Jump to content
Planeta.Ge

15 და 27-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები ახმეტელის თეატრიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს - „გილდია“


დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიის“ განცხადებით, ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან, დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე 2 კაპელდინერი. თეატრის თანამშრომლები, გაურკვეველი მიზეზით, იანვარში გაათავისუფლეს.

პროფკავშირის განცხადებით, დასაქმებულებმა თავიანთი დარღვეულ უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართეს, სადაც მათი წარმომადგენელი „გილდია“ იქნება.

„გილდია“ აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ  დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში ორივე კაპელდინერი თეატრში უვადოდ იყო დასაქმებული.

ასევე შრომის კოდექსის მიხედვით, თეატრი ვალდებული იყო დასაქმებულებისთვის მიეთითებინა, მათი გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, რაც ადმინისტრაციას არ გაუკეთებია.

„თეატრისგან გამოთხოვილ იქნა ორივე კაპელდინერის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება და სხვა დოკუმენტები, თუმცა აღნიშნული შეტყობინება თეატრმა უპასუხოდ დატოვა“, – აცხადებს „გილდია“.

პროფკავშირის განცხადებით, ახმეტელის თეატრმა არ შეასრულა შრომის კოდექსით გათვალისწინებული კიდევ ერთი ვალდებულება. შრომის კოდექსით გათვალისწინებულია, რომ თუკი დასაქმებული 30 დღის ვადაში მოითხოვს მისი გათავისუფლების წერილობით დასაბუთებას, დამსაქმებელი ვალდებულია, ეს დასაბუთება გააცნოს 7 დღის ვადაში.

თეატრმა კი არც ეს ვალდებულება შეასრულა და უპასუხოდ დატოვა დასაქმებულთა შეტყობინება.

„ყოვლად მიუღებელია თეატრის აღნიშნული დამოკიდებულება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სტაჟიანი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, რაც სამართლებრივი ნორმების გარდა, მორალურ პრინციპებსაც არღვევს.

მოვუწოდებთ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და თბილისის მთავრობას, როგორც თეატრის დამფუძნებელს, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ფაქტს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რათა შემდგომში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს“, – აცხადებს „გილდია“.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...