Jump to content
Planeta.Ge

დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)


Recommended Posts

დავით IV აღმაშენებელი (1073-1125)

 

http://i044.radikal.ru/0812/9c/0ed314010b17.jpg

 

36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა, დავით IV, აღმაშენებლად წოდებული. დატოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწამდე".

 

თბილისიდან გელათში გადაასვენეს და კარიბჭეში დაკრძალეს. ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს ცნობა, მართლაც დაიბარა თუ არა, გულზე ფეხი დამადგითო, მაგრამ ლეგენდაც ხომ უსაფუძვლოდ არ იქმნება. საფლავის სიდიდე მოწმობს, რა ბუმბერაზი კაცი ყოფილა აღმაშენებელი. ქვაზე არსენ იყალთოელის ეპიტაფია დააწერეს:

 

"ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამეხსნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს".

 

შუა აზიიდან პალესტინამდე იყო გადაჭიმული სელჩუკთა იმპერია. მათი სათარეშო გახდა საქართველოც. "საძაგელი სანახავი იყო ქვეყანა ქართლისა, აღარავინ თესავდა და მკიდა" - გვიამბობს მემატიანე. თუმცა საქართველოს სახელმწიფო არც ეთქმოდა: ყოველწლიური ხარკი, ურდოთა მიერ მუდმივი რბევა, მთებსა და ტყეებში გახიზნული მოსახლეობა, მოშლილი მეურნეობა, დაშინებული და უიარაღო ლაშქარი, განდგომილი და მოღალატე ფეოდალები, მექრთამე და უწესო მღვდლები და სხვა ათასი ჭირი, მიწისძვრა და უბედურება ტრიალებდა. მეფის ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ანუ აფხაზეთზე ვრცელდებოდა, დამხმარე და მოკავშირეც არავინ ჩანდა.

 

ამ ყველაფრისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო 1089 წელს გიორგი II-ს მეფობა დაათმობინეს და ტახტი მისმა ვაჟმა, 16 წლის დავითმა ჩაიბარა.

 

16 წლის მეფემ ჯერ სოფლების აღდგენა დაიწყო. მცირე მხედრობით რამდენიმე სოფელს მტრისაგან წმენდდა, გახიზნულ ხალხს მიწაზე ამკვიდრებდა, თვითონ კი დარაჯად ედგა, იქვე ტრიალებდა, საგულდაგულოდ ეძებდა თურქთა ბანაკებს. ხუთმეტრიან თოვლშიც გადმოულახავს უღელტეხილი და ადიდებული მტკვარიც გადმოუცურავს. დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, რომ უიარაღო და უცხენო, დამშეული და, რაც მთავარია, დაშინებული და დამცირებული მეომრები ლაშქრად ექცია. ამასობაში ჯვაროსნებმა ანტიოქია და იერუსალიმი აიღეს. დავითმა ამით ისარგებლა და თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ეს იყო 1099-ში, გამეფებიდან მე-10 წელს.

 

წმინდა ეკლესიაც უკაცურთა ბუდედ იყო ქცეული. 30 წლის მეფემ რუისისა და ურბნისის სანახებთან საეკლესიო კრება ჩაატარა. უღირსად აღზევებულები განკვეთეს და შეაჩვენეს.

 

აღმაშენებლის გონიერებამ და ვაჟკაცობამ ჰერეთ-კახეთის დიდებულებიც მოხიბლა, მაგრამ სულთანი კახეთს ვერ თმობდა. 1104 წელს ერწუხში პირველი დიდი ომი გაიმართა მტრის მრავალრიცხოვან ლაშქრთან. იმ დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხეთი სრულყო ომი. იგი მართლაც რომ იყო "უშიში და ყოვლად უძრავი გულითა".

