ქართველური ენები მინიმუმ 2500 წლით „დაძველდა“ | რა გავიგეთ ახალი კვლევიდან
„მეტალურგია აქ დაახლოებით 7000 წლის წინ და უფრო ადრეც გამოჩნდა. ესე იგი, საერთო ქართველური ენის დაყოფის დრო მანამდე უნდა ვეძებოთ.“
„მიწათმოქმედმა ხალხებმა, პირველ რიგში, აითვისეს მტკვრის და ჭოროხის აუზები. ხოლო დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 4 000 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არსებობას განაგრძობდნენ მონადირე-შემგროვებლები.“
„მეგრელები გენეტიკურად უფრო ახლოს არიან სვანებთან. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი მეგრელებისა, მეტყველებენ სვანურად თავის დროზე. შემდეგ ზანურმა, რომლისგანაც მოდის მეგრული, ჩაანაცვლა სვანური.“
სად არის ქართველური ენების წარმოშობის ადგილი, როგორ დაიყო ენა სვანურად, ქართულად, მეგრულად და ლაზურად? როგორ წარიმართა ჩვენი ენის ევოლუცია?
გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს გარკვეულწილად ცვლის. კვლევის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლექსო გავაშელიშვილი ჰყვება, რომ მათმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო ქართველური ენების ევოლუციის შესწავლა, შეცვალა ძველი კვლევების მიერ ქართველური ენების როგორც დათარიღება, ისე წარმოშობის ადგილი და მიზეზები. ლექსო გავაშელიშვილი კვლევის მიგნებებზე „პუბლიკასთან“ საუბრობს.
როგორც გავაშელიშვილი ამბობს, აქამდე არსებულ კვლევებში ქართველური ენების ხის ასაგებად მკვლევრები იყენებდნენ გლოტოქრონოლოგიის მეთოდსა და ლექსიკოსტატისტიკურ მეთოდს, რომლის შეზღუდვაც ის არის, რომ ამ მეთოდის თანახმად, საბაზო სიტყვები ენაში იცვლებიან რაღაც მუდმივი სიჩქარით.
საბაზოა სიტყვების გარკვეული წყება, რომელთა მეშვეობითაც ხდება დათარიღება, სწავლობენ ენის ევოლუციას და ადარებენ ენებს ერთმანეთს. ესენია სიტყვები, რომელთა ცვლილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია დრო და რომლებზეც ყველაზე ნაკლებად აისახება გარემოპირობების ცვლილება (გარემო პირობებში იგულისხმება კულტურული გარემოც).
თუმცა, როგორც ლექსო გავაშელიშვილი ამბობს, იმის დაშვება, რომ ენებში ესა თუ ის სიტყვა ერთნაირი ტემპით იცვლება, გარკვეულ ცდომილებას გვაძლევდა. უბრალოდ, ადრე ამაზე ზუსტი მეთოდი არ არსებობდა.
„მაშინ არ იყო ასე განვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა; არ იყო დახვეწილი მრავალცვლადიანი მეთოდები და რაზეც მიუწვდებოდათ მაშინ მკვლევრებს ხელი, იმას იყენებდნენ.
ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველური ენების ფილოგენეტიკური კვლევა, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი მძლავრი მეთოდია ბაიესური ფილოგენეტიკური მეთოდი, რომელიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს.
ის წინასწარ არ უშვებს საბაზო სიტყვების ცვლილების მუდმივ სიჩქარეს. მათ განიხილავს, როგორც სრულიად დამოუკიდებელ ერთეულებს და მიიჩნევს, რომ საბაზო სიტყვებს შორის არის სხვაობა – სხვადასხვა საბაზო სიტყვა სხვადასხვა სიჩქარით განიცდის ცვლილებას.
სხვადასხვა ენაში ერთი და იგივე საბაზო სიტყვა განსხვავებული სიჩქარით იცვლება და ეს ცვალებადობა, საერთო ჯამში, არ არის მუდმივი. ამასთან, ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ შევიტანოთ სხვა უამრავი პარამეტრიც“, – ამბობს ლექსო გავაშელიშვილი.
