Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად


სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:

„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას! ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა.

გამოწვევები შეეხო უსაფრთხოების სფეროს:

უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა, მეტიც ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს;

რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წ####ბზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას;

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება…

საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება — მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე.

გამოწვევები არ დაგვკლებია დემოკრატიის კუთხით:

2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა.
დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი „ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც. ეს ყოველივე კი, მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს.

მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან — ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდადემოკრატიას, თუ როტაციის პრინციპს არქმევენ.

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას.

ამ სისტემისთვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება… „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!

გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა ევროპული ორიენტაციაც:

ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი, უფრო მკაფიოდ შეეცვალა აქცენტები: ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა პოზიციები. უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ, საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით საფრთხის ქვეშ დავაყენეთ ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები.

ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და მოიპოვა კანდიდატის სტატუსი!
საზოგადოება არ დანებდა, იბრძოლა და დაიცვა საკუთარი მომავლი. ხალხის პრინციპულობამ შიგნით თუ გარეთ ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპელობაზე ჩვენი პრეტენზია საფუძვლიანია და ამ მიზნის მიმართ ქართველი ხალხის სულისკვეთება ურყევია. ჩვენი საზოგადოება კი დარწმუნდა, რომ მას გააჩნია ძალა და შეუძლია მიზნის მიღწევა; დავინახეთ ჩვენი თავისუფალი, ევროპული ახალაგაზრდობა, ქვეყნის მომავლის შენებაში მათი განსაკუთრებული როლი გამოიკვეთა და იგი იმედის ძალად ჩამოყალიბდა.
ჩვენი საზოგადოების გამოცდილებით, თავისი ტრადიციული შემწყნარებლობით, სიბრძნით და თავშეკავებულობით თავიდან ავიცილეთ და გავუმკლავდით რუსული იმიგრაციისა და პროპაგანდის პროვოკაციებს. საზოგადოება არ წამოეგო რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს და შევინარჩუნეთ სტაბილურობა და ურყევი პროევროპულობა.
და კიდევ, დემოკრატიის კუთხით პოზიტიურ ნიშნებად აღიქმება იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გაბედული, განსხვავებული აზრის დაფიქსირება და იმპიჩმენტის სცენარის სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ჩავარდნა. ასევე, პოზიტიური ნიშანია ერთპიროვნული გადაწყვეტილებისგან ეროვნული ბანკის სამი წევრის გამიჯვნა და მათი გადადგომა. ნიშნები იმისა, რომ საზოგადოებას დემოკრატიის ძლიერი შეგნება და მოთხოვნილება გააჩნია, მზადაა დაიცვას მიღწეული პროგრესი და არ შეეგუოს უკუსვლას, იმედისმომეცმია. ესაა ნამდვილი ხალხის ძალა!

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის მომავლისთვის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. პირველ რიგში, უსაფრთხოების გამყარების შესაძლებლობას: ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნაა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენა. კანდიდატობა და ხვალ მოლაპარაკებების დაწყება კი, ევროპის უსაფრთხოების სივრცეში შესვლას ნიშნავს, რითაც საერთაშორისო და რეგიონალურ სცენაზე აქტიური მოთამაშის როლს ვიბრუნებთ. მაშასადამე, ვხდებით იმ ევროპის უშუალო პარტნიორი, რომელმაც ბოლო პერიოდში აჩვენა ესოდენ სიმტკიცე და პრინციპულობა, აჩვენა, რომ ხვალინდელი უსაფრთხო და მშვიდობიანი რეგიონის სანდო და დასაყრდენი პარტნიორია. მისი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანია ის, რომ სულ ახლახან მოახერხა დიალოგისა და დემოკრატიის მაგალითის მიცემა, სადაც კონსენსუსის მისაღწევად ბოლომდე დაიხარჯნენ და არც კი განიხილებოდა უმრავლესობის დიქტატი. უძლიერესი გზავნილი გაუგზავნა მოსკოვს!

ევროპა ასევე ნიშნავს დამოუკიდებლობის გაძლიერებას: ევროპული ოჯახი უალტერნატივო სივრცეა, სადაც ჩვენი იდენტობა, კულტურა და ღირებულებები დაცული და წარმოჩენილი იქნება. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! – ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. ჩვენში ეს მეხსიერება არ წაშლილა. ეს გზა უფრო ტრაგიკულად გაიარეს ზოგიერთმა ჩვენმა მოძმე, პატარა, კავკასიურმა ერებმა, რომლებიც დღეს უკვე გადაშენებულად მიიჩნევიან, ამ გზაზე საბედისწეროდ დგას აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა! ევროპა კი, სწორედ ის სივრცეა, სადაც თავისუფალი ერები, მრავალი ენა, უმცირესობები, რეგიონები, მრავალფეროვანი კულტურა და იდენტობა თანასწორობით და კანონითაა დაცული

ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას: დღეს ევროპა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა სიმდიდრე თავისთავად არაფერია, თუ ის არ გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობას, რაც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებების დაცვასა და განხორციელებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამას გვპირდება ევროპა. კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს მთელი რიგი დაცული უფლებები აქვთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები.

მოქალაქეებს აქვთ უფლება საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა, მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცულენი იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.

კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!

2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რამეთუ მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას, ანუ ჩვენ ჩვენივე ძალებით და არა — სხვაზე დამოკიდებულებით, შევქმნით ჩვენსავე დოვლათს. დღეს დროა წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა!
რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა.

ამის მისაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავემშვიდობოთ მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს. ეს ნიშნავს ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგს და ქვეყნის ინტერესების ირგვლივ საერთო ენის გამონახვა.

ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, რათა წარმოიშვას ახალი ევროპული სტილის საბაზრო და სოციალური ეკონომიკა. სადაც დოვლათი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, სადაც გამოცხადებული ბიუჯეტის ზრდა უნდა ისახებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობაზე, სადაც ადამიანი საკუთარ კერძო ინიციატივების დაუბრკოლებლად უნდა ახორციელებდეს, სადაც ტენდერები თავისუფალად და გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს.
წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით.

ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა – ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისაგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან.

ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა, ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს — თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას? წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს —საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ — ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის? საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება — როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ.

ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას — თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.

მივმართავ საზოგადოებას — მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ უმოქმედობას და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში.
აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია!

მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არა ნაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი.

მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.
ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ!

და ბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს.

არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი…. ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე. პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული.

ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცავლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში. უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა!
მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრსეად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი.

ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.
მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“!

მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას.
ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.

როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, ჩემი როლი უცვლელი იქნება: ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს.

და ბოლოს, მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას, და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია ეს ნება აღვასრულოთ!“

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...