„სახლებში არ გვიშვებენ" — ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს
აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშომლების და მათი ოჯახის წევრების თქმით, მათ და/ან მათი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ, მიზეზად კი „მასშტაბურ მშენებლობას” ასახელებენ. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე „არავითარი მასშტაბური მშენებლობა არ მიმდინარეობს”.
როგორც ყვებიან, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში, ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე. აქ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვრობენ, ნაწილი კი მუდმივად იქ იმყოფება. აქ მცხოვრებთა მშობლები, ბებიები და ბაბუები ობსერვატორიის თანამშრომლები იყვნენ და ობსერვატორიის დირექტორის გადაწყვეტილებით, იქვე სახლდებოდნენ. შესაბამისად, იქ ცხოვრობენ მათი შთამომავლებიც.
თუმცა, 2023 წლის მაისიდან მათ ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავენ. პრობლემები კი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის და კარანტინის დროს დაიწყო.
აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მცოვრები თეონა ტოროშელიძე ამბობს, რომ აკრძალვის დაწესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, განათლების სამინისტროს დახმარებით, სახლებში შესვლის ნებართვა მოიპოვეს – აბასთუმნის ობსერვატორია სწორედ ამ უწყებას ექვემდებარება.
თუმცა, ტოროშელიძის თქმით, 2024 წელს გამოიცა ხელახალი ბრძანება, რომლის თანახმადაც, ისევ აკრძალვა წესდება. ამასთან, შექმნილია ფორმა, რომლითაც ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრები A, B, C, D, E კატეგორიებად არის დაყოფილი.
„მოიფიქრეს 1-წლიანი საშვები. ეს საშვები იმათ კი არ მიენიჭა, ვისი სიაც ჩვენ წარვადგინეთ – ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრების. ვითხოვდით, ეს სია ყოფილიყო განთავსებული ობსერვატორიის შესასვლელში. მაგრამ სია დაგვიხარვეზეს და შექმნეს ფორმა, რომელშიც ოჯახის წევრები არის დაყოფილი: ჩვენი მშობლების შვილებს შესვლის უფლება არ აქვთ. შვილიშვილებს კი, ოღონდ არასრულწლოვნებს. ალბათ საბოლოო მიზანი ის არის, რომ ჩვენ ტერიტორია დაგვატოვებინონ”. – ამბობს ირინა ტოროშელიძე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.