ლექსო გავაშელიშვილის თქმით, ახალი, უფრო ზუსტი და მრავალცვლადიანი მეთოდის გამოყენებით წარმოებული კვლევის შედეგები ცვლის ქართველური ენების წარმოშობისა და ფილოგენეტიკური ხის თავისებურებებს (ფილოგენეტიკური ხე ასახავს ქართველური ენების ევოლუციის ისტორიასა და მათ ურთიერთკავშირს).
როდის დაიწყო საერთო ქართველურმა ენამ დაყოფა?
როგორც გავაშელიშვილი ჰყვება, ახალმა კვლევამ კიდევ უფრო შორეულ წარსულში გადაწია ქართველური ენების ევოლუცია და უფრო დააძველა ისინი. გარკვეულწილად, შეიცვალა ქართველური ენების წარმოშობის სავარაუდო ადგილიც.
ლექსო გავაშელიშვილის თქმით, თავდაპირველი საერთო ქართველური ენიდან სვანურის გამოყოფა სპილენძის ხანის დასაწყისს ემთხვევა. საერთო ქართველური ენიდან სვანური და ქართულ-ზანური, დაახლოებით, 7600 წლის წინ წარმოიშვა და არა 4000-5000 წლების წინ, როგორც თავდაპირველი კვლევები აჩვენებდა. ასე რომ, გამოდის, ქართველური ენების გაყოფა მინიმუმ 2500 წლით უფრო ადრე დაწყებულა.
თავის მხრივ, ზანური და ქართული, როგორც გავაშელიშვილი ჰყვება, ერთმანეთისგან გაიყო რკინის ხანის დასაწყისში – დაახლოებით, 3000 წლის წინ. რაც შეეხება ზანურის გახლეჩას, ამ შემთხვევაში აქამდე არსებული მოსაზრება შენარჩუნდა – ზანური მეგრულად და ლაზურად, ახალი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, VII-VIII საუკუნეებში იყოფა.
სვანურისა და ქართულ-ზანურის უფრო ადრე დაყოფაზე მიუთითებს, მაგალითად, ის, რომ განსხვავებულია ლითონის სახელები, სამეურნეო ტერმინები. ამ სიტყვების განსხვავებულობა კი გვიჩვენებს, რომ ენებს შორის გაყოფა მეტალურგიის შემოსვლამდე დაიწყო.
„საერთო ძირებს თუ ავიღებთ, საერთო წარმოშობის სიტყვები, რომლებიც აღწერს მეტალურგიას, მაგალითად ლითონის სახელები, სამეცხვარეო და მემარცვლეობის ტერმინები ქართულ-ზანურსა და სვანურს შორის განსხვავებულია. ეს გვიჩვენებს, რომ ეს ენები ერთმანეთს მეტალურგიის გამოჩენამდე დაშორდა. შესაბამისად, გადაიწია თარიღმა.
თუ მეტალურგიის შემოსვლამდე მოხდა ეს დაყოფა, მეტალურგია აქ დაახლოებით 7000 წლის წინ და უფრო ადრეც გამოჩნდა. ესე იგი, საერთო ქართველურის დაყოფის დრო მანამდე უნდა ვეძებოთ“, – ამბობს ლექსო გავაშელიშვილი „პუბლიკასთან“.
სად არის ქართველური ენების წარმოშობის ადგილი?
რაც შეეხება წარმოშობის ადგილს, ლექსო გავაშელიშვილის თქმით, ადრე მიიჩნევდნენ, რომ თავდაპირველი ქართველური ენა ცენტრალურ და დასავლეთ მცირე კავკასიონზე ჩამოყალიბდა, შემდეგ კი პოპულაციის ნაწილმა გადაინაცვლა ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე, სადაც განვითარდა სვანური ენა.
ახალი კვლევა დაყოფის უფრო ზუსტ დათარიღებასთან ერთად წარმოშობის ადგილის დაზუსტებასაც ისახავდა მიზნად. გავაშელიშვილის თქმით, ძველი კვლევების შემდეგ ბევრი ახალი ინფორმაცია დაგროვდა, განსაკუთრებით გენეტიკისა და არქეოლოგიის მიმართულებებით. მათი კვლევის მეთოდში სხვა დარგებიდან მიღებული ცოდნის გამოყენებამ წარმოშობის ადგილთან მიმართებითაც გამოიწვია გარკვეული ცვლილება.
