planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 ჩვენ მთელი თვე არჩევნებს ველოდით. გვინდოდა თუ არ გვინდოდა – ჰაერი სლოგანებით, დაპირებებით და კანდიდატთა ღიმილიანი სახეებით იყო გაჟღენთილი. „მხიარული“ თვე აღმოჩნდა მაისი: ჯერ იყო და თბილისში პოლიციის და დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილმა აღლუმებმა, მოსკოვში კი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ზეიმმა გაგვართო. შემდეგ ვიხილეთ დრამატული შეხლა-შემოხლა ფსევდო-რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებულ ჯგუფებს და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. ყველაფერი კი 30 მაისით – არჩევნების დღით დაგვირგვინდა. ამასობაში მსოფლიო გეოპოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის ორომტრიალშია გადაშვებული. თუ მაისის პრესას გავეცნობით, ეს ყველაფერი ხელის გულზე გადაგვეშლება. მიშას დაბრუნება მაისი საქართველოში მუნიციპალური არჩევნების თვეა. ეს ამბავი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. სტატიები ყვებიან წინასაარჩევნო სიტუაციაზე, კანდიდატების რეიტინგებზე, აკეთებენ პროგნოზებს და გადამწყვეტ თარიღს ელიან. ერთ რამეზე ყველა თანხმდება, ესაა ტესტი სააკაშვილისთვის და გამოცდა მთელი მისი მთავრობისთვის – მსოფლიომ უნდა გაარკვიოს, იქონიოს თუ არა იმედი, რომ საქართველოს მყიფე დემოკრატიისგან რამე გამოვა. ისიც ყველას აინტერესებს, რა ბედი ეწია სააკაშვილის რეიტინგს 2008 წლის ომის შემდგომ. და, რაღა თქმა უნდა, ინტერესს ამძაფრებს ის, რომ თბილისის მერობა პრეზიდენტობის ტრამპლინად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევები სამთავრობო გუნდის დიდი უპირატესობით გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, საქართველოს და თბილისის მუნიციპალური არჩევნები საერთო მოლოდინისა და მსჯელობის საგანი გახდა. ეუთომ ადგილობრივი არჩევნებისთვის უჩვეულოდ ბევრი – 200მდე დამკვირვებელი მოგვივლინა. პრეზიდენტმაც პირობა დადო, რომ არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდებოდა. როგორც Eurasia Review წერს, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამ არჩევნების შედეგები გამოავლენს ქართული დემოკრატიის სუსტ და ძლიერ მხარეებს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის დემოკრატიული მისწრაფებები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა“ არჩევნებამდე იყო პოლიციის დღე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ამ ღონისძიებებს მრავალი მოწინააღმდეგე გამუჩნდა, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რისი დემონსტრირება სურდა ამით სააკაშვილს? “ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე, წაგებული ომის შემდეგ პირველი პოლიტიკური გამოცდის დროს, სააკაშვილს თბილისში კვლავ ტანკები გამოყავს და ქართულ ხუთჯვრიან დროშებს აფრიალებს. გზავნილი ასეთია: პრეზიდენტი კვლავაც მყარად ზის უნაგირზე” (Der Standard). ოპოზიციამ ეს გააპროტესტა. აღლუმი ზოგმა ხელისუფლების კუნთების თამაშად შეაფასა, ზოგმაც არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლად, სხვებმა კი მას საბჭოთა გადმონაშთი უწოდეს. მართლაც, „მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს აღლუმი ასეთი დაპირისპირების საგანი“(EURASIANET). ამას გარდა ოპონენტები სააკაშვილს ოპოზიციის მარგინალიზაციაში, მედიით მანიპულირებასა და ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებაშიც ადანაშაულებდნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ პრეტენზიებზე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც მრავალი ტრადიციული პრობლემა გამოიკვეთა: საარჩევნო სიები – მიუხედავად ამის მოსაწესრიგებლად გაღებული გარკვეული ძალისხმევისა, სიების სანდოობა კვლავ ეჭვს აღძრავდა. თუმცა, ხელისუფლები გარდა, აქ ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება. მავანთა