Jump to content
Planeta.Ge

UNICEF-ის ექსპერტი - მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს - მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს


მოზარდების 10% ამბობს, რომ მშობლები აფინანსებენ მათ თამაშს, მშობელმა იცის, რისთვის აძლევს ფულს და ფიქრობს, რომ ასე უფრო დაცულია, თუ სახლში პოკერს ითამაშებს, ვიდრე ვთქვათ, თანატოლებთან ფეხბურთის თამაშით, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ მუშაობა საჭიროა რამდენიმე მიმართულებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრევენცია და საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც იმუშავებს სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

„კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად, დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის - თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება,“ - განაცხადა გუგა ბესელიამ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...