Jump to content
Planeta.Ge

ეკა ლომიძე: ეს კანონი არა პრობლემის აღმოფხვრას, არამედ ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას უფრო ემსახურება


ცხოველთა მოყვარული საზოგადოება და ცხოველთა უფლებადამცველები წლებია ელოდებიან შინაურ, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც ქუჩის მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მათ მიმკედლებელ ადამიანებსაც დაეხმარება და ჯიშიანი ცხოველების პატრონთა პასუხისმგებობებსაც გაზრდის, ვინაიდან მათი მხრიდან ცხოველების მიტოვების ფაქტები ხშირია.

გასულ კვირას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო, რომლის შინაარსმაც კანონის მომლოდინე ადამიანები არათუ დააკმაყოფილა, პირიქით, მათი დიდი აღშფოება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტის სხვა ვერსიების შემუშავებისას კონსულტაციებში ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვეტერინარებიც მონაწილეობდნენ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვარიანტზე მუშაობის პროცესს მათი უმეტესობა არ დასწრებია და თუ ვინმე დაესწრო, მათი რეკომენდაციებიდან ბევრი არც არაფერი გაუთვალისწინებიათ.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღეა ამ თემაზე კამათი და ვნებათაღელვა არ ცხრება და როგორც ჩანს, ვერც ჩაცხრება, თუ ჩვენი კანონმდებლები სპეციალისტთა შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ. კანონის ერთ-ერთი მუხლი, რომელზეც არავინ დავობს, ეხება შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების საკითხს, რის შემთხვევაშიც ფიზიკური პირი  3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით დაჯარიმდება. ამ ნაწილში ცხოველთა უფლებების დამცველები თანახმა არიან, ჯარიმა კიდევ უფრო გაიზარდოს.   

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ვერც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და არც  ადამიანის კომპანიონი ცხოველების ინტერესების ან მათი კეთილდრეობის დაცვას ემსახურება.

ცხოველთა უფლებების დამცველი, ვეტერინარი, საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს და ის ამ სახით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ.

image.jpeg

ვახტანგ მამალაძე: ეს კანონი არანაირად არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მასში არსებული რეგულაციებით უხეშად ერევიან ვეტერინარიულ საქმიანობაში.

პირადად მე და როგორც ვიცი, ბევრ ჩემს კოლეგას თუ ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციას კანონპროექტის ამ ვერსიის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია და  გარემოს დაცვის კომიტეტისთვის კონსულტაცია არ გაგვიწევია, ამიტომაც არსებობს ამდენი ხარვეზი და შეუსაბამობა.

ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროპული მოდელიდან არის გადმოღებული და შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ვიდრე მის შინაარსს გადმოიტანდნენ, ჩვენი რეალობა, აქური პირობები და გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინათ.

Quote

ევროპაში მიუსაფარ ძაღლს ვერ ნახავთ, ევროპაში ქუჩის ძაღლები არ არსებობენ და მათთან დაკავშირებით რომელი კანონი უნდა გადმოვიღოთ? ჩვენი ქუჩები სავსეა უპატრონო ძაღლებით და ამ კანონით მათი ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება, უფრო მეტიც, უარეს პირობებს ვუქმნით მათ.

ევროპული მოდელი ნამდვილად კარგია, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ იქ თუ ძაღლი თავშესაფრებში მოხვდება, მის გაშვილებაზე ტაციაობაა; რომ იქ ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით ეკიდება ცხოველის მოვლა-პატრონობას და გარეთ არ აგდებს. სამაგიეროდ ჩვენთან  ცხოველთა მიმართ სისასტიკე ზენიტშია და მოძალადე ადამიანების დასჯის მექანიზმები იშვიათ შემთხვევაში მუშაობს, მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველთა მოყვარულები ახმაურდებიან და ფართო საზოგადოებამდე მიიტანენ ამბავს.

თუ ეს კანონი დამტკიცდა, 2024 წლიდან 2027 წლამდე სახელმწიფო პროგრამა იმოქმედებს, სამი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კი ცხოველის მიმკედლებელს დაევალება, თავად უზრუნველყოს მისი გეგმიური ვაქცინაცია, რაშიც თანხის გადახდა მოუწევს, ვინაიდან სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის. ეს არის შეცდომა, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს რამდენიმე ცხოველი ჰყავს შეფარებული და უვლის მათ, ვაქცინაციის ხარჯები კი მძიმე ტვირთად დააწვება. მოგეხსენებათ, ცხოველების მოვლა-პატრონობა, მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, საკვებით მომარაგება არ არის მარტივი საქმე.

