Jump to content
Planeta.Ge

გიორგი სააკაძე (დაახლოებით 1570-1629)


Recommended Posts

გიორგი სააკაძე (დაახლოებით 1570-1629)

 

http://i075.radikal.ru/0812/78/6529ef796977.jpg

 

საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით.

 

სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერი განათლება მიუღია, თავისუფლად ფლობდა სპარსულსა და თურქულ ენებს. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით.

 

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც სვიმონ I ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობელთა წინააღმდეგ.

 

გიორგი სააკაძის სამხედრო ნიჭსა და უნარს განსაკუთრებული გასაქანი ლუარსაბ II მეფობის დროს მიეცა. 1608 წლიდან ის თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. მის მთავარ მიზანს შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა, თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის დაცვა", ცენტრალური ხელისუფლების დაცვა და საქართველოს გაერთიანებისთვის ზრუნვა შეადგენდა. ამ საქმეში სააკაძეს მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" ერქვათ. მასვე ემხრობოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. ასე, რომ სააკაძეს 1608-1612 წლებში მომხრეთა საკმაოდ ძლიერი დასი ჰყავდა შემოკრებილი. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II 1611 წელს ცოლად შეირთო სააკაძის და. ამ პერიოდიდან გიორგი სააკაძის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).

 

მაგრამ სააკაძეს და მის გუნდს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელთაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვლი ხელმძღვანელობდნენ. მათ შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა. 1612 წლის 20 მაისს შეთქმულები თავს დაესხნენ სააკაძეს წავკისში, მაგრამ ის გადარჩა და თავი სპარსეთს შეაფარა. მისი ყმა-მამული თავადებმა გაინაწილეს. საქართველოში ჩამოსვლამდე სააკაძე ცდილობდა მტრებს შერიგებოდა, მაგრამ ამაოდ. 1619 წელს შაჰ-აბას I-მა ის ქართლის ხანის, სიმონ II ვექილად დანიშნა და სამშობლოში გამოუშვა, თუმცა გიორგის ბოლომდე არ ენდო და მისი ვაჟი პაატა მძევლად დაიტოვა. სამშობლოში ჩამოსვლისთანავე სააკაძე აჯანყებისთვის მზადებას შეუდგა. შეურიგდა ყოფილ მტრებს, დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა. დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება მიეღო. მისი თაოსნობით შეკეთდა ციხე-სიმაგრეები, აშენდა ხიდები, გზები და სოფლები. მოსალოდნელი აჯანყების შიშით, შაჰ-აბასმა 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა ყარჩიხა-ხანის სარდლობით, რომელიც 25 მარტს აჯანყებულმა ქართველებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს სოფელ მარტყოფთან. განრისხებულმა შაჰმა გიორგის მისი ძის მოჭრილი თავი გამოუგზავნა.

 

იმავე წელს მარაბდის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. გიორგი სააკაძე განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთი წლის განმავლობაში სპარსელებმა 60 ათასი მეომარი დაკარგეს საქართველოში, რაც მათი არმიის ნახევარს შეადგენდა, ასე რომ, შაჰ-აბას I, ფაქტიურად, დამარცხდა და იძულებული შეიქნა ხელი აეღო ქართლ-კახეთის განადგურების გეგმაზე.

 

მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და ქართლის ახალ მეფეს, თეიმურაზ I შორის. ამ განხეთქილებას შედეგად ბაზალეთის ბრძოლა მოყვა, რომელშიც სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა, მაგრამ იქიდანაც განაგრძობდა ქვეყანაზე ზრუნვას და როდესაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, ხუსრევ ფაშას ბრძანებით ისიც, მისი ძეცა და მხლებლებიც შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...