გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის თანამშრომლები დააკავეს
ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია.
გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას სცემეს. შედეგად, თემურ კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.
თემურ კარბაია 9 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაშია.
2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.