ნინო ჩხობაძე - ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს, რომელი უწყება რას და როგორ აკეთებს - ამ დროისთვის მოქმედების სისტემა არ არსებობს
მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებით, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის არც მოქმედების კონკრეტული სისტემაა შექმნილი და საქართველოს კანონმდებლობაში არც პასუხისმგებელი უწყება მოიძებნება, რომელმაც პროცესებს კოორდინაცია უნდა გაუწიოს.
„7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ჯერჯერობით ჩვენ მზაობა რეაგირებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები იყოს დამონტაჟებული, მაგრამ ეს ერთი ნაწილია, რომელსაც ჰქვია ინსტრუმენტული გაფრთხილება. მეორეა, უნდა გამოიყო თუ არა რისკის ზონები ?!- ახლა მუშაობენ ამაზე, რომ გამოყონ რისკის ზონები სად არის. ჩვენი წინადადება თავის დროზე იყო, რომ მოდით, პირველ რიგში, გამოვყოთ ის ზონები, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილების სისტემები, ოღონდ რა არის ეს გაფრთხილების სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ფაქტორია, როცა ჩვენ ვიცით მსგავსი პროცესების გააქტიურების შესახებ და მეორე ფაქტორია, ვინ რას აკეთებს, ანუ რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობები აკისრია. დღეს საქართველოს კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყება ვერ ვიპოვე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს არც ერთი უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, რომელმაც უნდა გაუწიოს კოორდინაცია, რომელმაც უნდა იმოქმედოს სწრაფი ტემპით, იმიტომ, რომ დრო არ ითმენს - მობილიზებაა საჭირო, ბევრი უწყების ჩართულობაა აუცილებელი. სისტემა ჩვენ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში სასტუმროებში უნდა დაინერგოს ქცევით ისეთივე ინსტრუქტაჟი, როგორიც გვხვდება თვითმფრინავში ფრენის დაწყებამდე.
„ინსტრუქტაჟი როგორიც ჩვენ გვხვდება ფრენის დროს, უნდა იყოს ტურისტულ -რეკრეაციულ ზონაში არსებულ ყველა სასტუმროში, იქნება ეს მთასა თუ ზღვაზე, ყველგან უნდა იყოს ასეთი ინფორმაციული კამპანია გამართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ უნდა გავარკვიოთ მოსახლეობა, რა არის გასაკეთებელი.
საინფორმაციო კაპანია თითოეულ მოსახლესთან ინფორმაციის მიტანით, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტული სტიქიური მოვლენის დროს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს უნდა გაიწეროს.
კიდევ ერთი - მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობა არ შეიძლება, რომ კალაპოტი არ არის მარტო ის, მდინარე რომელშიც ჩამოდის. ამან შეიძლება დამატებითი საფრთხე შექმნას.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებული, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს. ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ მოდი ჯერ სისტემას შევქმნი და მერე დავიწყებ ქმედებას, ამის დრო, ფაქტობრივად, აღარ არის, იმიტომ, რომ ყოველ დღე ველოდებით მეტეოპირობებიდან გამომდინარე ექსტრემალურ გამოვლენას”, - განაცხადა ჩხობაძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.