რატომ ანგრევენ რესპუბლიკურს? — დოკუმენტები, რომელსაც საბაბად იყენებს ხელისუფლება
რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.
რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.
30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.
შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
უწყება არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც უკვე დათანხმდა სამინისტროს წინადადებას და აირჩია კომპენსაციის შეთავაზებული პაკეტებიდან ერთ-ერთი. ამის მიზეზად თანამშრომელთა მხრიდან მათზე შესაძლო ზეწოლა დასახელდა.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფოს 654-დან დაახლოებით 50-მა თანამშრომელმა აირჩია საკომპენსაციო პაკეტი. მათი უმრავლესობა კლინიკის ადმინისტრაციის თამშრომელია და არა — სამედიცინო მუშაკი.
რა ხდება
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბარი წლებია მიდის. თუმცა, ოფიციალურად, მისი შესაძლო დანგრევის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2023 წლის თებერვალში გაავრცელა.
“რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად უფრო ეფექტიანი იქნება, თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა”, – ამბობდა აზარაშვილი ერთი წლის წინ, თუმცა მაშინ კონკრეტული დასკვნები ან გეგმა სამინისტროს არ წარმოუდგენია.
აზარაშვილის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა კლინიკის სამედიცინო პერსონალი. მათ მინისტრს ღია წერილით მიმართეს და განმარტებები მოითხოვეს.
“ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ”, – წერია განცხადებაში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2023-ში გაავრცელეს.
უპასუხოდ დარჩენილ ღია მიმართვას მოჰყვა საპროტესტო აქციები, სადაც სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და რესპუბლიკურის ბედთან დაკავშირებით მათ კითხვებზე პასუხებს მოითხოვდნენ. საბოლოოდ, გასული წლის გაზაფხულზე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მინისტრის მოადგილეებთან, თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურთან. 2023 წლის აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა ახალი კონცეფცია რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ.
კონცეფციაში აღწერილი იყო რესპუბლიკურის ინფრასტრუქტურული პრობლემები, სერვისების სიმწირე, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური თუ ფინანსური გამოწვევები. კონცეფციის წარდგენისას მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურს შეისწავლიან საერთაშორისო ექსპერტები და გადაწყვეტილებას მხოლოდ მათი დასკვნების საფუძველზე მიიღებდნენ.
“გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ [კლინიკის თანამშრომლებს] გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია თუ სართულების ცვლილება”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო ოთარიშვილის თქმით, კონცეფციის წარდგენისას მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ პერიოდულად გაიმართებოდა სამუშაო შეხვედრები, სადაც გააცნობდნენ ინფორმაციას ექსპერტიზის შუალედური დასკვნების შესახებ. საბოლოო დასკვნა 2024 წლის გაზაფხულამდე ვერ მომზადდებოდა. ამის შემდეგ ისევ და ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლების ჩართულობით მიიღებდნენ გადაწყვეტილებას რესპუბლიკურის ბედზე.
ოთარიშვილის თქმით, დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები რამდენჯერმე გადაიდო. 2023 წლის შემოდგომაზე მათ წერილობით მოითხოვეს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამის მიზეზი გახდა რესპუბლიკურიდან რესურსების რუხის კლინიკაში გატანა. ისინი შიშობდნენ, რომ კლინიკის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და სამინისტრო ეტაპობრივად, ზედმეტი ხმაურის გარეშე შეეცდებოდა რესპუბლიკურის ფუქნციონირების შეჩერებას.
“დაიწყო რესპუბლიკური საავადმყოფოს გარემონტებული და დაკომპლექტებული განყოფილებებიდან ინვენტარისა და აპარატურის გატანა რუხის კლინიკაში. ამის შემდეგ დავწერეთ წერილი მინისტრის სახელზე – გთხოვთ გაგვაგებინოთ, რა ხდება, რუხის საავადმყოფო ძლიერდება რესპუბლიკურის ხარჯზე? სად არის დაპირებული ექსპერტიზები და დაპირებული შეხვედრები? ამ წერილის მიღებიდან ძალიან მალევე ისევ სატელევიზიო ეთერით ვიგებთ, რომ ნოემბერში ფართო საზოგადოებას და რესპუბლიკურის თანამშრომლებს ეცნობებათ რესპუბლიკურის შემდგომი ბედის შესახებ”, – გვიყვება ოთარიშვილი.