 

აღმაშენებლის გონება მხოლოდ ომისა და ბრძოლისაკენ არ იყო მიმართული, გახშირდა გზებისა და ხიდების აგება, ქალაქების მოწყობა. გამეფებიდან 17 წლის შემდეგ გელათის მშენებლობა წამოიწყო. ადგილი კარგი შეარჩია, "ყოვლად შვენიერი და უნაკლულო", მიზანიც განუსაზღვრა: ააშენა "მეორედ იერუსალიმად და სხუად ათინად" - იერუსალიმი რელიგიის სიმბოლოა, ათენი - სიბრძნის.

 

უმთავრესი ისევ ქვეყნის გაერთიანება იყო. 1110 წელს სამშვილდე აიღო, 1115-ში რუსთავი, შემდეგ წელს ტაოდან განდევნა თურქები, მომდევნო წელს გიში, შემდეგ წელს ლორე შემოიერთა. წელიწადში ხუთ ბრძოლასაც იხდიდნენ, და რაც მთავარია, მხოლოდ ქართველ მეომართა ძალით, დამხმარე არ ჰყოლიათ.

 

გამეფებიდან 29-ე წელს დავითმა სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, ჩრდილო კავკასიიდან 40 ათასი ყივჩაღის ოჯახი ჩამოასახლა და მუდმივ ლაშქარს ჩაუყარა საფუძველი. მოწინააღმდეგე ბევრი ჰყავდა, მაგრამ ახლაც ისე მოეწყო საქმე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა.

 

დადგა 1121 წელი. დავითი 48 წლის გახდა, 32 წელია განუწყვეტლივ იბრძვის. მტერიც ხედავდა მის ძალას, თუმცა სელჩუკებს ჯვაროსნებთან გადამწყვეტი ომი ელოდებოდათ, ამჯობინეს, ჯერ ამიერკავკასიას მოუგრიხონ კისერი.

 

მთელი სამუსლიმანო გაერთიანდა, ურიცხვი ლაშქარი შეიკრიბაო - წერს ქართველი მემატიანე. ისტორიკოსები 300 ათას მეომარს ვარაუდობენ. დავითმა 55 ათასი კაცი გამოიყვანა, 40 ათასი ქართველი იყო. წამოსულ მტერს დიდგორში დახვდა. ბრძოლა სამ საათს გაგრძელდა, გაქცეულ მტერს კი რვა დღე სდიეს. დიდგორის ომს ქართველმა ისტორიკოსმა "ძლევაი საკვირველი" უწოდა. ათი უცხოელი ავტორი აღწერს ამ ომს და ქართველ მემატიანეზე გადამეტებულ აღფრთოვანებას გამოხატავენ.

 

თუმცა თბილისი ისევ მტრის ხელში რჩებოდა, გამოცდილ სარდალს არც ამ შემთხვევაში გამოუჩენია სულსწრაფობა. ქალაქს ალყა შემოარტყა და მაჰმადიან მმართველს დანებება მოსთხოვა. უგუნურმა წინააღმდეგობამ აღმაშენებელი ისე გააბრაზა, რომ არნახული სისასტიკე გამოიჩინა, მუსრი გაავლო დედაქალაქს დაპატრონებულ ურჯულოებს. შემდეგ ბრაზი მოწყალებით შეცვალა და მაჰმადიან მოსახლეობას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. 1122 წელს, ოთხი საუკუნის შემდეგ, თბილისი კვლავ საქართველოს დედაქალაქი გახდა.

 

დავითსაც და ლაშქარსაც დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო ამიერკავკასიიდან სელჩუკები საბოლოოდ ამოეძირკვათ. დმანისი, შირვანი, ქალაქი ანისი და სხვა მრავალი ციხე შემოუმტკიცა საქართველოს.

 

სახელოვან მეფეს ცოდვათა გამო სიხარულთან ერთად სინანულიც უძლიერდებოდა. "გალობანი სინანულისანი" მის შთამომავალთ ერთ კითხვას უჩენს: "ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო, მიუტევები?"

 

36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა, დავით IV, აღმაშენებლად წოდებული.

 

დავითის მიერ აღორძინებულმა საქართველომ ერთი საუკუნე იარსება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...