Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.163
  • comments
    0
  • views
    693.378

Contributors to this blog

ილიაუნის წარმომადგენლები გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ და გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ.

ამავე პროგრამის დოქტორანტის და მოძრაობა “ხმის” აქტივისტი გიორგი ხასაია, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა და მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“როცა გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში დისერტაციის ორი თავის კოლოქვიუმზე წარსადგენად ემზადებოდა, მისი ჩამოშორება აკადემიური საქმიანობიდან დიდი დარტყმა იქნება როგორც მისი სამეცნიერო განვითარებისთვის, ისე ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური სივრცისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა სოლიდარობას უცხადებს გიორგის და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დროულად გაათავისუფლოს ის, რათა შეძლოს სრულფასოვნად დაუბრუნდეს უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებას” — ნათქვამია სადოქტორო პროგრამის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ხალვაში და პროფესორები, რომლებიც პროგრამაზე ასწავლიან.

პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აგროვებენ ხელმოწერებს კაკო ჩიქობავას და სხვა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბური სტუდენტური აქციებით იმუქრებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებულები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია.

24 იანვარს გამოსახლების მოწინააღმდეგე აქტივისტებიდან ორს 2000 – 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ომბუდსმენის 24 იანვარს  გავრცელებული განცხადებით, დაკავებულთაგან 6 პირი დაკავებისას ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს.


23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.

გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.

24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა).

26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...