მისი თქმით, წერილობითი მოთხოვნის შემდეგ გაიმართა ორი შეხვედრა: 2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში. ორივე შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა მათ უთხრა, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, მინიმუმ, 2024 წლის მარტში იქნებოდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ, იქამდე კი ყოველთვიურად გაიმართებოდა სამუშაო შეხვედრები. 22 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომლებმა ისევ სატელევიზიო ეთერით გაიგეს, რომ სამინისტრომ შენობის დემონტაჟი გადაწყვიტა.
ნინო ოთარიშვილი ფიქრობს, რომ ის რამდენიმე შეხვედრა, რაც 2023 წლის განმავლობაში მათი მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა, სამინისტროს პროტესტის დასაშოშმინებლად სჭირდებოდა, გადაწყვეტილება კი მაინც მათ გარეშე მიიღეს.
რა წერია დოკუმენტებში, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო?
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, დემონტაჟის გადაწყვეტილება 5 დოკუმენტის საფუძველზე მიიღო. მათგან უახლესი 2024 წლის შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმია, ყველაზე ძველი კი — სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის დასკვნა.
ამ უკანასკნელში ვკითხულობთ, რომ შენობის მზიდი კონსტრუქციის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა “დაზიანებების უმეტესობა რეკონსტრუქციისას გამოსწორებადია, ან დემონტაჟს ექვემდებარება”. დასკვნის მიხედვით, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გადაწყვეტილება “დამოკიდებულია შენობის შემდგომ ფუნქციურ დანიშნულებაზე, უპირველეს ყოვლისა, სართულიანობისა და დატვირთვის გათვალისწინებით”.
ნინო ოთარიშვილის ინფორმაციით, სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ შენობის რეაბილიტაცია. ეს პროცესი გადაიდო პანდემიის გამო, შემდეგ კი, 2021-2022 წლებში სამინისტრომ დაახლოებით 300 000 ლარი დახარჯა შენობის რეაბილიტაციის პროექტზე. ოთარაშვილი ირწმუნება, რომ პროექტის ავტორების აქტიურ მუშაობას რესპუბლიკურის თანამშრომლები ორი წლის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. ოთარიშვილის თქმით, 2023 წლის იანვარში სამინისტრომ პროექტი ჩაიბარა. ის ამბობს, რომ პროექტი გულისხმობდა შენობის ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ რეაბილიტაციას. ეს რესპუბლიკურის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამუშაო პროცესი არ შეჩერდებოდა. რეაბილიტაციის პროექტის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ზურაბ აზარაშვილმა შენობის დემონტაჟის იდეა გაახმიანა.
“ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროში შეეცადა. თუმცა უწყებამ ვერ მოგვაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, გადაიხადა თუ არა ფული რეაბილიტაციის გეგმაში. უწყების პრესსამსახური ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა, თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
შემდეგი დოკუმენტი, რომელსაც სამინისტრო ეყრდნობა, არის 2022 წლის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, თუმცა ის მხოლოდ გარე, შემინულ ფასადს ეხება და არა — მთელ შენობას.
“თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე #29-ში მდებარე შპს “აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება.
ახალი ფანჯრების მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის მიხედვით, დასკვნის კვლევის ნაწილში განხილული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
2023 წელს შენობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისწავლა და 60-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა მისი სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში არაფერი წერია მისი დემონტაჟის აუცილებლობაზე.
2023 წლით თარიღდება სასამართლო ექსპერტიზის მიერ შემუშავებული საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნაც. სამინისტრომ ბიუროს ორი დოკუმენტი მიაწოდა და სთხოვა, შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა შენობა ამ სტანდარტებს.