აზრით, მათ შეეძლოთ, ეს ამოცანა საკუთარ თავზე აეღოთ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სერიოზულად მიდგომოდნენ(Eursia review) . დაუბალანსებელი მედია – ანგარიშებში ნათქვამია, რომ ნაციონალური არხები მაქსიმალურად ეწეოდნენ უგულავას წინასაარჩევნო რეკლამირებას, ფაქტიურად დაუფარავად უჭერდნენ მას მხარს. თუმცა ეუთომ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც დაუფასა დაბალანსებული მაუწყებლობა. მართალია, საქართველოში არსებობს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი არხები, მაგრამ მათი დაფარვის თუ გავლენის მასშტაბები ნაციონალურ არხებთან შედარებით ბევრად მცირეა. ამაზე საუბრობს გია ნოდიაც, სტატიაში “ნაწილობრივ თავისუფალი ქართული პრესა“ (RadioLiberty). გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ტრადიციული საარჩევნო პრობლემები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსი, საბიუჯეტო თანხების პირადი კამპანიისთვის გამოყენება, ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე – განსაკუთრებით, რეგიონებში და ა.შ. მოკლედ, ყველა ის გარემოება, რაც საფუძველშივე უარყოფს თითოეული მონაწილისთვის თანაბარი სათამაშო პირობების პრინციპს . საბოლოოდ, არჩევნების დღემ მშვიდად ჩაიარა – მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თბილისში არეულობის დაწყებასაც ვარაუდობდნენ. ამ აზრს ამყარებდა პოლიტიკური ოპოზიციის, ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ვიზიტები მოსკოვში. როგორც სარა მარკუსი წერს, საქართველოში „რეალურად შფოთავენ ოპოზიციის ორი წევრის აქტივობის გამო, რადგან ისინი რუსეთთან და პუტინთან დაახლოვებას ცდილობდნენ. ორივე ამ პოლიტიკოსმა შოკში ჩააგდო ქვეყანა იმით, რომ რამდენიმე თვის წინ მოსკოვში ჩავიდნენ და პუტინს ჩამოართვეს ხელი. მას შემდეგ ისინი კიდევ იყვნენ რუსეთში და გამარჯვების დღეს, 9 მაისს ორივე სააკაშვილის სასტიკ მტერს პუტინს ეწვია მოსკოვში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ რუსეთი რამენაირად გამოიყენებს ამ ორს, რათა საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს“ (Telegraph). რათქმაუდნა, შფოთის საფუძველი არსებობდა. აკი ნოღაიდელი თბილისში „ბიშკეკის გამეორებით“ ღიად იმუქრებოდა. ამას გარდა, დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა პოლიციის დღის აღნიშვნისას მომხდარი შეტაკება ოპოზიციასა და პოლიციას შორის, ამას დაემატა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ფსევდო – რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებული დაპირისპირება საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის, როცა ერთი მხარე რელიგიურ იდეალებს „იცავდა“, მეორე კი გამოხატვის თავისუფლებას – ბევრმა ამაშიც რუსეთის ხელი დაინახა: „ანტი-დასავლური განწყობა საქართველოში რეალურად პრო-რუსული სიმპათიების სინონიმია, ამიტომ საქართველოში ბევრი ორთოდოქსალური ჯგუფების გააქტიურებას უფრო დიდი ამოცანის, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ნაწილად მიიჩნევს“ – წერს გია ნოდია (RadioLiberty). ასეა თუ ისე, თვის ბოლოსკენ ალბათ ყველა ინტუიციით ვგრძნობდით, რომ სიტუაცია არც ისე ფეთქებად საშიში იყო, როგორც ოდესღაც, წარსულ არჩევნებზე. მართლაც, არჩევნების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა – მცდარი აღმოჩნდა ვარაუდები სააკაშვილის რეიტინგის სავალალო ვარდნის შესახებ: სახელისუფლებო კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ოპოზიციამ აღიარა დამარცხება, მოსახლეობამაც არჩევნების თემა მალევე გადადო გვერზე და თბილისში ცხელმა, ჯერჯერობით მაინც მშვიდობიანმა ზაფხულმა დაისადგურა. პირველადი მონაცემებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ტრადიციულად შესაფასეს: ხარვეზებიანი, მაგრამ დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. სახელისუფლები გუნდის გამარჯვებამ, თუნდაც