მისი თქმით, მონადირე-შემგროვებლები მიწათმოქმედების შემოსვლამდე კოდორის, ჭოროხისა და მტკვრის ხეობებს შორის ბინადრობდნენ. საერთო ქართველური ენის სამშობლო მოიცავდა ტერიტორიას რიონის ირგვლივ, ლიხის ქედის გარშემო. განსხვავებით ფართოდ გავრცელებული ძველი მოსაზრებისგან, რომელიც საერთო ქართველური ენის სამშობლოდ უფრო სამხრეთით მცირე კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილს მიიჩნევდა.
ამ ახალ მიგნებას ამყარებს ისიც, რომ ამ ადგილებში თანაარსებობდნენ ის ცხოველები და მცენარეები, რომელთა სახელებიც აღდგება საერთო ქართველურ ძირებამდე.
რამ შეუწყო ხელი ქართველური ენების დაყოფას?
რა იყო ქართველური ენების დაყოფის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და როგორ წარიმართა ევოლუციის პროცესი? ლექსო გავაშელიშვილი ჰყვება არსებული მოსაზრებების შესახებ, სავარაუდოდ, რამ მოახდინა გავლენა ქართველური ენების დაყოფაზე.
მისი თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც საერთო ქართველური ენიდან სვანურისა და ქართულ-ზანურის წარმოშობას შეუწყო ხელი, ტექნოლოგიური ცვლილება იყო.
12 000-11 000 წლების წინათ ანატოლიაში, ლევანტსა და ზაგროსში, რაც დღევანდელი თურქეთის, ისრაელის, სირიის ტერიტორიების ნაწილსა და ირან-ერაყის მთათა სისტემას მოიცავს (ანუ ე.წ. ნაყოფიერ ნამგალში), დაიწყო ნეოლითიზაცია (ახალი ქვის ხანა) და იქ მცხოვრებმა ხალხმა მეურნეობა განავითარა.
სამხრეთ კავკასიაში, სადაც ქართველური ხალხები სახლობდნენ, მიწათმოქმედებაზე გადასვლას რამდენიმე ათასი წელი დასჭირდა, მაგრამ ანატოლიიდან ხალხის შემოსვლასთან ერთად აქაც დაიწყო მიწათმოქმედების განვითარება. ანატოლიიდან შემოსულმა მეურნეებმა კი, როგორც ჩანს, თავად მიიღეს თავდაპირველი. თუმცა არაა გამორიცხული, ანატოლიური ტერმინები დამკვიდრებულიყო ქართველურ ენებშიც.
კავკასიაში შემოსვლისას მიწათმოქმედება პირველ რიგში მინდვრებით დაფარულ ტერიტორიაზე გავრცელდა. ასეთი ადგილები უფრო მოხერხებული იყო მეურნეობისთვის.
ლექსო გავაშელიშვილი ჰყვება, რომ, როგორც ჩანს, იმდროინდელ მიწათმოქმედებს უჭირდათ ტყის ათვისება და თავდაპირველად შეაღწიეს მხოლოდ მეჩხერ ტყეებში, სადაც უწევდათ თანაარსებობა მონადირე-შემგროვებლებთან. თავის მხრივ, პოპულაციამ, რომელიც კვლავინდებურად ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდა თავს, ტყეებისკენ გადაინაცვლა.
ნეოლითის შემდეგ, უკვე სპილენძის ხანაში, მიწათმოქმედებმა შეძლეს ტყეებში უფრო ღრმად შეღწევა. სპილენძის მოპოვება-დამუშავების დაუფლებასთან ერთად მათ მეტად შეავიწროვეს იქ მცხოვრები მონადირე-შემგროვებლები, რომლებმაც დაახლოებით ოთხი ათასი წლის განმავლობაში უღრან ტყეებში შეინარჩუნეს არსებობა.
