Jump to content
Planeta.Ge

„ახლისადმი ინტერესი ამ ასაკშიც არ დამიკარგავს” – მზექალა შანიძის ამბავი


მართალია, თავად ამბობს, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად არ მიმაჩნიაო, მაგრამ მისი მიდგომა საკითხებისადმი და უცვლელი ინტერესი სიახლისადმი, მის კვლევებთან ერთად, მზექალა შანიძეს ბევრი ნიშნით გამორჩეულ ფიგურად აქცევს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის.

ჩვენი საუბარი ბავშვობით დაიწყო, სადაც რა გასაკვირია, რომ მისი მთავარი ინტერესი წიგნი იყო:

წიგნი – მთავარი ინტერესი

ყოველთვის წიგნი იყო ჩემი ინტერესი. მე მგონი, რომ დავიბადე, პირველად წიგნებს შევხედე, ამიტომ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა. მართალია, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მათემატიკაც მემარჯვებოდა, მაგრამ წიგნს რომ გადაფურცლავ და წაიკითხავ, იქიდან მიღებული ინფორმაცია ჩემთვის მაინც სხვა არის. ბავშვობაში ვკითხულობდი იმასაც, რაც შეიძლებოდა და იმასაც, რაც არ შეიძლებოდა. აი, ასე თანდათანობით მივედი წიგნამდე და პროფესიამდე.

რაც შეეხება ენების სწავლას, ინგლისური ასე შევისწავლე – მყავდა ინგლისელი მასწავლებელი, ძალიან კარგი ქალი იყო. პატარა რომ ვიყავი, დააპატიმრეს და გააქრეს. დამრჩა წიგნები, ამ წიგნებს ვკითხულობდი. რაც არ მესმოდა, ვტოვებდი, რაც მესმოდა კი, ვკითხულობდი და ასე უნებურად შევისწავლე ინგლისური ენა. როცა უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, ფრანგულზე დავდიოდი და ასე რაღაცნაირად შემომესწავლა ეს ენები.

უნივერსიტეტში ჩაბარება და ქალი მეცნიერის გამოცდილება

უნივერსიტეტში სწავლა ომის დროს დავიწყე. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, უკეთ რომ ვთქვა, მე რომ დავიწყე სწავლა, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არ იყო, ჩემი სწავლის დროს ჩამოაყალიბეს და იქ გადავედი, მაშინ მოდაში იყო და მეც მაინტერესებდა.

ჩვენს ოჯახში არ ყოფილა ასეთი წინააღმდეგობა, დედაჩემსაც უნდოდა, რომ მესწავლა, მამაჩემი ბევრ რამეში ძველებური შეხედულების კაცი იყო და სიმართლე გითხრათ, მეცნიერად ქალებს კაცები ერჩივნა, მაგრამ რაკი ძალიან გავძალიანდი, ჩემთვის არაფერი უთქვამს და მერე მეც დავიწყე მუშაობა.

საერთოდ რომ გითხრათ, ამ ბოლო ხანებში იმდენია ქალი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე და იმდენი ვიცით მათ შესახებ, ვფიქრობ, ქალს არ უნდა უჭირდეს მეცნიერული მუშაობა, თუ სათანადო პირობები აქვს.

ჩემს დროს არ იყო კარგი პირობები. ოჯახი მქონდა და შვილები მყავდა, ამის გამო რამდენჯერ ღამე მიკეთებია სადილი და მირეცხია სარეცხი, მაგრამ პრინციპულად ეს გულისხმობს ისეთ მინიმალურ ოჯახურ კომფორტს და ხელშეწყობას, რათა ზედმეტად არ აკეთო შავი სამუშაო და აკეთო უფრო სასარგებლო რამ.

ბრძოლა სტერეოტიპთან

მე მომიხდა ბრძოლა ისეთ სტერეოტიპთან… რომ თურმე ხუთებს არ ვწერ და სულყველას ვჭრი. ეს არ არის სიმართლე, მე არა მაქვს არავითარი მორალური უფლება, რომ თუ ადამიანს კარგი ნიშანი ეკუთვნის, იმას ის არ დავუწერო. ეს არის ოღონდ, როგორია ჩვენს სწავლებაში პრინციპი – რაში ვწერთ კარგ ნიშანს და რაში – არა.

ვარლამ დონდუა იყო ცნობილი მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის მეგობარი, მეც კარგად ვიცნობდი. ერთხელ უსაყვედურეს, თქვენ სტუდენტებს ნიშნებს დაბლა უწევთო. ახირებული ლაპარაკი იცოდა და უპასუხა – ჩვენ არ ვეკითხებით სტუდენტებს, როდის მოკვდა თამარ მეფე, ჩვენ ვეკითხებით – ხომ მოკვდა თამარ მეფე 1213 წელსო. როდესაც სწავლება მიმდინარეობს ამ პრინციპით – ხომ მოკვდა თამარ მეფე 1213 წელს – ჩემი თვალსაზრისით, ასეთი სწავლება არ არის სწორი და, სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად დღესაც ასეა.

