Jump to content
Planeta.Ge

ვინ არ შეუერთდება პრეზიდენტის „ერთობის პლატფორმას“


პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება.

ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ.

„მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – დაწერა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში.

„გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ კოალიცია კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებს.

„როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ასევე დაადასტურა ზურაბიშვილის ინიციატივაში მონაწილეობა. მან ასევე განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ესაუბრა.

„ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პლატფორმას არ შეუერთდება „ევროპული საქართველო“.

გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ისინი პროცესებს დააკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე მონაწილეობის მზადყოფნა არ აქვთ.

„კიდევ უფრო უნდა დაკონკრეტდეს, რაზეა საუბარი,“ – ამბობს გიგი წერეთელი.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის პლატფორმა უშედეგო იქნება, თუმცა მისი გუნდი შეხვედრებს დაესწრება.

„მინდა მივიდე, სხვებს მოვუსმინო, ჩემი აზრი ვთქვა, შეიძლება გამოვიდეს ეს ერთობა, მაგრამ ძალიან დაბალი მოლოდინი მაქვს,“ – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმა „ლელოს“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილიც.

„ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გავაცანით 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვაც მოვისმინოთ. ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები, „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილების არჩევნებად“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა პარტია „ევროპელი დემოკრატები“.

„მივესალმებით პრეზიდენტის ინიციატივას ახალი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით და გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ ამ პლატფორმოს მუშაობაში, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ყველა პოლიტიკური ჯგუფის/პოლიტიკოსის საჯარო პოზიცია ცნობილი არაა. „პუბლიკამ“ თავი მოუყარა იმ განცხადებების ნაწილს, რომელიც დღეს სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.


„მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...