თუკი ანატოლიიდან შემოსული მიწათმოქმედების გავრცელების დინამიკას რუკაზე დავიტანთ, როგორც ლექსო გავაშელიშვილი ამბობს, გამოჩნდება, რომ მონადირე-შემგროვებლების არეალი ვიწროვდება ისტორიული კოლხეთის მიმართულებით და ყველაზე დიდხანს ნარჩუნდება იქ, ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. დაახლოებით 4 000 წელი.
4 000-წლიანმა იზოლაციამ მონადირე-შემგროვებლებსა და მიწათმოქმედ ხალხებს შორის განსხვავებული ენების განვითარებას შეუწყო ხელი, ასე ჩამოყალიბდა საერთო ქართველური ენიდან ქართულ-ზანური და სვანური.
„მიწათმოქმედმა ხალხებმა, პირველ რიგში, აითვისეს მტკვრისა და ჭოროხის აუზები, ხოლო დასავლეთ საქართველოში – რიონის, ენგურისა და კოდორის აუზებში დაახლოებით ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად განაგრძობდნენ არსებობას მონადირე-შემგროვებლები“, – ამბობს ლექსო გავაშელიშვილი და დასძენს, რომ საცხოვრებელი გარემოსა და ტექნოლოგიების განსხვავებამ მისცა ბიძგი ენობრივ სხვაობას.
ასე რომ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, ანუ ჭოროხისა და მტკვრის აუზებში, რომლებიც ნაკლებად ტყიანი იყო, მიწათმოქმედი საზოგადოებები ალაპარაკდნენ ქართულ-ზანურად. დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, წარმოიშვა და გაბატონდა სვანური ენა.
ამ მოსაზრებას ამყარებს გენეტიკური კვლევაც. გავაშელიშვილის თქმით, ახლა უკვე შესაძლებელია ზუსტი გენეტიკური პროფილის მიღება ნამარხი ძვლებიდან გამოყოფილი დნმ-ით. თანამედროვე გენეტიკური პროფილის მიხედვით კი, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების ყველაზე მაღალი წილი სწორედ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა.
„დღეს თუ ავიღებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, მათშია ყველაზე მაღალი ეს ძველი მონადირე-შემგროვებლების გენები და რაც უფრო ვშორდებით დასავლეთ საქართველოს, მით უფრო მატულობს გენების ანატოლიური პროფილი, ანატოლიური და ლევანტური, ანუ სხვა ძველი ხალხების, კულტურების.
ამ გენეტიკური კვლევებით გამოგვივიდა ორი დიდი ლინგვო-გენეტიკური ვექტორი. ერთი – კარგად გამოკვეთილი ქართულ-ზანური და მეორე – სვანური. მეგრელები, მაგალითად, ამათ შორის იყვნენ გაფანტულნი. მეტწილად უფრო სვანურისკენ გადაწეულები, სვანური ვექტორისკენ“, – ამბობს ლექსო გავაშელიშვილი „პუბლიკასთან“.
მოგვიანებით, დაახლოებით 3 000 წლის წინ დაიწყო ქართულ-ზანური ენის ქართულ და ზანურ ენებად დაყოფა. როგორც ლექსო გავაშელიშვილი ჰყვება, არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რამ შეუწყო ხელი უკვე ქართულ-ზანურის დაყოფას.
ერთი მიზეზი, მისი თქმით, შეიძლება ყოფილიყო ლანდშაფტი. ჭოროხისა და მტკვრის აუზები მაღალი, მკაცრი კლიმატის მქონე ზეგნებითაა გამოყოფილი, რის გამოც შესაძლოა, კომუნიკაცია ამ ორი მდინარის აუზს შორის უფრო ნაკლები ყოფილიყო, ვიდრე თავად ამ ხეობებს შიგნით მცხოვრებ მოსახლეობაში. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ენა სხვადასხვაგვარად განვითარდა.