უსამართლო წინასაარჩევნო პირობებში, ბევრი რამ ცხადი გახადა: პირველ რიგში, ამან მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს მიუთითა არასწორ სტრატეგიაზე, რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ მასობრივ საპროტესტო მიტინგებზე სააკაშვილის გადაყენების პირობას დებდნენ. გამოჩნდა ისიც, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც მოსკოვი ელოლიავება და რომელზეც, გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის შეცვლის შემთხვევაში ფსონს დებს, არც ისე დიდ აღფრთოვანებას იწვევენ მოსახელობაში. მიუხედავად მათი მცდელობისა, წარმოჩინდნენ, როგორც მთავრობის ალტერნატივა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში (The Jamestown Foundation). საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ თბილისის მერის არჩევნები საქართველოს პრეზიდნეტს დაეხმარა (NewYork Times). მიშა დაბრუნდა. მთავარი ადამიანებია მარტივი დაკვირვებითაც შეიმჩნევა, რომ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ საქართველოს მთავრობის რიტორიკა კონფლიქტური რეგიონების საკითხს შეძლებისდაგვარად გვერდს უვლის. ყოველ შემთხვევაში, ეს მთავარი თემა ნამდვილად აღარაა. რა ხდება ამასობაში კოკოითისა და ბაღაფშის სამფლობელოებში? სამხრეთ ოსეთი მძიმე მდგომარეობაშია, ომის აჩრდილები სდევს თან და ღამით კოცონთან შეკრებილი ბოევიკები საქართველოსთან (გნებავთ – დანარჩენ საქართველოსთან) წარსულ და მომავალ ომებზე საუბრობენ. „სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეები ისევ ზღვარზე რჩებიან და იარაღზე უარის თქმა არ სურთ“ – იტყობინება BBC-ის კორესპონდენტი, რომელმაც ამ რეგიონში იმოგზაურა. ეს ალბათ არ არის სამხრეთ ოსეთის ცხოვრების სრულყოფილი სურათი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არაფერი შესაშური იქ არ ხდება. იგივეს თქმა შეიძლება აფხაზეთზე. სეპარატისტებს რუსეთის მიერ აღიარებული „დამოუკიდებლობა“ ძვირი უჯდებათ: რუსი ჯარისკაცები და მუშები, გაზიდული რესურსები, რომელშიც სოჭის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს და ა.შ. – აფხაზეთი იძარცვება. როგორც გიორგი ბადრიაძე თვლის, გამოსავალი მხოლოდ ერთია: განდგომილები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ორი ურთიერთგამომრიცხავი არჩევანი აქვთ: ან დარჩნენ რუსეთის მივიწყებულ გარეუბნად, ან შექმნან მომავალი ევროპულ საქართველოსთან, რაღა თქმა უნდა, სრული ავტონომიის გარანტიებით (The Guardian). მხოლოდ ერთი “უმნიშვნელო“ პრობლემა რჩება: როგორ? როგორ დავარწმუნოთ ისინი? ამაზე ოფიციალური თბილისიც ფიქრობს, ან იძულებულია, იფიქროს. 2008 წლის ტრაგიკული ზაფხულის შემდეგ როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ყველაფერი თავიდან დაიწყოს. რიტორიკაში ტერმინი „ტერიტორიების დაბრუნება“ მორიგ ჯერზე უფრო კეთილხმოვანი სიტყვით ჩანაცვლდა: რეინტეგრაცია – ადამიანები, კონტაქტები, ეკონომიკური, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები – ამ ყველაფერს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სტრატეგია ითვალისწინებს. მინისტრი თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მთავრობები დათრგუნულნი და იმენდგაცრუებულნი არიან რუსეთის ფედერაციით. მოსკოვი უარს ამბობს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, საქართველოს პრეზიდენტს კი სჯერა, რომ „გული და გონება თანხმობას მოიტანს“. სწორედ ამ ხედვას ეფუძება რეინტეგრაციის ახალი პროექტი: ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ეკონომიკური პროექტები, ჯანდაცვა, განათლება… და ეს ყველაფერი კულტურული იდენტობისადმი ფაქიზი მიდგომით. იაკობაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს ათ წელიწადში გამთლიანებას შეძლებს, ახალი მიდგომის (გნებავთ, დავარქვათ ამას „შერიგების მცდელობა“) წარმატებით განხორციელებაში მთავარ როლს ევროკავშირს