Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, კონკრეტული ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან - ეს სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ


დღეს კორუფცია პოლიტიკად არის ქცეული, ჩვენ კორუფციას ვებრძოდით და ეს ადამიანები კორუფციისთვის იბრძვიან, სამწუხარო მოცემულობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ეკონომიკური ზრდაა, თუმცა ამის შედეგად მხოლოდ 25 ოჯახი მდიდრდება. ბერდია სიჭინავა მიიჩნევს, რომ ამ ფონზე გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები და სწორედ მან უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებიც „ხალხის ჯიბეში ხელს ყოფენ“.

„გენერალური პროკურატურა არის ერთადერთი უწყება, რომელსაც ექსკლუზიურად აქვს როგორც გამოძიების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია და კორუფციასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმები. შესაბამისად, დღეს რატომღაც ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს სიტუაცია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა, რაღაც კვაზი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით „დააპლუსა“, რომელსაც არც გამოძიების ფუნქცია არ აქვს და რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. იმ ფონზე, როდესაც ის დანიშნულია კორუფციისთვის ერთხელ უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრის მიერ, სურს წარმოაჩინოს ქმედით უწყებად, რომელიც კორუფციას ებრძვის.

ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ კორუფცია ამ ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის განვითარებას. კორუფცია, ფაქტობრივად, არის ამ ქვეყნის ღალატი, იმ ფონზე, როდესაც გარდამავალი დემოკრატია ვართ და ახლა ვაშენებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩვენ არაერთი განცხადებით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მათ შორის უკანონო დეველოპერულ მშენებლობებთან დაკავშირებით და მათ შორის საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მათ შორის სახელისუფლებო წევრების კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებს. იგივე „ლაგუნა ვერეს“ კონკრეტული „ქეისი“, რომელიც თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, გასულ კვირას ასევე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგაზსთან“ დაკავშირებით, სადაც უკვე მეშვიდე წელია სპეციალური მმართველი მოღვაწეობს, რომელსაც უნდა გამოესწორებინა იქ არსებული სავალალო ვითარება და ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ გააგრძელეს სპეციალურ რეჟიმში ამ კომპანიის მართვა, რაც დამატებით კორუფციულ რისკებს ზრდის. ჩვენ კონკრეტული რეაგირებები არ დაგვინახავს. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამის ფონზე რეალურად 25 ოჯახი მდიდრდება ქვეყანაში და ვერ ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს იგივე სოციალურად მოწყვლადი ფენის სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს განცდის შექმნა სურს, რომ კორუფციას ებრძვის, რეალურად კი კორუფციასთან ბრძოლის ხელშესახები შედეგები არ იქნება.

„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ხალხის ჯიბეში ხელის ჩამყოფებს, რომლებიც კლანურად მართავენ ამ ქვეყანას, ვინმე პასუხისგებაში მისცემს, სანამ ეს ხელისუფლება არსებობს. ბიძინა ივანიშვილის ნება რომ ყოფილიყო, ნამდვილად იქნებოდა რეაგირება 2-3 წლის განმავლობაში უზარმაზარ კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. ნურავინ ნუ გვატყუებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...