სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ 14-21 თებერვალს
„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც 14-21 თებერვალს თბილისის თეატრებში შეძლებთ:
- 14 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00
პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ.
მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ თვალს 4 კანდიდატის ბრძოლას კორპორაციაში სამუშაო ადგილის მოსაპოვებლად. კანდიდატებს სამუშაო ადგილის მისაღებად უწევთ დავალებების შესრულება. რა გზებს მიმართავენ ისინი, რამდენად შეძლებენ შეასრულონ დავალებები ისე, რომ არ უღალატონ თავიანთ თავებს და რა არის „გრონჰოლმის მეთოდი” – ამის გაგებას 14 თებერვალს, 20:00 საათზე შეძლებთ მარჯანიშვილის თეატრში.
ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.
- 16 თებერვალი – “UNLOVE”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00
“UNLOVE” დავით ხორბალაძის მულტიმედიური ტრილოგიის მეორე ნაწილია. პირველ ნაწილი (UNMEMORY) იკვლევდა მეხსიერების უწყვეტი განადგურების და დაშლის პროცესს, UNLOVE კი მოგვითხრობს სიყვარულის არსებობისა და არარსებობის უკიდურეს ზღვარზე.
აუდიო-ვიზუალური ხერხები, ხმა, მუსიკა, სცენოგრაფია, სხეულები, წყვეტილი და სრული ამბები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება, შლის ზღვარს რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის. მრავალგვარი, კალეიდოსკოპისებური თხრობა გაქცევთ გამოცდილების ნაწილად, რომელიც განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება თქვენთვის.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+ მგრძნობიარე თემები განათება თვითმკვლელობა სიშიშვლე
ბილეთები და სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ – აქ.
სტუდენტური ბილეთებისთვის მიწერეთ „ღია სივრცეს” პირადი შეტყობინება.
- 17- 18 თებერვალი – „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა). „თუმანიშვილის თეატრი” – დასაწყისი – 20:00
25 წლის შემდეგ გოგი მარგველაშვილი „თუმანიშვილის თეატრის” სცენაზე კვლავ უბრუნდება ლუიჯი პირანდელოს. ამჯერად პიესით „ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა), რომელიც ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. საინტერესოა გოგი მარგველაშვილის ინტერპრეტაცია უჩვეულო ფორმებისა და ხერხების მოყვარული ავტორის პიესისა, რომელსაც 17 და 18 თებერვალს განახორციელებს ერთგულ და ახალ მსახიობებთან ერთად.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ და აქ.
თუმანიშვილის თეატრის სალაროში მოქმედებს 50%-იანი სტუდენტური ფასდაკლება.
- 17-18 თებერვალი – „კონტაქტის ზონა”. სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე” – დასაწყისი – 20:00
ინკლუზიური ქორეოგრაფიული სპექტაკლი „კონტაქტის ზონა” სამი ქორეოგრაფიული სპექტაკლის ერთობაა, რომელიც იკვლევს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ფიზიკური და სივრცითი კონტაქტის ფორმებს. თანამედროვე ქორეოგრაფიისა (ნათია ჩიკვაიძე, ვალერია ხრიპაჩი) და მუსიკის (გვანცა ენუქიძე, ანუშკა ჩხეიძე, ნინო დავაძე) დახმარებით სპექტაკლის მონაწილეები ქმნიან კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის.
- 20-21 თებერვალი „დემონები” – სამეფო უბნის თეატრი – დასაწყისი – 20:00
ლარს ნურენის „დემონები” წლებია სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარის წამყვანი სპექტაკლია. თანამედროვე დრამატურგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის ტექსტი პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე.
მას შემდეგ, რაც კატარინა და ფრანკი სახლში დაპატიჟებული ძმისა და რძლისგან უარს მიიღებენ სტუმრობაზე, თავის შესაქცევად გადაწყვეტენ, მეზობლები იენა და თომასი მოიწვიონ სტუმრად – როგორ განვითარდება კრიზისში მყოფი წყვილების ურთიერთობა, რა ფარულ ფიქრებსა და ვნებებს გამოააშკარავებს მათი შეხვედრის საღამო და ნახავთ თუ არა სპექტაკლში ჯვარცმას, ამის გაგებას სამეფო უბნის თეატრში შეძლებთ.
ჯერ კიდევ შეგიძლიათ რამდენიმე ბილეთის შეძენა – აქ.
- 20-21 თებერვალი – „ფიწალი დისნეი”. თეატრი ათონელზე – დასაწყისი – 20:00
სპექტაკლს „ფიწალი დისნეი” არ ჰყავს რეჟისორი. მსახიობებმა, სცენოგრაფმა და კომპოზიტორებმა ფილიპ რიდლის პიესაზე სამუშაოდ თანაბრად გაინაწილეს მოვალეობები და ერთობლივად შექმნეს გამორჩეული სპექტაკლი.
ატმოსფერო, პერსონაჟები და მუსიკა ქმნის თვითმყოფად გარემოს და თხრობას – როგორ ირეკლავენ ფილიპ რიდლის ერთი შეხედვით ზღაპრული სამყაროს პერსონაჟები თანამედროვეობას და როგორ ზიარდება მათი გამოცდილებები ჩვენს პრობლემებთან და ყოველდღიურობასთან, ამის გაგებას 20 და 21 თებერვალს შეძლებთ „თეატრში ათონელზე”.
ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინებათ. თუმცა შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ დ ძილბურანიდან მათ გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.