ანიჭებს – დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ჩართვა. „მე ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ხალხები ერთ რამეში დავარწმუნოთ – მათი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში უფრო ნათელი იქნება. მე მზად ვარ დღე და ღამე ვიმუშაო იმისთვის, რომ კავკასიაში ურთიერთნდობასა და უფრო ინტესიურ დიალოგზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მშვიდობას მივაღწიოთ“ – საჯაროდ დებს პირობას მინისტრი (openDemocracy). საკუთარი ხედვები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ ფიგურებსაც აქვთ. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი თავს დებს, რომ რუსეთი თანახმაა, უკან წაიღოს სეპარატისტების აღიარება, თუ საქართველო თავად მოაგვარებს ურთიერთობებს. რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ირაკლი ალასანიაც El Mundo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ოღონდ, მისივე განცხადებით, ეს საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. საქართველოს „ნაციონალური უსაფრთხოება“ კი სწორედაც ის საკითხია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: საქართველოს ოცნება ნატო-ზე კრემლი დანაკარგების კომპენსირებას იწყებს და წარმატებებს აღწევს. ამაში ეჭვი აღარვის ეპარება. ფერადი რევოლუციების კრახი უკრაინასა და ყირგიზეთში, დასავლეთთან ურთიერთობების დათბობა მოსკოვს საკუთარ ძალებში სულ უფრო არწმუნებს. ბევრი თვლის, რომ ჯერი საქართველოზეა. აშშ-ს პრიორიტეტებში წამყვანი ადგილი ირანმა, ავღანეთმა და START-მა დაიკავა. ამან მსოფლიოში ამერიკული დემოკრატიის გავრცელების მისია უკანა პლანზე გადაწია. დასავლეთმა უარი თქვა რუსეთთან კონფრონტაციაზე და გადაწყვიტა, რომ მასთან საერთო ინტერესებზე მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე „ცივი ომის“ ეპოქის დროინდელ მტრად განხილვა. მსგავსი სიტუაციით დაზარალებული საქართველო ჯიუტად ყველა შანსს იყენებს, რომ დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს. ამის მაგალითად ავღანეთში ჯარისკაცთა 1000 კაციანი კონტიგენტის გაგზავნაც გამოდგება. ცოტა ხნის წინ ნატო-მ მაპი მიანიჭა „ერთი ციცქნა და დანაწევრებულ“ ბოსნიას და ჰერცოგოვინას. როგორც წესი სამოქმედო გეგმის მიღების შემდეგ ალიანში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. მაინც რით იმსახურებდა ბოსნია მაპ-ს უფრო მეტად, ვიდრე საქართველო? მაიკლ ჩეჩირე (Eurasia Review) მიიჩნევს, რომ არც არაფრით. თუ ობიექტური კრიტერიუმების შედარებაზე მიდგა საქმე, საქართველოს წვლილი ISAF-ის საერთაშორისო ძალებში გაცილებით შთამბეჭდავია, ბოსნიასგან განსხვავებით, არც ერთი გაფრთხილება არ აქვს მიღებული და ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ რეიტინგებშიც უკეთესი მაჩვენებელი აქვს. რეალურად, ბოსნიის მთავარ უპირატესობას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ნაკლებადაა მისით დაინტერესებული. გამოდის, რომ კრემლს ნატო-ში ახალ წევრთა დაბლოკვის ექსკლუზიური უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი ამას თავგამოდებით უარყოფს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს: მაქსიმალურად გაზარდოს რუსეთის აგრესიის ფასი. საქართველოზე თავდასხმა ძვირი უნდა დაჯდეს: „უფრო მყარი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რეფორმების სფეროში სერიოზულ პროგრესთან ერთად, საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანებისა და მოსკოვის გრძელი ხელისგან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლო შანსია“. კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დადგომის მიზეზი მოგვიანებით მოგვეცა: თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ საკითხზე შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ბარიერი“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზე. თავის