მე როდესაც ვასწავლიდი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, ნიშანს როცა არ დავუწერდი სტუდენტს, შეიქნებოდა ერთი ჰაი – ჰუი, დაიბარებდნენ სტუდენტს, ხელახლა ჩაუტარებდნენ გამოცდას, ხანდახან მე თვითონ არც კი დამასწრებდნენ ამ გამოცდას, რაც წესი არ არის. დაბოლოს, რაღაცას რომ იტყოდა – კაცო, რაღაც ხომ თქვა და დავუწეროთ ნიშანიო – ეს არ შეიძლება.

დღევანდელი განათლების სისტემა

ისეთი ქაოსია ჩვენს განათლების სისტემაში, არ ვიცი, როდის უნდა გამოვძვრეთ ამ ქაოსიდან. ორი უკიდურესობა გვაქვს: დღევანდელი ინფორმაციის სიმრავლე გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ ძალიან დიდი ინფორმაცია. ადამიანს  თუ აქვს ამის სურვილი, ძალიან ბევრი შეუძლია ისწავლოს დამოუკიდებლად. შეიძლება სვანეთის რომელიმე სოფელში მოსწავლემ იცოდეს ისეთი რამ, რაც არ იცის ძალიან თავმოწონებულმა მოსწავლემ ქალაქში, მაგრამ ამისათვის საჭიროა სურვილი და მონდომება. ამიტომ გვაქვს ჩვენს მოსწავლე- ახალგაზრდობაში ასეთი სიჭრელე. არის ერთი ნაწილი, რომელიც კარგად არის ორიენტირებული, (როგორც ახლა იტყვიან), ბევრი რამ იცის, ისეთი რამ, რაც შესაძლოა, ჩვენ როცა მოსწავლეები ვიყავით, არ ვიცოდით, და არის მეორე ნაწილი, რომელმაც საერთოდ არაფერი არ იცის.

ხელნაწერებთან ურთიერთობა

ჩემი მუშაობა არ მიმაჩნია დიდ რამედ. არაფერი განსაკუთრებული არ შემიქმნია, მაგრამ ვცდილობდი, რასაც ვწერდი, ისეთ დონეზე ყოფილიყო, არ ეთქვათ – ეს რა დაუწერიაო.

ხელნაწერთა ინსტიტუტში ვიყავი თანამშრომელი, საკმაოდ ბევრი მაქვს ნამუშევარი ხელნაწერებზე და უნდა გითხრათ, რომ ხელნაწერი ისეთი რამაა, ერთხელ რომ შეგეყრება მისი სენი, ვეღარ მოიშორებ, სულ იმას უყურებ.

ძალიან დიდ ინფორმაციას იძლევა ხელნაწერი წარსულის შესახებ, ეს არ არის მხოლოდ დამწერლობების (ნუსხურია თუ მთავრული) ცოდნა. მინაწერები და სიძველე, როცა იცი, რომ ხელნაწერი არის 864 წლის, ეს სულ სხვა გრძნობაა. სინაზე როდესაც ვიყავი, ხელში მეჭირა ქართული უძველესი სინური მრავალთავი და ასე მეგონა, რომ თუ სადმე ქვეყანაზე რამე საუნჯეა, ის ახლა მე მიჭირავს ხელში – მეთქი.

ეს სიყვარული არ ქრება?…

რა თქმა უნდა.

ახლის გაგების სურვილი

არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხი ავუწყო თანამედროვეობას, მაგრამ იმის ინტერესი, რაც ხდება თუ მეცნიერებაში თუ სხვა დარგებში, არ დამიკარგავს.

მახსოვს, ერთხელ მამაჩემმა ჩერჩილის მემუარები წაიკითხა. ის მემუარები, რომლებშიც ჩერჩილმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში და კმაყოფილებით თქვა, რამდენი რამე ვისწავლეო. ენობრივი თვალსაზრისით ძნელი წასაკითხი არ არის, მაგრამ იმდენი დეტალი, პიროვნება და სიტუაციაა განხილული, ჩვენ ხომ რკინის ფარდის უკან ვიყავით და ეს ყველაფერი არ ვიცოდით. აი, ეს სურვილი, რომ რაღაც ახალი გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 100 წლისა ვარ, 98 წლისა ვარ, ვეღარ დავმალავ ამას, და მიუხედავად ამისა, ეს ინტერესი, რომ კიდევ რაღაც გავიგო, რა ხდება თუ მეცნიერებაში, თუ საერთოდ ქვეყანაზე, კიდევ შემრჩა.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...