ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილვანაში ზვავის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, სოფელში ზვავი დილით განვითარდა, რის შედეგადაც, ერთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა წაიღო. მერის ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს, ხოლო მისი მეუღლე დაიღუპა.
„მთელი ღამის განმავლობაში მაღალი ზონის სოფლებში თოვდა. სამწუხაროდ, ზვავი განვითარდა, რის შედეგადაც ერთი ოჯახი ჩაიყოლა, ოჯახში ორი ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი მეზობლებმა ამოიყვანეს. რაც შეეხება მის მეუღლეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, იგი უკვე ამოვასვენეთ. ზვავმა სახლთან ერთად დამხმარე ნაგებობაც წაიღო. ოჯახში 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი იყო. რაც შეეხება მეზობლებს მათ საფრთხე არ ემუქრება.
სოფლებთან მისასვლელი გზები აქტიურად იწმინდება, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრ ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები”,- აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.