Jump to content
Planeta.Ge

ადვოკატის ინფორმაციით, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ რეზი გამხიტაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს


გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.

ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დაკავებული მედიკამენტებს, როგორც მისთვის ცნობილია, არ იღებდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა, ის დუმილის უფლებას იყენებს. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით წარედგინა. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ჩვენი საუბარი კონფიდენციალურია. საქმის მასალებს გადმომცემენ და ამის შემდეგ გავერკვევი დეტალურად. სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იქნება. სასამართლოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დავაყენებ და ალტერნატივის სახით გირაოს შევთავაზებ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...