გახარიას გუნდი ივანიშვილს: ახლა მაინც შეაქმნევინეთ "ოცნებას" ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!
ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარული ფულით გამდიდრებას და ოცნების პარტიული ყულაბის შევსებას!
"დღეს, როცა პოლიტიკაში უკვე მესამედ დაბრუნების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად თავად ივანიშვილმა სწორედ კორუფციის გაზრდილი რისკები დაასახელა, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინიციატივაზე მორიგი უარი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ არა თუ ოცნების პატარა მშიშარა ბიჭებს, არამედ თავად ივანიშვილსაც არ სურს რეალური ბრძოლა გამოუცხადოს კორუფციას! წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება და კალაძე–კობახიძის დაჯგუფება პარტიული შავი ყულაბის შევსებასთან ერთად ხალხის ფულით გამდიდრებას განაგრძობს და დროული ზომების მიღების გარეშე მომავალშიც გააგრძელებს! ამის დასტურია წინა საახალწლოდ საზოგადოების ყურადღების თავიდან ასაცილებლად ლაგუნა ვერესა და აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ივანიშვილის ორი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვის გაცემაც! წერეთლის გამზირზე დროში გაწელილი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები პირდაპირი და თვალსაჩინო მტკიცებულებაა კალაძე–კობახიძის დაჯგუფების მიერ დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფციის, რის გამოც ქვეყანაში შექმნილი დოვლათი არა ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, არამედ მხოლოდ 25 ოჯახზე არასამართლიანად ნაწილდება. მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი უწყება – პროკურატურა უმოქმედოა, პარლამენტი პროკურატურაზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფაქტობრივად არ ახორციელებს, ოცნება ცდილობს გამოძიების მანდატის არმქონე, ფიქტიური ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად შეასაღოს ხალხს, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ოცნება ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის შემდეგაც არაფერს აკეთებს კორუფციასთან რეალურად საბრძოლველად! პროკურატურის უმოქმედობამ კორუფციაზე, ვაკის პარკის ტრაგედიაზე, თბილისისთვის დამაზიანებელ გიგანტურ მშენებლობებზე, ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ წაახალისა არა მხოლოდ კალაძის კორუფციული სისტემა, არამედ ოცნების ელიტურ კორუფციას კომფორტული პირობები შეუქმნა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს ჩვენს მიერ 30 აგვისტოს შეტანილი მოთხოვნის თანახმად თბილისის მერიაში სისტემური პოლიტიკური კორუფციული ფაქტების კომპლექსური გამოძიება. მივმართავთ ივანიშვილს, თუ მას სურს რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, დაარწმუნოს კალაძე და ოცნება, რომ კორუფციის რისკებისგან დასაცავად ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა!", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.