Jump to content
Planeta.Ge

ონკოპაციენტები დაფინანსებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ


ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი; ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას.

ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა.

მათ 3 მარტს პარლამენტთან აქციაც დააანონსეს.

„საქართველოში ონკოლოგიური პაციენტები ვერ იღებენ სრულფასოვან და ხელმისაწვდომ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს.

ჩვენ მივმართეთ ყველა სამთავრობო უწყებას დახმარების მოთხოვნით.

დღეს კიდევ ერთხელ შევიტანეთ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის სახელზე, რადგან ბატონი ირაკლისთვის, როგორც პრემიერისთვის და როგორც იურისტისთვის, უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მასთან პირდაპირ კომუნიკაციას და დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ბატონი ირაკლი შეძლებს სწრაფად და ეფექტურად გამოასწოროს ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და დაგვეხმაროს უამრავი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ვინაიდან ჩვენთვის თითოეული დღეც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროტესტი, ვცდილობთ ამ გზით გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მოვიპოვოთ ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. 3 მარტს 3 საათზე შევიკრიბებით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ ჯანდაცვაში არსებულ ხარვეზებს და მოვითხოვთ პრემიერთან პირდაპირ კომუნიკაციას.

დღეს ამ პრობლემის წინაშე დგას  უამრავი ადამიანი და ხვალ ვისი პრობლემა იქნება, არ ვიცით, რადგან კიბოს მუდმივად მზარდი სტატისტიკა და მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგების ვარაუდი, რომ გარემოს დაბინძურების და უამრავი უმართავი პრობლემის გამო, კიდევ უფრო გაიზრდება ონკოპაციენტების რიცხვი, არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის და ლოდინის საშუალებას!“, – განაცხადეს მათ.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პრემიერს წერილით პირველად 12 თებერვალს მიმართეს, რის შემდეგაც მათ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო. 16 თებერვალს შედგა შეხვედრა სამინისტროში, რომელიც, მისი თქმით, არაპროდუქტიულად დასრულდა, რადგან ორგანიზაციის წევრებმა შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

„12 თებერვალს შეტანილი განცხადებით და ბატონი ირაკლის ხელშეწყობით შევხვდით ჯანდაცვას და აბსოლუტურად უშედეგოდ. ახლა გვაქვს იმედი, რომ თვითონ შეგვხვდება და მოისმენს პირადად ჩვენგან, რაც გვჭირდება და როგორ გვიშველის, ეგ არის საინტერესო. სამინისტროს გეგმები, შეიძლება, გაწერილია თვეებსა და წლებზე, მაგრამ ჩვენ ეს დრო ფიზიკურად არ გვაქვს. 16 თებერვალს გვითხრეს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ისევ არ გვაქვს წამალი, ისევ არ ვფინანსდებით. [წამლის] კოდები კი მოგვდის, მაგრამ წამალი ფიზიკურად არ არის აფთიაქებში, ამბობენ, რომ დეფიციტია. რამენაირად გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს“, – განაცხადა ნატო სადუნიშვილმა.




publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...