“ხანძარი გალერიაში ჩვენი გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის შედეგია” – მიტინგი სოხუმში
სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარი ხანძრის შედეგების გამო, სოხუმში, “სახელმწიფო მუზეუმის” წინ მდებარე სკვერში მიტინგი გაიმართა, სადაც კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მხატვარ ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
21 იანვარს სოხუმში ეროვნული გალერიის ფონდში მომხდარ ხანძარს, მათ შორის, ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატები შეეწირა.
“არსებობს ნამუშევრები, რომლებიც ერთ ერს ეკუთვნის და არსებობს ნამუშევრები, რომელიც მრავალი ერის კუთვნილებაა. ფრანგებს სურდათ, ალექსანდრ ჩაჩბა- შერვაშიძე ფრანგი მხატვარი ყოფილიყო, რუსებს – რუსი, ქართველებს – ქართველი. თუმცა ის იყო აფხაზი და ის ამას ამბობდა კიდეც. ჩვენ კი ვერ გავუფრთხილდით მის ნამუშევრებს. თუმცა სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არ ვთქვათ უარი ეროვნული გალერიის შექმნის იდეაზე”, – განაცხადა აქციის მონაწილე დიმიტრი გაბელიამ.
ეროვნული გალერიის დირექტორმა სურამ საქანიამ კი ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და საკუთარი თავი ერთ-ერთ დამნაშავედ დაასახელა.
მისივე თქმით, 500 ნამუშევრიდან, რომელიც მხატვარმა ალექსანდრ ჩაჩბა-შერვაშიძემ აფხაზეთში გაგზავნა, 226 ნახატი ქართველებისგან წამოიღეს.
“მას შემდეგ ჩვენ ასეც ვერ შევძელით რაიმე მუზეუმის შექმნა, რომელსაც მის სახელი ეწოდებოდა”, – თქვა საქანიამ.
აქციის მონაწილეებს შორის ყოფილი ომბუდსმენი [დე ფაქტო] ასიდა შაკრილიც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ 21 იანვარს მომხდარი ფაქტი საზოგადოების უპასუხისმგებლობისა და აფხაზური კულტურის, ისტორიისა და ხსოვნის მიმართ გულგრილობის შედეგია.
სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი 21 იანვარს ღამით გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა. ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა. დაიწვა ნამუშევრების გაციფრულებული არქივიც.
აფხაზეთის დე ფაქტო შსს მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.
ხანძარს სოხუმის გალერიაში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.