„არ არის აუცილებელი ორი პოპულაცია რაღაც გალავნით გამოვყოთ, რომ მათ შორის განსხვავებები ისე დაგროვდეს, ვეღარ გაუგონ ერთმანეთს. მთავარია, რომ მათ შორის რაღაც აფერხებს კომუნიკაციას. თითოეულ მათგანში, შიგნით უფრო აქტიურია კომუნიკაცია და თანდათან ვეღარ ასწრებს მათ შორის კომუნიკაცია დაგროვებული ახალი სიტყვების მიმოცვლას. შესაბამისად, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად ვეღარ გაუგებენ ისინი ერთმანეთს“, – ამბობს მეცნიერი.
ლანდშაფტის თავისებურების გარდა, ლექსო გავაშელიშვილის თქმით, დაყოფის კიდევ ერთი მიზეზი ჩრდილოეთიდან, პონტო-კასპიური სტეპებიდან იქ მცხოვრები ხალხების შემოსვლა შეიძლება იყოს.
„ისინი იყვნენ სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი და ფიქრობენ, რომ სწორედ მათ დაუდეს საფუძველი შემდეგ სომხური ენის განვითარებას, ანუ პირველი ინდოევროპული ენის შემოსვლას, აი, აქ, ამ ადგილებში. ისინი იყვნენ უფრო ნაჩვევი ამ მკაცრ სტეპურ კლიმატს და შეიძლება მათ გამოიწვიეს მტკვარსა და ჭოროხს შორის ზღუდის შექმნა.
ამასთან, უკვე ამ პერიოდში, როდესაც ქართული და ზანური ერთმანეთს შორდებიან, სამხრეთით ვითარდება საკმაოდ ძლიერი, არაქართველური სახელმწიფო – ურარტუ. მისი ზედა კიდე ჩრდილოეთით სოლივით იჭრებოდა მტკვარსა და ჭოროხს შორის. ამასაც შეეძლო გამოეწვია ქართველურ ხალხებს შორის კომუნიკაციისთვის ხელის შეშლა“, – ამბობს მკვლევარი „პუბლიკასთან“.
ლექსო გავაშელიშვილი მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით არა რომელიმე ცალკეულმა მიზეზმა, არამედ ამ სამივეს ერთობლიობამ შეუწყო ხელი ქართულისა და ზანურის გაყოფას – მკაცრმა კლიმატმა, მეჯოგეების შემოსვლამ ჩრდილოეთიდან და ურარტუს სახელმწიფოს განვითარებამ.
ხოლო მას შემდეგ, რაც ზანური განვითარდა ჭოროხის ხეობაში, ის გავრცელდა შავი ზღვისპირეთისკენაც, დაიკავა კოლხეთი, სადაც ჩაანაცვლა სვანური. ზანური იყო გავრცელებული ჭოროხის ხეობაში, შავი ზღვისპირეთში და კოლხეთში.
„და აი, უკვე მერე ქართული ენების გაფართოებამ, გავრცელებამ, რომელიც იწყება მეშვიდე, მერვე საუკუნეში, საკმაოდ გვიან, ჭოროხის ხეობაში ზანური ჩაანაცვლა ქართულით და ამიტომ ზანური შემორჩა შავ ზღვისპირეთსა და კოლხეთში.
ქართული ენა სოლისებურად შეიჭრა ისტორიულ კოლხეთსა და ახლანდელი თურქეთის შავი ზღვისპირეთში, გათიშა ზანურად მოსაუბრე ეს ორი პოპულაცია. ამიტომ კოლხეთში გავრცელებული ზანური განვითარდა მეგრულად, ხოლო სამხრეთით, შავი ზღვის პირას – ლაზურად.
თუმცა მეგრელები გენეტიკურად უფრო ახლოს არიან სვანებთან. როგორც ჩანს, მათი დიდი ნაწილი სვანურად მეტყველებდა, თავის დროზე. შემდეგ მოხდა მათი ე.წ. ზანიზაცია, ასე იტყვიან ხოლმე, ზანების გავლენა. ოღონდ მოხდა არა იმდენად ზანების გადასახლება, რამდენადაც მათი ენის გავრცელება.