ვინმეს სჯერა, რომ სამი წლის შემდეგ ჩვენი ქალაქების ქუჩებში მიუსაფარი შინაური ცხოველები არ იარსებებენ და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება?

აღნიშნული კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ყოველგვარ პასუხიმგებლობას იხსნის და ყველა ვალდებულებას მიმკედლებელს აკისრებს.

ცხოველების მფლობელებს ისეთი შეზღუდვები უწესდებათ, რაც მათ ყოვედღიურობაში პრობლემებს შეუქმნის. ჯერ ამ კანონის მხოლოდ შინაარსი გაჟღერდა, არათუ დამტკიცებული, განხილულიც არ არის და პატრონებს ხალხმა უკვე დაუწყო მითითება, რომ აი, კანონი კრძალავს ძაღლის ამოყვანას ტრანსპორტში და რატომ ამოგყავს, მაღაზიაში რატომ შეგყავს და ასე შემდეგ.

თუნდაც ის რეგულაცია ავიღოთ, რომელიც სამზე მეტი ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეზობლის ნებრთვას ითხოვს.

თუ ადამიანს აქვს იმის საშუალება, სათანადო პირობებში, ყველა წესის დაცვით სახლში იყოლიოს ცხოველები, რომლებიც არ არიან აგრესიულები და არავის აწუხებენ, ამისთვის მას მეზობლების ნებართვა არ უნდა სჭირდებოდეს. თუ აღმოჩნდა, რომ თავად მეზობელია აგრესიული ან ძაღლთმოძულე და უჩივლა ან არ მისცა ნებართვა, მაშინ რა ქნას ცხოველის პატრონმა, მიატოვოს, თავშეფარს ჩააბაროს?

რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, როცა საქმე ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ეხება, რომლებიც ეგრეთწოდებულ შემგროვებლობას ეწევიან და არასათანადო სივრცეში, არასათანადო პირობებში იფარებენ ცხოველებს, საჭიროებისამებრ ვერ უვლიან, არ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ბუნებრივია, გარშემომყოფებსაც აწუხებენ. ასეთ დროს ახლაც შეიძლება გამოვიძახოთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, სპეციალისტები აუცილებლად მივლენ, ადგილზე ნახავენ ყველაფერს და  საჭირო ზომებსაც მიიღებენ.

ხოლო თუ პატრონი თავის ცხოველებს შესაბამისად უვლის, არავის აწუხებს და მისი ბინადრები არც აგრესიით გამოირჩევიან, მაშინ მისთვის აკრძალვების დაწესება არასწორია.

ვახტანგ მამალაძის თქმით, კანონის შემუშავება ვეტერინარებთან კონსულტაციის გარეშე რომ ჩატარდა, ამაზე მოწმობს კანონპროექტის ის ნაწილიც, რომელიც კატების კასტრაცია-სტერილიზაციას ეხება.

ვახტანგ მამალაძე: კანონის მიხედვით კატების სტერილიზაცია-კასტრაცია მხოლოდ ერთი წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო - 8 წლის ასაკიდან იკრძალება.

ეს არის ვეტერინარიის წესების უგულვებელყოფა, ვინაიდან კატებს 6 თვიდან ეწყებათ მონიშვნის ინსტინქტები, ამ დროისთვის მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სასქესო ორგანოები და ამიტომ დასაშვებია სტერილიზაცია-კასტრაცია. 1 წლის მერე შეიძლება, ის მონიშვნას ვერ გადაეჩვიოს. ან 8 წლის მერე რატომ კრძალავენ ამ პროცესს, იქნება, კატის პატრონი გვიან მიხვდა, რომ მის ცხოველს სტერილიზაცია სჭირდება, რატომ უნდა გაუხდეს ამის გაკეთება პრობლემა, რა საფუძველს ეყრდნობა ამ ასაკის კატის კასტრაცია-სტერილიზაციის აკრძალვა?

ასევე, გაუგებარია, რის საფუძველზე ეძლევა თავშესაფრებს ძაღლების გამრავლების და პოპულაციის მართვის უფლება?

Quote

ახალი კანონით, კერძო თავშესაფარს უფლება ექნება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თავის ტერიტორიაზე მოაწყოს საშენი, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამით ხელს კი არ შევუშლით ცხოველების უკონტროლო გამრავლებას, პირიქით, უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს.

