Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ - ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ


„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა ნიშნავს, რომ ცესკო-ს იქვემდებარებენ. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ფორმირების წესს ეხება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რისთვის გადააგზავნეს ვენეციის კომისიაში კანონპროექტები, „რატომ აბრაზებენ და აღიზიანებენ ხალხს“, თუ მაინც უნდა დაამტკიცონ.

„ოცნებამ“ ეს კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიიდან მოვიდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეფასება. იმის ნაცვლად, რომ რეკომენდაციები გაეთვალისწინებინათ, ადგნენ და საკუთარი ინტერესები გაატარეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაღას აგზავნიდნენ, რაში სჭირდებოდათ ვენეციის კომისიაში გაგზავნა? პირდაპირ მიეღოთ, თუ მხოლოდ საკუთარი ინტერესი უნდა გაეტარებინათ.

თუ ფიქრობდნენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს არ გაითვალისწინებდნენ, რატომ აბრაზებენ ამ ხალხს, რატომ აღიზიანებენ?

ეს კანონპროექტი ნიშნავს, რომ იქვემდებარებენ ცესკო-ს. ბარემ წავიდნენ და რეესტრში გადაიფორმონ“,- აღნიშნა დაუშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს კანონპროექტებს, დაუშვილი განმარტავს, რომ არ გამორიცხავს.

„ეს შესაძლებელია. სპეკულაციებში არ შევალ დაადებს, თუ არა ვეტოს. ვფიქრობ, ეს კანონპროექტი ვეტოს იმსახურებს. უნდა გვესმოდეს, რომ „ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება ვეტო დაძლიოს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

გარდა ამისა, მან არჩევნებზეც ისაუბრა და კითხვაზე, თუ ვისთან განიხილავენ კოალიციას, აღნიშნავს:“არავისთან“.

„მარტო გავდივართ, არავისთან გვექნება გაერთიანება.“ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად წითელი ხაზია.ისიც კი არ ვიცით, თუ ვინ როგორ გადის არჩევნებზე“,-აღნიშნა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...