ნათია მეზვრიშვილი - გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლებაა
გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ თითქოსდა ოცნების ბრძოლის ყალბი დღის წესრიგის შექმნაა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა, ნებსით თუ უნებლიეთ, აქტიურად გააგრძელა ტვ პირველმა, რომლის მფლობელები, როგორც ჩანს, იმდენად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, რომ მზად არიან ტყუილები გაავრცელონ და ამით "ოცნებას" კორუმპირებული მოქმედი პრემიერის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში მიეხმარონ.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების ტყუილების სამიზნე ელიტური, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გამო გავხდით, თუმცა, ოცნებას და ყველა მის დამხმარეს გვინდა ვუთხრათ: გაჩერებას არ ვაპირებთ! გაასაჯაროვეთ მთავრობის ყველა განკარგულება 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე! შეწყვიტეთ საზოგადოების მოტყუება! მივმართავთ პრემიერ-მინისტრს: კორუფციას ებრძვით? - დაიწყეთ გამოძიება, შექმენით საგამოძიებო კომისია და გაუშვით სახლში კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე და მურუსიძე; - დაიბარეთ გენერალური პროკურორი პარლამენტში და მოისმინეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საგამოძიებო უწყების - პროკურატურის ხედვა; - შეწყვიტეთ ე.წ. გასაუბრებების უკანონო პროცესები და დაიწყეთ გამოძიებები დანაშაულის არაერთ ფაქტზე, რომელიც წარმოგიდგინეთ; - დაუბრუნდით ანტი-კორუფციულ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ერთი წლის წინ დატოვეთ იმიტომ, რომ ელიტურ კორუფციაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასების შეგეშინდათ; - შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე, რითაც ნაცმოძრაობასთან ერთად ფულს აკეთებთ; - განიხილეთ ჩვენი ინიციატივა ოჯახის წევრების წრის გაფართოებაზე, რომ კორუმპირებულ მოხელეებს უკანონო ქონების გადამალვის ბერკეტები წაერთვათ; - შექმენით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო ბიურო და აირჩიეთ მისი ხელმძღვანელი პოლიტიკური კონსენსუსით. გამოაქვეყნეთ განკარგულებები და საზოგადოებას ყველამ ერთად აუხსენით - კორუფციის სიმბოლო ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც 0 განკარგულება აქვს გამოქვეყნებული, რატომ დახუჭეთ თვალი მთავრობის იმ 750 განკარგულებაზე, რაც ჩვენი მმართველობის დროს, მათ შორის კოვიდის მართვის უმძიმეს პერიოდში, ქვეყნდებოდა. ფაქტია, ეს იყო სიცრუის, ცილისწამების და დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ დაიწყო და ტვ პირველმა გააგრძელა.", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.