ცხოველთა თავშესაფრების მოწყობა აუცილებელი საკითხია, რადგან საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში დგას ქუჩის ძაღლების პრობლემა. საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტში არსებობდეს კეთილმოწყობილი თავშესაფარი, სადაც სატანადო სტანდარტები იქნება დაცული, ეყოლებათ კვალიფიციური სპეციალისტები, აღრიცხული და გასტერილებული იქნება ყველა ცხოველი და მათი არსებობისთვის შესაბამისი პირობებიც იქნება შექმნილი, მაგრამ ცხოველთა თავშესაფრებმა არ შეიძლება სანაშენის ფუნქცია შეითავსონ. ეს პოპულაციის მართვის არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

ამიტომ, ჩვენ ცხოველთა უფლებების დამცველები და ვეტერინარები მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტში აუცილებლად გაითვალისწინონ ის შენიშვნები, რაც სპეციალისტებს გვაქვს და გამოასწორონ არსებული ხარვეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ სახით დამტკიცება დღეს არსებულ ვითარებას კი არ გამოასწორებს, პირიქით უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისასალმებელია კანონში არსებული ის მუხლები, რომელიც პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში მის დაჯარიმებას ითვალისწინებს და რომელიც სამედიცინო დანიშნულების გარეშე, ძაღლებისთვის ყურებისა და კუდის დაჭრას, ხმის იოგების გადაჭრას ან სმენის დაქვეითებას თუ სხვა მსგავს პროცედურებს კრძალავს, თუმცა მთლიანობაში ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელია.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე აზრს გვიზიარებს ჟურნალისტი, ცხოველთა უფლებების დამცველი, ეკა ლომიძე. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ სასურველი კანონმდებლობის შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ველოსიპედის გამოგინება არ გვჭრიდება, რადგან ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებს შესანიშნავი გამოცდილება აქვთ, რომლის გადმოღებაც თამამად შეგვიძლია. თუმცა ანონში ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებაც აუცილებელია.

რაც შეეხება პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, როგორც ცხოველთა სხვა უფლებადამცველები, ისიც მიუღებლად მიიჩნევს.

image.jpeg

ეკა ლომიძე: რაც უფრო უკეთ ვეცნობი ამ კანონპროექტს, მით მეტ შეუსაბამობას და ხარვეზს ვპოულობ. მთლიანობაში, ეს კანონი არა ვითარების გამოსწორებას, არამედ  სხვადასხვა რეგულაციის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმებით შევსებას უფრო ემსახურება. პროექტში ამის დასამტკიცებლად, კონკრეტული რიცხვებიც კი არის მოყვანილი, თუ რომელი რეგულაცია ყოველწლიურად რამდენი მილიონი ლარის მოგებას მოუტანს სახელმწიფოს, მაგრამ საკითხავია, არსებულ პრობლემას რამდენად მოაგვარებს...

მაგალითად ავიღოთ ეს ნაწილი, სადაც წერია, რომ ,,ცხოველის ყოლისთვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისას, მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.“

Quote

თუ მე სამზე მეტი ცხოველის ყოლა მეკრძალება, მაგრამ მაინც მოვიყვან, 300 ლარს გადავიხდი და ეგ არის? გამოდის, ეს რეგულაცია იმთავითვე ბიუჯეტში ფულის შესატანად არის გამიზნული, რადგან ამ შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმება, სხვა არაფერია, თუ არა მეოთხე ცხოველის ყოლისთვის ნებართვის ყიდვა.

თავად იმ შეზღუდვაზე რომ ვილაპარაკოთ, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, საინტერესოა, რას ემსახურება ეს რეგულაცია, ცხოველების რაოდენობის შემცირებას თუ ბინათმესაკუთრეთა სიმშვიდის დაცვას? თუ ძაღლის პატრონი სათანადოდ არ უვლის მას, ხომ შეიძლება სამეზობლოსთვის ერთი ძაღლის ყოლის შემთხვევაშიც აუტანელი მდგომარეობა შეიქმნას, შეიძლება მარტო ტოვებდეს სახლში, არ ასეირნებდეს და ძაღლი ყმუოდეს ან გარეთ გაყვანისას სადარბაზოს აბინძურებდეს? ამავე დროს, შესაძლოა ვიღაცას სახლში 5 კატა და 2 ძაღლი ან ერთი ძაღლი და ხუთი კატა ჰყავდეს, მაგრამ იდეალური წესრიგი ჰქონდეს; ძაღლიც გაწვრთნილი იყოს და კატების ჰიგიენაც - დაცული.

