ბარათაშვილი: გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
მისი თქმით, „სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით – ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა”.
„უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ. გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა.
ვეხმაურებოდით კომიტეტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რწმენა დროებითი გადახურვის საიმედობის შესახებ უსაფუძვლო იყო და მივუთითებდით მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ზამთარი მშვიდად ყოფნა.
კლიმატის გაუარესების შემთხვევამ (რაც გელათის ზონაში მოსალოდნელი და დასაშვები პირობაა) გამოაჩინა, რომ გადახურვის მდგრადობის მიუხედავად (კონსტრუქცია და თუნუქი არ დაზიანებულა), კონცეპტუალური წუნის გამო, ტაძრებში წყლის ინფლიტრაციის რისკები ვერ იქნა დაზღვეული.
კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებით 5-6 თებერვილის დროს ტაძრებში წყლის შეღწევის ყველა ლოკაციას შეისწავლიან და ანგარიშის სახით წაურდგენენ საზოგადოებას“, – წერს ბარათაშვილი.
რა მოხდა გელათში?
გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.
2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.