მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა.
აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.
უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც პროექტირების სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული 2 000 მ² მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოადგენად 45- დღიანი ვადა აქვთ.
ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ²-ს და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად 100 მგზავრის მომსახურებაზე:
„ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით 5 000 მ 2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი. კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 435 000 ლარია მითითებული.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.