ფონ დერ ლეიენი, ზელენსკი, სტოლტენბერგი, სენატორები — ვის ელაპარაკება ზურაბიშვილი მიუნხენში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე და თავისი პერსონალური ხარჯებით გაემგზავრა.
18 თებერვალს ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. თემა ევროკავშირის გაფართოებაა.
ზურაბიშვილთან ერთად პანელის მონაწილეები არიან:
- ოლჰა სტეფანიშინა – უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
- გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი;
- რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
- ემანუელ ბონი – საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, G20-ისა და G7-ის ფარგლებში.
დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ევროპის კვლევებში, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
მანამდე კი, დღეს, 17 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ამ უკანასკლენს საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს გამოხატული მხარდაჭერისთვის.
პრეზიდენტი გაესაუბრა Nato-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად შეხვდა ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინს და ტომ ტილისს.
პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა „აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ”.
ოფიციალური შეხვედრა შედგა სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალ კრისტოფერ კავოლისთან.
შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა:
„ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში”.
პრეზიდენტი ასევე შეხვდა ვალდის დომბროვსკის – სავაჭრო კომისარს და ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკის საკითხებში.
შეხვედრის შემდეგ დომბროვსკიმ X-ზე დაწერა:
„მიხარია საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი და ერთიან ბაზარზე უფრო მჭირდო ინტეგრაცია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყოს ევროკავშირის ნაწილი და გავუწევთ მას ყველა საჭირო დახმარებას ამ მიზნის განხორციელებისთვის”.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.