ეს დოკუმენტებია:
- სერტიფიცირებული ექსპერტის, ლევან ოქროპირიძის დასკვნა “ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებასთან შესაბამისობა.
- ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაგეგმარების ექსპერტის, კაან ოზბერკის მიერ “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის მომზადებული დოკუმენტი – თანამედროვე საავადმყოფოს ელემენტების ფიზიკური საჭიროებები”.
ექსპერტიზის ბიუროს სამინისტროს მიერ წარდგენილი პირველი დოკუმენტი საერთოდ არ განუხილავს. ამის მიზეზად უწყება ასახელებს იმას, რომ დოკუმენტი კონკრეტული პროექტისთვის არის შექმნილი, ექვემდებარება კორექტირებას და არ ეხება უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ბიურომ შენობის მასთან შესაბამისობაც მხოლოდ ნაწილობრივ შეაფასა: სამინისტროს მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღწერილი იყო როგორც კონსტრუქციული, ისე მისი ტექნოლოგიური და ფუნქციონალური მოთხოვნები. ბიუროს გადაწყვეტილებით, შენობის ფუნქციონალური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები ასახული უნდა იყოს არქიტექტურული გეგმარების პროექტში, ეს უკანასკნელი კი შენობის კონსტრუქციულ სქემაზეა დამოკიდებული. ამიტომ, არსებულ სიტუაციაში შესაძლებელი იყო მხოლოდ შენობის კონსტრუქციული სქემისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შეფასება.
“დამკვეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მასშტაბური სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, რაც არარენტაბელური იქნება, ცალკეულ შემთხვევაში კი შეუძლებელია სარეკონსტრუქციო შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე”, – წერია დასკვნაში.
ბოლო დოკუმენტი შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმია. ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ სწორედ ამ ოქმმა დააჩქარა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს ოქმიც, ისევე, როგორც 2022 წლის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, მხოლოდ შენობის გარე, შემინულ ფასად ეხება და არა მთლიან შენობას.
2023 წლის 28 დეკემბერს შრომის ინსპექციამ შეისწავლა შენობის გარე ფასადის მაღლივი სართულიდან სამშენებლო ფრაგმენტების ჩამოცვენის საკითხი. ამის მიზეზად შრომის ინსპექციამ ძლიერი ქარი და წვიმა დაასახელა.
შრომის ინსპექციამ შენობის გარე ფასადის მდგომარეობა მწვავედ ავარიულად შეაფასა და აღნიშნა, რომ “არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება”.
წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის არცერთია საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში აპელირებდა ჯანდაცვის სამინისტრო.
რას სთავაზობს სამინისტრო რესპუბლიკურის თანამშრომლებს და რას პასუხობენ ისინი
თავდაპირველად, სამინისტრომ რესპუბლიკურის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 5 თებერვლამდე მისცა, 5-დან 15 თებერვლამდე კი რეორგანიზაცია დააანონსა. მოგვიანებით, ეს ვადა 1 თვით გადაწია. უწყებამ მათ კომპენსაციის რამდენიმე პაკეტი შესთავაზა:
- თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურშია დასაქმებული, მიიღებს 12 თვის ანაზღაურებას;
- თუ თანამშრომელი სხვაგანაც მუშაობს, კომპენსაციის სახით მიიღებს 4 თვის ხელფასს;
- სამედიცინო მუშაკი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს იტყვის, სამინისტრო სთავაზობს სხვა კლინიკაში დასაქმებას იმავე პოზიციაზე და 4 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას;
- თანამშრომელი, რომელიც რესპუბლიკურის გარდა არსად მუშაობს და ვერც სამინისტრო შესთავაზებს ალტერნატიულ სამსახურს, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს.
ჯანდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ უკვე შეთანხმებულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებთან, რომლებიც რესპუბლიკურის ყოფილ თანამშრომლებს დაასაქმებენ. ამ კლინიკების უმრავლესობა თბილისში, ნაწილი კი რეგიონებშია. მათ შორისაა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ინგოროყვას კლინიკა, იმედის კლინიკა და ა.შ.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ ტენდერს პროექტის შესყიდვაზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პირობები და ხარჯთაღრიცხვა. ამ ეტაპზე, რა ინფორმაციასაც უწყება ასაჯაროებს, არის პროექტის სავარაუდო ვადა – 3-4 წელი. არ სახელდება ზუსტი ბიუჯეტი, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, საუბარია “ასეულობით მილიონ ლარზე”.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის გაუგებარია, როგორ ადგენს სამინისტრო შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელურობას, თუ უკვე არ არსებობს როგორც მისი რეაბილიტაციის, ისე დანგრევისა და ახლის აშენების დეტალური ხარჯთაღრიცხვა. მას შემდეგ, რაც “ნეტგაზეთმა” სამინისტროს ამ კითხვით მიმართა, უწყებამ წარმოდგენილი 5 დოკუმენტის გაცნობისკენ მოგვიწოდა, თუმცა, როგორც უკვე ვნახეთ, იქ შენობის რეაბილიტაციის თუ დანგრევა-აშენების ხარჯები გაწერილი არ არის.
კლინიკის პერსონალს კითხვები აქვს შენობის აშენების ვადებთან, მის ადგილმდებარეობასთან, ახალ კლინიკაში დასაქმების შესაძლებლობებთან, მშენებლობის პერიოდში დასაქმებისა და კომპენსაცასა და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხების განხილვა არ სურთ მანამდე, სანამ არ გაუქმდება მთავრობის ბრძანება კლინიკის დემონტაჟის შესახებ. სწორედ ამ მიზეზით თქვეს უარი მინისტრთან შეხვედრაზე 26 იანვარს, სამინისტროს წინ გამართული აქციის დროს.
“კომპენსაციაზე საუბარს არ ვაპირებთ, სანამ არ გაუქმდება ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ”, – აცხადებენ ექიმები.
რესპუბლიკურის პერსონალი მოითხოვს გაუქმდეს დემონტაჟის გადაწყვეტილება და დაუბრუნდნენ სამუშაო მაგიდას, სადაც მათი ჩართულობით გადაწყდება საკითხი. ასევე, გაეცეს პასუხები მათ კითხვებს – რატომ გადაიხადა სამინისტრომ ფული რეაბილიტაციის პროექტში, ან რატომ გაარემონტეს შენობის რამდენიმე სართული პანდემიის დროს, თუ დემონტაჟი იყო მოსალოდნელი; სად არის საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.
“ამ შემოთავაზებებს საერთოდ არ განვიხილავთ, ვინაიდან პერსონალი არის შეურაცხყოფილი იმით, რომ მრავალჯერ დაირღვა მრავალჯერ მოცემული პირობა და შეთანხმება, რომ ჩვენ გარეშე არაფერი გაკეთდებოდა, რომ წარმოდგენილი იქნებოდა დასკვნები. ჩვენი პროტესტი არ შეწყდება, სანამ არ შეჩერდება ბრძანება რესპუბლიკურის დემონტაჟისა შესახებ.
2023 წლის გაზაფხულიდან დღემდე, როცა სამუშაო პროცესში ვხვდებოდით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, ჩვენი მოთხოვნები იყო: შენარჩუნდეს ეს სამედიცინო პერსონალი და მოგვეცეს სამუშაოს გაგრძელების უფლება უწყვეტად. არ დაგვშალონ და არ გაგვაჩერონ. ეს მოთხოვნები რჩება დღემდე”, – აცხადებს ნინო ოთირაშვილი.
ჯერჯერობით გაჩერებულია მოლაპარაკებები რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და სამინისტროს შორის. შესაბამისად, გაურკვეველია, რა ბედი ელის 600-ზე მეტ დასაქმებულსა და მათ ოჯახებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.