასიელებს!..

და ნახანჯლარი მრისხანებით ავიმღვრეოდი,

თეთრ მწვერვალებზე მზის სხივებად დავიღვრებოდი...

ალესილ ხმალზე ვაცეკვებდი შურისმგებელებს

და ბინძურ ზრახვებს ავურევდი იუდეველებს!..

თავაწყვეტილი შევმუსრავდი მონღოლ-კალმიკებს

და რუს გენერლებს ჩავაცმევდი კაბა-ვალინკებს

და მათ გალინკებს გავგზავნიდი ცივ რასიაში,

რომ არასოდეს არ დაბრუნდნენ კავკასიაში!..

მერე, პანკისში, ქისტის ჭერქვეშ შევისვენებდი,

საქართველოდან რუსის ჩექმას გავასვენებდი,

დავისვენებდი!..

თოვს უსაშველოდ... მზემ მოხატა თეთრი კამეა...

თეთრი ღამეა... უსაშველოდ თეთრი ღამეა...

იჩქერიაში, ალბათ, ათოვთ ჩეჩენ არწივებს, _

რა დამაძინებს!..

 

 

 

 

თინათინ მღვდლიაშვილი

Edited by შამილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილ, შენ გახარებას და რა დავაშავეთ ამ დილაადრიანად ამხელა ტექსტი რომ უნდა წავიკითხოთ?

 

შემოკლებული ვარიანტი არ არის ამ პოემის :)

 

პ.ს. ასეთი თემა უნდა გახსნა სადღაც საღამაო საათებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ არავინ არაფერს წერთ ? ვინმეზე მაინც არ იმოქმედა ამ პოემამ ?

შამილ მართლა მაგარი პოემაა. ვისი დაწერილია და რუსული თარგმანი თუ გაქ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ გადატრიალება მოხდებოდა 1992 წელს, ერთი მეგობარი ინგუში ჩამოდიაოდა ჩვენთან. მაშინ ვეხმარებოდით ცოტა ინგუშებს. მართლა რომ ჯიგარი ხალხია.

მაგარი ბოევიკი იყო სხვათაშორის და ბევრი რამ მასწავლა, რაც იარაღს ეხებოდა. F1 კაი ტრიკი, რომელიც მომავალში ბევრჯერ გამომადგა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილ, შენ გახარებას და რა დავაშავეთ ამ დილაადრიანად ამხელა ტექსტი რომ უნდა წავიკითხოთ?

 

შემოკლებული ვარიანტი არ არის ამ პოემის :)

 

პ.ს. ასეთი თემა უნდა გახსნა სადღაც საღამაო საათებში.

აი ეს არის ლინკი ამ პოემის

 

http://urakparaki.com/?m=4&ID=23200

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ გადატრიალება მოხდებოდა 1992 წელს, ერთი მეგობარი ინგუში ჩამოდიაოდა ჩვენთან. მაშინ ვეხმარებოდით ცოტა ინგუშებს. მართლა რომ ჯიგარი ხალხია.

მაგარი ბოევიკი იყო სხვათაშორის და ბევრი რამ მასწავლა, რაც იარაღს ეხებოდა. F1 კაი ტრიკი, რომელიც მომავალში ბევრჯერ გამომადგა. :)

რაო? აბა გააგრძელე ვინ ინგუში ? მეც მესიმპატიურება ეგ ხალხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილ მართლა მაგარი პოემაა. ვისი დაწერილია და რუსული თარგმანი თუ გაქ ?

გაბრიელ ჯაბუშანურის ქვაკაცის ბალადა მოძებნეთ და წაიკითხეთ. მგონი ინტერნეტშიც არის. ვაინახებზე და ვაინახების ურუსებთან ბრძოლაზეა ეგეც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაბრიელ ჯაბუშანურის ქვაკაცის ბალადა მოძებნეთ და წაიკითხეთ. მგონი ინტერნეტშიც არის. ვაინახებზე და ვაინახების ურუსებთან ბრძოლაზეა ეგეც

არა მე მაგ პოემის რუსული თარგმანი მაინტერესებს თუ არის სადმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაო? აბა გააგრძელე ვინ ინგუში ? მეც მესიმპატიურება ეგ ხალხი.

 

სხელ და გავრს ვერ ვიტყვი. შემდგომ იქ ერთი პიროვნების დაცვის უფროსი იყო. არა და კარგი მეგობრობა გვქონდა. გადატრიალებამდე დაბრუნდა ინგუშეთში.

 

მანდ ინგუშეთში სადღაც 10 მილიციონერმა ალყაში მოქცია "ხელები ზემოთო" :) დედა უტირა. ხო და მაშინ მასწავლა მაგ F1 ტრიკი. კარგად მოქმედებდა ეს ამბე ფსიქოლოგურად. ფაქტიურად ვერ მოგეკარებიან რა :)

 

ისე კი ნაღდში არაფრით გამოირჩევინა კაცობაში ჩვენგან. კარგი ჯიგარი ხალხია.

მე თუ მკითხავს კაცი ინგუშები და ჩეჩნები, ეს ორი ეთნოსია რომელსაც კავკასიაში დიდტ პატივს ვცემ.

 

ჩეჩნებზე იყო მერე აგორებული 1993 წელს რაღაცეები, მაგრამ აქ გასრჩევი იყო რომელი ჩეჩნები იბრძოდნენ ჩვენს წინააღმდეგ. ის კრემლის დაქვემდებარებაში რომ იყვნენ მაგ ჩეჩნებს დუდაევთან არაფერი აკავშირებდა.

 

 

შემდგომ კი ნახეთ ფილმი. ბოლო-ბოლო რა პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტს. ჩემი აზრით ეს დასაფასებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მე მაგ პოემის რუსული თარგმანი მაინტერესებს თუ არის სადმე?

არ ვიცი. ხვალ ვაჟა ხორნაულის პოეზიის საღამოა ექვს საათზე ეროვული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში და მივდივარ და ვიკითხავ იქ თუ ვნახე ილტოსპირელი ( არ ვიცი სურს თუ არა მისი სახელის და გვარის გამხელა და არ დავწერ მაგიტომ ).

 

 

 

 

ისე ესეც ნახეთ

 

ახულგო - შამილის რუბიკონი

 

(ისტორიული პოემა)

 

ილტოსპირელი

 

http://urakparaki.com/?m=4&ID=20831

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი. ხვალ ვაჟა ხორნაულის პოეზიის საღამოა ექვს საათზე ეროვული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში და მივდივარ და ვიკითხავ იქ თუ ვნახე ილტოსპირელი ( არ ვიცი სურს თუ არა მისი სახელის და გვარის გამხელა და არ დავწერ მაგიტომ ).

 

 

 

 

ისე ესეც ნახეთ

 

ახულგო - შამილის რუბიკონი

 

(ისტორიული პოემა)

 

ილტოსპირელი

 

http://urakparaki.com/?m=4&ID=20831

მიხეილ ღანიშაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...