სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით
საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების გამო.
„ეს არის აუცილებლობა. უსაფრთხოების აუცილებლობა და ეს არის ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარი იყოს უსაფრთხოება. უსაფრთხოების აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ არ იყოს პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი. ასე რომ, ადრინდელმა გაფართოებამ უზრუნველყო ფაქტობრივად დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება, ჩვენი გაფართოება იქნება უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება ევროკავშირისთვის და ჩვენთვის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ჩვენ გვაქვს საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ და ეს არის შავი ზღვა. რასაც აკეთებს ახლა რუსეთი, არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა - ის, რომ არ დაუშვებდა დასავლეთის შავ ზღვაში შეღწევას. რაც 2007 წლის შემდეგ მოხდა: საქართველოში 2008 წელს, შემდეგ ყირიმში და შემდეგ ომი უკრაინაში. ასე რომ, მან გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს კიდეც. ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მომავალი კომუნიკაციებისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.