დროზე ბუშმა ეს შეთანხმება სწორედ საქართველოსთან ომის გამო შეაჩერა. რა თქმა უნდა, ობამას ადმინისტრაციას შეეძლო აღენიშნა, რომ საქართველოს გამო რუსეთთან უთანხმოება ძალაში რჩება, თუმცა ამას პირდაპირი კავშირი არ აქვს ბირთვულ შეთანხმებასთან. ამის ნაცვლად, ყველაფერი „პირდაპირ“ ითქვა. ოფიციალურად აშშ-ს აცხადებს, რომ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას არ ცნობს, მაგრამ, საყოველთაო მოსაზრებით, ქმედებები საპირისპიროს ამტკიცებს. დევიზი „რუსეთი უპირველეს ყოვლისა“ კიდევ უფრო უარესობისკენ იცვლება: „მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“. Washington post-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი დევიდ კრამერი ამერიკის ლიდერს ურჩევს, გამოიყენოს ხშირი კონტაქტები მედვედევთან და მკაფიო გზავნილებით გააგებინოს: აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ და მათი ტერიტორიების ოკუპაცია. ვაშინგტონისთვის სასურველი იქნებოდა, მოსკოვისთვის მწვანე შუქის ანთების ნაცვლად, „მეგობრები და პარტნიორები“ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ „ზოგიერთ იქაურ ლიდერთან, შესაძლოა მოლაპარაკება არც ისე იოლია, იმავდროულად დემოკრატიის იდეალებისა და ადამიანის უფლებების მხრივ ისინი იდეალურები არ არიან, მაგრამ ამ მხრივ იდეალური არც მედვედევია და არც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.“ საკითხის სხვაგვარ ინტერპრეტაციასაც შევხვდებით. მართალია, ობამას ნაბიჯებს „ღალატსაც“ კი უწოდებენ და უხერხულადაც მიაჩნიათ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების ფონზე, მაგრამ ზოგიერთი იმასაც თვლის, რომ სააკაშვილი მეტს არც იმსახურებს: 2008 წლის ნამდვილი და „იმედის“ მიერ ხორცშესხმული ინსცენირებული ომის შემდეგ, მან „დაადასტურა, რომ ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და სახიფათო პარტნიორია. ობამა, როგორც სჩანს ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა“ (The Huffington Post). ამასობაში ხელ-ფეხ გახსნილმა რუსეთმა უკვე 50 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ „ახლო აღმოსავლეთი“ საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრად აქციოს. შეიქმნა საბაჟო კავშირი ბელორუსთან და ყაზახეთთან, უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს გადახედა და გაზზე ფასდაკლების სანაცვლოდ რუსეთს საზღვაო სამხედრო ფლოტის იჯარა 25 წლით გაუგრძელა. ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ დასავლეთ-ევროპასთან მკაცრი ენერგეტიკული ურთიერთობები, ასევე აქტიური ზეწოლა შეერთებულ შტატებზე, რამაც ვაშინგტონს ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვასთან დაკავშირებული გეგმების გადახედვა აიძულა. მედვედევი ხშირად იყენებს სიტყვებს „ღია“ კარი და „პარტნიორი“, თუმცა რთულია, დარწმუნებული იყო მის „კეთილ ზრახვებში“. „ახალი რიტორიკის მიღმა იმალება ძველი მსოფლმხედველობა (რომელშიც ძველებურად „ბლოკური“ აზროვნებაა გაბატონებული), ხოლო პრაქტიკული ნაბიჯები მისგან ლოგიკურად გამომდინარეობს.“ – წერს Chirstian Science Monitor-ი. მოკლედ, „ფერადმა რევოლუციებმა“ პირი მოსკოვისკენ იბრუნეს. მაინც რამ გამოიწვია ეს კრახი? დენიელ ლარისონი (The Week) თვლის, რომ აშშ-მ საქართველოსა და უკრაინაში არასწორად გათვალა მთავარი: ხალხის ჭეშმარიტი ინტერესები და მათი მოთხოვნა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. პატივცემულმა ავტორმა ეს დასკვნა საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებამდე გამოიტანა – წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა, რომ აქ ჯერ კიდევ ანტი-რუსული რიტორიკა უფრო ჭრის, ვიდრე პრო-რუსული. ეს ალბათ კრემლმაც სათანადოდ შეაფასა – საინტერესოა, რა არის ბურჯანაძესა და ნოღაიდელზე დაფუძნებული იმედების მიღმა არსებული გეგმა ბ. ცხადი მხოლოდ ის არის, რომ რუსეთი საქართველოს თავისი გავლენის „ლეგიტიმურ სფეროდ“ მიიჩნევს. Times-ი გვირჩევს, რომ ნატოსთვის თავის შეფარების იმედით მზარდი რუსული გავლენებისგან თავქუდმოგლეჯლით გამოქცეულება მოთმინება მოვიკრიბოთ, რადგან რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობით დაინტერესებულ აშშ-ს კონფრონტაცია სრულებითაც არ სურს. ასე და ამრიგად, ეჭვობენ, რომ ამერიკული „თავისუფლების პროგრამა“ დასრულდა, საქართველო კი დარჩა „მარტო სახლში“. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ იმედი ვიქონიოთ, სიტუაცია არც ასე დრამატულია. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ განლაგდება საქართველოს ბედ-იღბალი ზე-სახელმწიფოების ინტერესთა ბადეში. გზების ძიებაში ზემოთაც კარგად გამოჩნდა, რამდენი მიზეზი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ თავი დაუცველად იგრძნოს. თბილისი შეძლებისდაგვარად ისწრაფვის, დასავლეთს ერთგულება დაუმტკიცოს, მაგრამ ამის პარალელურად რეგიონალური პოლიტიკის გააქტიურებასაც ცდილობს – რა იცი, რა ხდება. ანალიტიკოსები ამბებენ, რომ საქართველოს ეშინია რუსეთთან პირისპირ დარჩენის, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება – დასავლეთმა პოზიციები შეიცვალა. ამ ფონზე საქართველოს თურქეთთან და ირანთან კავშირების გაძლიერება გადაწყვიტა. მაისის თვეში ჩვენ ერთდროულად გვესტუმრნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ირანის მთავარი დიპლომატი. სააკაშვილმა თბილისში ირანის პრეზიდენტიც მოიპატიჟა. ვლადიმერ სოკორი (balkans.com) მიიჩნევს, რომ ერდოღანის ვიზიტმა ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას ოპტიმისტური ხასიათი შესძინა. თურქეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის შემდეგ შექმნილი სიცარიელე შეუვსო საქართველოს და მის ნორმერ პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცა. საქართველოში ერდოღანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თურქეთმა, ბრალიზილიასთან ერთად, ირანთან შეთანხმების გაფორმებას მიაღწია. ეს უკანასკნელი მაღალგამდიდრებული ურანის სანაცვლოდ თურქეთში შესანახად გააგზავნის თავის დაბალგამდიდრებული ურანის მარაგების ნაწილს. ანალიტიკოსები ვარუდობენ, რომ ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესის ილუზიის შექმნა არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივებს უხატავს აშშ-ს. ახალი შეთანხმება, რომელშიც არაფერია ნათქვამი მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ირანის ბირთვული პროგრამის შეტანაზე, შესაძლოა განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლის ნაწილსაც აშშ უდგას სათავეში, მეორე ნაწილი კი განვითარებადი ქვეყნებია. თურქეთისა და ბრაზილიის ამბიციები სულ უფრო იზრდება, ისინი ირანთან საქმიან თანამშროლობას იწყებენ: ამიტომ არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ ორმა ქვეყანამ ხმა არ მისცენ აშშ-ს სანქციების მოთხოვნის რეზოლუციას გაერო-ში (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინეთზე).(The Washington Post) ამ ყველაფერზე ევროპის, აშშ-სა და რუსეთის რეაქცია სკეპტიკური იყო. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეთანხმებისა და რეზოლუციის ერთმანეთთან დაკავშირება მართებული არ არის, თუმცა თავისთავად ფაქტს დადებითად აფასებენ. მავანნი იმასაც აღნიშნავენ, რომ თუქეთი-ბრაზილია-ირანის ახალმა შეთანხმებამ საქართველოს შვების ამოსუნთქვის საშულება მისცა. ეს მართლაც ასე იქნება, თუ თურქეთ-ბრაზილიის შუამავლობა ირანთან ცოტა ხნით მაინც შეაჩერებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებული ვაჭრობას. „სწორედ ეს იყო აშშ-ს პრობლემების მიზეზი – ის ამ რეგიონში თავის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს ირანის წინააღმდეგ სანქციებისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას სწირავდა“ (balkans.com). ანგარიშები და სტრატეგიები ამ ყველფრის