გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს.
როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება.
„საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა ჩართული მხარის საგანია. ჩვენი ადმინისტრაცია მხოლოდ და მხოლოდ მის აღსრულებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. ველოდები მოვლენების განვითარებას, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, გამოქვეყნდება და მის საფუძველზე კონკურსი გამოცხადდება, თუმცა ერთი რამ შეიძლება აუცილებლად ითქვას - ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო ინსტიტუცია დიდი გამოწვევების წინაშეა, წინ 26 ოქტომბრის არჩევნებია, სადაც ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია იქნება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, -განაცხადა კალანდარიშვილმა.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე განმარტავს, მისი მიზანია, ცესკო-ს მიერ დაწყებული სამუშაოები ბოლომდე მივიდეს და მოხარული იქნება, თუ ამის შესაძლებლობა ექნება.
კითხვაზე, არის თუ არა ის ისეთი ფიგურა, რომელიც 2024 წლის არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას შეძლებს, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ ამას მისი თავმჯდომარეობით ჩატარებული არჩევნების შედეგები ადასტურებს.
„სპეკულაციურია ის საკითხი, თითქოს მხოლოდ მმართველი პარტიის ხმებით მოხდა ჩემი არჩევა. შეგახსენებთ მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ჩემს კანდიდატურას მეორე არჩევისას და როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები იღებდნენ მონაწილეობას ჩემს არჩევაში. რაც შეეხება იმას, რამდენად ეფექტიანი იქნება ჩემი არჩევა, ალბათ, სჯობს შევაფასოთ ჩემი მმართველობის პერიოდში ჩატარებული არჩევნები. უნდა აღინიშნოს ის, რომ რამდენიმე არჩევნების ჩატარების შესახლებლობა მომეცა, მათ შორის საერთო მუნიციპალური არჩევნების, სადაც ეუთო-ოდირი დადებითად აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას და არჩევნების ადმინისტრირებას, განსაკუთრებით გაზრდილი გამჭვირვალობის პირობებში. დღეს ინსტიტუციის მიერ განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ჩვენ ყოველ ჯერზე რამდენი ასეთი თვალსაჩინო მომსწრენი ვხდებით, იქვე იწყება რიგი მადისკრედიტებელი კამპანიები ზუსტად იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ეს პოზიტიური რეპუტაცია და გამჭვირვალე საქმიანობა დაზიანდეს, რათა გარკვეულწილად კვლავ მოხდეს ინსტიტუციის მიმართ ნდობის შელახვა და მისი შემცირება“, -განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.