როგორც ჩანს, ისინი ტექნოლოგიურად უფრო წინ იყვნენ. მიწათმოქმედება, აღებ-მიცემობა მეტად ჰქონდათ განვითარებული და ეს კოლხურ-სვანური მეტყველება თანდათან ჩანაცვლდა ზანურით, რომელიც განვითარდა შემდეგ მეგრულად“, – ჰყვება ლექსო გავაშელიშვილი.
მისი თქმით, ამისი ანალოგი სხვა ქვეყნებშიცაა, როცა მეზობელი ხალხის ენა ცვლის ადგილობრივს. ასეთია თურქეთი, სადაც გენეტიკური პროფილი მეტწილად ისევ ანატოლიური, ადგილობრივია, მაგრამ ხალხი შუა აზიიდან შემოსული თურქების ენაზე ამეტყველდა.
შემოიტანეს თუ არა ქართველური ენა ანატოლიელებმა?
რაც შეეხება, ზოგადად, ქართველურ ხალხებს, გავაშელიშვილის თქმით, მართალია, სვანებშიც საკმაოდ მაღალია ანატოლიური გენები, მაგრამ იქ ყველაზე მეტადაა შემორჩენილი უძველესი მონადირე-შემგროვებლების გენებიც. ხოლო ძველი ანატოლიელების გენები მით უფრო მატულობს, რაც უფრო ვშორდებით დასავლეთ საქართველოს.
„შეიძლება გაჩნდეს კითხვაც, რომ თუ აქ მეურნე ხალხი შემოვიდა, მაშინ რანაირად წარმოიშვა ეს ქართველური ენა? ესე იგი, მათ მოიტანეს ქართველური ენა. არის ასეთი აზრიც, ბევრს სჯერა, რომ ანატოლიელებს მოჰყვა ეს ქართველური ენები.
არადა, არის მაგალითებიც, რომ შეიძლება მაღალტექნოლოგიური ხალხი მოვიდეს, მაგრამ ადგილობრივების ენა აიღოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადგილობრივები უფრო მრავლად არიან წარმოდგენილი, თან ისინი უფრო ხანგრძლივად ეგუებოდნენ ადგილობრივ გარემოს. ასეთი შემთხვევებიც ბევრია მსოფლიოში.
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ადგილობრივმა მონადირეებმა ანატოლიელების მოტანილი ტექნოლოგია მიიღეს, ხოლო მიგრანტმა ანატოლიელებმა აითვისეს ადგილობრივი ენა“ , – ამბობს მკვლევარი „პუბლიკასთან“.
ლექსო გავაშელიშვილის თქმით, არაა გასაკვირი, რომ ადგილობრივებმა შეინარჩუნონ თავიანთი ენა და თან სრულიად ახალი ტექნოლოგიები მიიღონ. ამისი მაგალითი, ცოტა ხნის წინაც კი გვქონდა: ევროპელები პაპუა-ახალი გვინეის მთებში პირველად 1930-იან წლებში მოხვდნენ, იქ მეტწილად მონადირე-შემგროვებლები ცხოვრობდნენ. ადგილობრივებმა, დროთა განმავლობაში, მიიღეს ცივილიზაციის ყველა ელემენტი და ავიაციაც კი, მაგრამ არ დაუკარგავთ თავიანთი ენები.
„თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, არც ისაა გამორიცხული, ბევრი ანატოლიური ტერმინი შემოსულიყო ქართველურ ენებში. რადგანაც უძველესი ანატოლიური ენები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ, ზუსტად არ ვიცით რამდენად იქონიეს მათ გავლენა მეზობელი ხალხების ენებზე. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ ეს გავლენა იმ სამეურნეო სიტყვებით, რომლებიც საერთოა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებისთვის“, – დასძენს გავაშელიშვილი.
ქართველური ენების შესახებ კვლევაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელ ლექსო გავაშელიშვილთან ერთად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მერაბ ჩუხუა, ასევე კახი სალთხუციშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და 2 მეცნიერი თურქეთიდან – დილექ კოპტეკინი და მეჰმეთ სომელი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტიდან. კვლევა სამეცნიერო გამოცემა Nature Portfolio-ს Scientific Reports-ში გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ.
ალექსანდრე ქეშელაშვილი
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.