პოლარიზაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე – წინასაარჩევნო გამოწვევები NDI-ს ანგარიშში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა.
NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია:
- პოლარიზაცია;
- სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები;
- პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები;
- ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები.
NDI-ს ევრაზიის რეგიონული დირექტორის, ევა ბუშას შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ არსებული გამოწვევების რისკი შემცირდეს.
ორგანიზაციამ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რაც ამ დროისთვის უკვე შეინიშნება ქვეყანაში. მათ შორისაა:
- მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა;
- საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ;
- მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე;
- გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება;
- არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა.
“ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ”, – განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, ანგარიშის პრეზენტაციისას NDI-ს წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მედიის მისამართით გამოხატულ მტრულ რიტორიკაზე, მუქარასა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე განსხვავებული პოზიციების მქონეთა მიმართ, მიზოგენური შინაარსის თავდასხმებზე ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
რიჩარდ კლაინის, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორის განცხადებით, არჩევების დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი. პერ ეკლუნდის თქმით, კი ცესკოს წევრების დაკომპლექტების ბოლოდროინდელი პრაქტიკის გამო შემცირებულია ნდობა უწყების მიმართ. ეკლუნდმა ყურადღება გაამახვილა 5%-იან საარჩევნო ბარიერზე და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა შემამციროს პარტიათა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.
ცნობილია, რომ NDI საქართველოში გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას გამოაგზავნის – ისინი დააკვირდებიან როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს, ისე წინასაარჩევნო პერიოდს.
სადამკვირვებლო დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი.
ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – საია-ს, ISFED-ს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, მედიის სფეროს წარმომადგენლებს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.