რატომ დადგეს ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 9 თებერვალს ახალი ინსტალაცია დაიდგა.
„დროის ნაწნავები“ გიორგი ხანიაშვილის პროექტია და ის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ პროექტის ფარგლებში, წელიწადზე მეტი ხნით განთავსდა.
„დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს“ – ნათქვამია პროექტის აღწერაში.
ამავე აღწერის მიხედვით, ქანდაკება ქართული კულტურის ანტიკურ კულტურასთან შეხვედრის, განსაკუთრებით, მისი ქრისტიანულ ტრანსფორმაციის რეფლექსიაა.
გიორგი ხანიაშვილმა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის პირობებით გათვალისწინებული იყო, რომ საკონკურსო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 80 000 ლარს, ასევე პროექტი უნდა იყოს „ადგილსპეციფიკური“, განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, რათა ითვალისწინებს ადგილის სპეციფიკას და უსაფრთოხების სტანდარტებს.
პროექტის კურატორი ირინა პოპიაშვილი ამბობს, რომ ეს გიორგი ხანიაშვილის ყველაზე მასშტაბური ნამუშევარია. მისი თქმით, საჯარო სივრცეში ამ ნამუშევრის გამოჩენა თავისუფალი და ინდივიდუალური ხელოვნების გამოხატულებაა.
თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი 2023 წელს მერიამ დააარსა. მათი ცნობით, ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას.
„საჯარო ხელოვნების ფონდმა“ ქალაქში უკვე რამდენიმე პროექტი განათავსა, მათ შორის, რუსთაველის მეტროს ესკალატორზე აუდიოხელოვნების პროექტი, ავლაბრის მეტროსთან დათო ნათიძის ინსტალაცია სახელწოდებით „წინააღმდეგობა“, გობრონიძის ქუჩაზე ნატო ბაგრატიონის ინსტალაცია „ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია“ და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის „ქართული ორნამენტი“ მეტრო „300 არაგველზე“.
- 01 / 04
-
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.