პარალელურად ნატო-ს არსებობის საჭიროებაზე, მის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბუნებრივია, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის გაჟღერებას მთელი მსოფიო ინტერესით ელოდა. ეს ხომ ის დოკუმენტია, რომელიც პირველად, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, ალიანსის ამოცანების საფუძვლიან გადაფასებას ახდენს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტა ჯგუფმა მადლენ ოლბრაიტის მეთაურობით ცხრა თვის მანძილზე ათასობით კონსულტაცია გაიარა და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას შეეცადა, როგორიცაა ნატო-ს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, ალიანსის აქტუალობის შენარჩუნება, მისი გაფართოება-არგაფართოების საკითხები და ა.შ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოლბრაიტის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებმა წინსვლისკენ უნდა უბიძგოს ალიანსს, რომელიც „გასულ საუკუნეშია ჩარჩენილი“ და რომელსაც საკუთარ „ევროპეისტებისა“ და „გლობალისტების“ ბანაკებს შორის ბალანსის ძიება უწევს (CEPA). ნატოს სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე ლონდონელ ექსპერტთა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ნატო მისი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემებს იმდენად არაფრად აგდებს, რომ ზოგიერთ მათგანს შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება სურს“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ: კრიზისის, ვთქვათ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში ნატო მათ ვერ დაიცავს. ანგარიშში იმაზეც არის საუბარი, რომ 2008 წლის აგვისტოში ნატო მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რუსეთის საქართველოში ინტერვენციას გამკლავებოდა. ერთი შეხედვით, ალიანსის წინაშე დილემაა: რუსეთთან „გადატვირთოს“ ურთიერთობები, თუ აღმოსავლეთ-ევროპელი პარტნიორები დააწყნაროს. თუმცა ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ეს ცრუ დილემაა. ალიანსს ორმხრივი სტრატეგია სჭირდება, რომელიც მას ერთდროულად ორივე მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემს“ (The New York Times). ამ შფოთვას გარკვეულწილად გამოეხმაურა თვითონ სტრატეგიის ანგარიშიც: მასში საუბარია კოლექტიურ უსაფრთხოებაზე და თითოეული წევრის დაცვაზე. გარდა ამისა, ახალი პროგრამული განაცხადის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის ომი უნდა მოიგოს, უპასუხოს ისეთ საფრთხეს როგორიც ჩასახვის პროცესში ყოფი ირანული სარაკეტო პოტენციალია და გააფართოვოს კავშირები რუსეთთან. რუსეთთან დაკავშირებით ოლბრაიტი პოზიტიურ ფაქტორად განიხილავს საერთო ინტერესებს – თანამშრობლობას ავღანეთის პრობლემის, ბირთვული უსაფრთხოების და ტერორიზმის საკითხების გარშემო. მაგრამ არსებობს ნეგატიური ფაქტორიც: კერძოდ, ნატო-ს წევრი ექს-საბჭოთა ქვეყნების „დაძაბული გრძნობები“ და შესაბამისი სკეპტიკური დამოკიდებულება კრემლთან ურთიერთობის დათბობისადმი. დოკუმენტში უკრაინასთან ერთად საქართველოცაა ნახსენები. ამ ქვეყნებთან დაკავშირებით ნატო-მ „უნდა შეინარჩუნოს ”ღია კარის პოლიტიკა”, მაგრამ არ უნდა გასცდეს რეკომენდაციებს თანამშრომლობის არსებული შეთანხმებების უკეთესი გამოყენების შესახებ“ (RadioLiberty). რუსეთი არც ისე კმაყოფილი დარჩა. კრემლში აცხადებენ, რომ არ მოსწონთ ნატო-ს წევრთა ორაზროვანი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ასევე ბუნდოვნად მიაჩნიათ დასავლეთის წინადადება ერთობლივ ანტი-სარაკეტო ფართან დაკავშირებით. როგოზინი იმასაც ასკვნის, რომ ნატო-ს არსებობის აუცილებლობა საერთოდ აღარ არსებობს (Financial Times). მიუხედავად ამისა, მოსკოვის კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელმაც, სავარაუდოდ, შეგნებულად გამოჟონა, ნათქვამია, რომ რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს – ის ემიჯნება უკანასკნელი ხანების კონფრონტაციულ ხაზს და დასავლეთისკენ ბრუნდება. ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთს ბევრ საკითხში ემიჯნება და ტრადიციულად გმობს აშშ-ს მისწრაფებას გლობალურ გავლენების მოპოვებისადმი (The Wall Street Journal). სტრატეგიული ანგარიში გამოაქვეყნა ობამამაც. სტრატეგიაში ნახსენებია ერთმანეთისგან „განუყოფელი“ ოთხი „მუდმივი ნაციონალური ინტერესი“: უსაფრთხოება, განვითარება, ღირებულებები და საერთაშორისო წესრიგი. ახალი დოქტრინა სრულად ემიჯნება ბუშისეულ სამხედრო მიდგომას. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ობამას ხედვით, სამხედრო უპირატესობა არ უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ „როდესაც ჩვენ ბოროტად ვიყენებთ ჩვენს სამხედრო სიძლიერეს ან არ ვიყენებთ დამატებით ინსტრუმენტებს ან პარტნიორების გარეშე ვმოქმედებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები უკიდურესად დაძაბულია. ამერიკელები მძიმე ტვირთს ატარებენ, ჩვენი ლიდერობა კი ზედმეტად ასოცირდება მხოლოდ ჩვენს სამხედრო ძალასთან“ - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი (The Washington Post) აღლუმი წითელ მოედანზე და არშემდგარი დიპლომატიური სკანდალი დასაწყისში რუსული აღლუმი ვახსენეთ. ლირიული გადახვევა არ იქნება, თუ ამ თემას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. 9 მაისს წითელ მოედანზე რუს „თანამოძმეებთან“ ერთად მარშით ჩაიარეს ნატოს და დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყნის ჯარისკაცებმა, ფაშისტური გერმანიის დამარცხების 65 წლისთავის აღსანიშნავად. მოსკოვმა გადაწყიტა, ძალის დემონსტრირება მოეხდინა. ტრადიციულად, სამხედრო აღლუმები რუსეთში „ცივი ომის“ ეპოქის მტრებზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავდა მიზნად. ამჟამად, მსოფლიოს გარდა, აღლუმი დიდწილად შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. მართლაც, ღონისძიებას რუსეთის მოსახლეობის უპრეცენდენტო რაოდენობამ ადევნა თვალი და ალბათ გული სიამაყით აევსო. მართალია, წარმოდგენილი სამხედრო ტექნიკა ძირითადად საბჭოთა ეპოქის რელიქტი გახლდათ და რუსეთის სამხედრო შეიარაღების მხოლოდ ილუზორულ უძლეველობაზე თუ მეტყველებდა, სამაგიეროდ ძალზედ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა მეზობელი ქვეყნებისთვის. რუსთა აღტკინება ვერც იმ ფაქტმა დაჩრდილა, რომ მიწვეული 40 ლიდერიდან მოსკოვში მხოლოდ 21 ჩაფრინდა – აქიდანაც, მხოლოდ ერთი – ანგელა მერკელი გახლდათ მნიშვნელოვანი ფიგურა. ვიზიტზე სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს სარკოზიმ, ბერლუსკონიმ, ბრაუნმა და ობამამაც – მაშინ, როცა თავის დროზე, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების არც თუ ისე სახარბიელო ჟამს, ბუში მოსკოვს ეწვია და აღლუმსაც დაესწრო. კულუარებში ამბობენ, რომ მოსკოვი განარისხა სარკოზის მიერ ვიზიტის ერთი დღით ადრე გაუქმებამ. პუტინმა ასევე სრულიად უბოდიშოდ სტკიცა უარი ობამასა და ბრაუნის სანაცვლოდ შემოთავაზებული ბაიდენსა და პრინც ჩარლზს. დიპლომატიურ წრეებს სალაპარაკო მიეცათ: ბევრს გაახსენდა ბაიდენის თბილი ურთიერთობები სააკაშვილთან, ასევე ბერეზოვსკი, რომელსაც თავშესაფარი ინგლისმა მისცა. საბოლოო ჯამში, დიპლომატიური სკანდალი არ შედგა. მაშინ, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დათბობისკენ მიდის, აღლუმზე არ დასწრება განხეთქილების საბაბი ვერ გახდებოდა. ობამა და მედვედევი ამის გარეშეც ინტენსიურად კონტაქტობენ ერთმანეთთან. ასეა თუ ისე, ობამამ უარი ვერ თქვა ჰემპტონის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე, აღლუმზე კი მისი არყოფნა არც შეუმჩნევიათ. „ობამა რუს ხალხს მიმართავს“ - ღიმილით ცდილობს წარმოიდგენას საბჭოთა ვეტარანი ქალბატონი - „ნამდვილი საგიჟეთია“ (True Slant). ნინო მაჭარაშვილი სოციოლოგი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts