TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი:
- 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი;
- არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ —ბენეფიციარი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება – „ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში“ და „კერამიკული აგურის ქარხანა“. სახელმწიფოს თანამონაწილეობამ, – „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით, – ჯამში, 1 438 000 დოლარი შეადგინა. ასევე, „ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის“.
„ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აგურის ქარხნის პროექტში მონაწილეობს „შპს კერამიკა ელ ტორენტე“, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს.
ინფოგრაფიკი: © „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
გარდა ამისა, 2018 წელს ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.
ბაბლუანი აგრეთვე კრიპტოვალუტის ბიზნესშიც არის ჩართული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ მისი შპს „ნოვა ჰიდრომაინინგ“ მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ): ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რაც მათ ელექტრონერგიაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს.
„აღსანიშნავია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი ფლობენ. რაც შეეხება თბილისის თიზ-ს, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის – მიერ.
გარდა ამისა, ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორატიული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა. მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„ნეტგაზეთმა“ ანტიკორუფციულ ბიუროს კომენტარისთვის მიმართა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.