Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესის ცვლილებას II მოსმენით განიხილავს


პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საარჩვნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.

ბოლო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო კვორუმი მესამედ იცვლება. ამჯერად შემოთავაზებული ვერსიით, თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდვენო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ.

იმ შემთხვევაში კი თუ 76 ხმა მეორე ჯერზეც ვერ მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ამავე კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე, რომელიც აირჩევა პარლამენტის მიერ არჩეულ ან პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს, რომელთაგან ერთი პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებისგან ირჩევა, მეორე კი – ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრთაგან.

ცესკოში ოპოზიციის კვოტით არჩეული მოადგილე „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძეა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის გაუქმება, რომელიც მთელი ოპოზიციის კვოტაა და არა „ლელოსი“, მიუღებელია, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე, ევროპელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები ვენეციის კომისიასთან და ევრორეკომენდაციებთან შესაბამისობაში არ მოდის.

გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილი იყო სამართლებრივი არგუმენტაციისგან.

მისი თქმით, დასკვნაში მითითებული იყო, რომ თუ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მაღალი კვორუმით ვერ აირჩევენ, ხელახალი კენჭისყრით არჩეულ თავმჯდომარეს 6-თვიანი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.

მიქანაძისვე თქმით, ამის შემდეგ მმართველმა გუნდა გამართა კონსულტაციები ოპოზიციასა და დაინტერესებულ მხარეებთან, თუმცა მათგან არგუმენტები და პოზიციები არ მოუსმენიათ, შესაბამისად საკითხის განხილვა გაგრძელდა.

რაც შეეხება ოპოზიციის კვოტით არჩეულ მოადგილეს, უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოადგილე პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩეს და არა – პოლიტიკური.

„როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, ასეთ დასკვნას და რეკომენდაციას ვერავითარი ფასი ვერ ექნება, იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური, ყველანაირი ნონსენსი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი თხოვნა ვენეციის კომისიასთან, დაწერონ სამართლებრივი დასკვნები. ნუ დაწერენ მაგალითად, იმას, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს წევრი. ეს ხომ 2X2=4-ია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს.

PUBLIKA

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...