რაც შეეხება დიდი ჯიშის ძაღლებს, მიმაჩნია, რომ კავკასიური ნაგაზი არ უნდა გყავდეს ბინაში, არც ავღანური, არც ყაზბეგური და კიდევ ბევრი მეცხვარე-დარაჯი, რადგან მათი განვითარებისთვის კორპუსი და ქალაქი სასურველ გარემოს ვერ იძლევა, მაგრამ გაიცეს თანხმობა, თუ პატრონი ასაბუთებს, რომ შეუძლია ძაღლი დილა-საღამოს ატაროს საწვრთნელ გარემოში. წესით, ამისთვის ქალაქებში საწვრთენლ-სავარჯიშო ცენტრები უნდა გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს, ამიტომ ჯერ ამ ტიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა გაჩნდეს და მერე უფრო მარტივი იქნება სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ყოლის მსურველებთან კრიტერიუმებით ლაპარაკი.

მოკლედ, ჩვენი აზრი ასეთია, თუ ადამიანს შეუძლია 10 ძაღლი ჰყავდეს ბინაში ისე, რომ არავის შეუქმნას დისკომფორტი, უნდა ჰყავდეს და თუ დისკომფორტს შექმნის, ერთი ძაღლის ყოლის შემთხვევაშიც დაჯარიმდეს.

ასევე, პროექტში უნდა ეწეროს, რომ რამდენიმე ჯიში საქართველოში საერთოდ არ უნდა გამრავლდეს, რადგან მათ ჩვენს ქვეყანაში აუბედურებენ. მხოლოდ გამონაკლისის სახით დაუშვან იმ ჯანსაღი ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი ჯიშები უყვარს და მათი სათანადოდ მოვლა შეუძლია.

Quote

უნდა აიკრძალოს ძუს მაკეობა, თუ ერთი მაკეობიდან მეორემდე ერთი წელი არ არის გასული. ხვადებზე უნდა იყოს ლიმიტი, რადგან შეიძლება ერთ ხვადთან შეჯვარდეს უამრავი ძუ, რომელთა ლეკვებს მომავალში მთელი რიგი პრობლემები შეექმნებათ.

მომშენებელს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრაქსტურქტურა, უნდა შეეძლოს არამხოლოდ ანალიზების გაკეთება და გამოფენებში მონაწილეობა, არამედ ძაღლების სათანადო მოვლა, კვება-მკურნალობა, ვაქციანაცია და ასე შემდეგ.

კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ ,,მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით.“

რა გამოდის, მიკედლებული რომ მყავს, მე ჩემი ხარჯებით უნდა ავცრა? სახელმწიფო რას მიკეთებს, მონიტორინგის სამსახური რისთვის არის? ეს პუნქტიც გაურკვეველია.

რატომ არ შეიძლება იყოს ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა ძაღლი იქნება დარეგისტრირებული, პატრონიანიც, მიუსაფარ-მიკელდებულიც და პროგრამა ავტომატურად ატეხს განგაშს, თუ რომელიმე ძაღლის აცრა დაგვიანდება. მიკედლებულებზე მონიტორინგის სამსახური მიბრძანდეს და აცრას. ევროპის ქვეყნებს ძალიან კარგად აქვთ აწყობილი ეს სისტემა. ეს კანონპროექტიც ხომ ითვალისწინებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობას და რეგისტრაციას, როგორც პატრონიანი, ისე უპატრონო ცხოველებისთვის? ამ ბაზაში იყოს მონაცემები და ბაზას ჰქონდეს გაფრთხილების, შეტყობინების სისტემა.

ყველა პუნქტის დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთს ვიტყვი, თუ საქართველოს უკმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წინ დააყენებს ჯანსაღ ინტერესებს და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ცხოველების მოვლისა და კონტროლის შესახებ გამართული და სწორი კანონმდებლობა, თუ ერთხელ და სამუდამოდ უგულვებელყოფენ კერძო ჯგუფების, ეგრეთწოდებული მომშენებლების, ვაჭრების და სხვათა ინტერესებს, შესაბამისი კანონიც დაიდება და შედეგიც ძალიან მალე მიიღწევა.

ევროპის ქვეყნებმაც გაიარეს ის პერიოდი, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ, მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები ერთ დროს უფრო მწვავედაც კი იდგა. მთავარია, ჩვენც  სწორი კანონმდებლობა შევქმნათ, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება. თუმცა, როგორი გამართული კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ აღსრულების მექანიზმები არ გვექნა, შედეგს ვერასდროს მივაღწევთ, ამიტომ ამ პროექტში კანონის აღსრულების მექანიზმიც უნდა ჩაიდოს. აუცილებელია ასევე, გათვალისწინებული იყოს სამოქალაქო სექტორის მხრიდან კანონის აღსრულების მონიტორინგი, რისი ბერკეტიც მას უნდა გააჩნდეს და სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

 

  ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...