ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს?
"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ 6 ყოფილი სანატორიუმი უკვე გაყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასხვისებულ სანატორიუმებს შორისაა - "წყალტუბო“, "მედეა“, "თბილისი“, "ივერია“, "სამგურალი“ და "უშიშროება. სანატორიუმების ნაწილი უცხოელმა ინვესტორებმა, ნაწილი კი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდეს.
"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოს სანატორიუმები იყიდეს:
სანატორიუმი "წყალტუბოს“, მფლობელია "გოლდენ თაუერი“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ივლისში დარეგისტრირდა. ბოლო მონაცემებით, კომპანიის 49%-იან წილს ეგვიპტის მოქალაქე საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედი ფლობს, 51% კი ეკუთვნის ყატარის მოქალაქეს ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანის.
სანატორიუმი "მედეა“ კომპანიამ "ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. 100%-იან წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილსია.
სანატორიუმი "თბილისი", 2016 წელს დარეგისტრირებული შპს „აკას“ მფლობელობაშია. კომპანიის 97%-იან წილს ჯამათა ჩარკვიანი, 3%-იანს კი ლავრენტი ჯინჭარაძე ფლობს.
სანატორიუმი "ივერია" შპს "ივერია პალასმა" შეიძინა. ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 40%-ს თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩი ფლობს, 30%-ს - შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილი კვიპროსში რეგისტრირებულ ლასკო კაპიტალ ლიმიტედს ეკუთვნის. "ივერია პალასის" დარჩენილ კიდევ 30%-ს „თიარჯი ფაუერი“ ფლობს, ამ უკანასკნელის მესაკუთრე კი გიორგი დევაძეა.
სანატორიუმი "სამგურალის" შპს „ჰარმონია წყალტუბომ" იყიდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წელს დარეგისტრირდა. „ჰარმონია წყალტუბოს" წილები კი ასე ნაწილდება: ნათია ნაცვლიშვილი - 41%; გერმანიის მოქალაქე ვიქტორი იგნატიევი - 51%; ნატალია წერეთელი, რომელიც საქართველო-რუსეთის მოქალაქეა, მხოლოდ 8%-იანი წილის მფლობელია.
სანატორიუმი „უშიშროება“ შპს „ტანდემ ესთეიტიმ“ იყიდა. კომპანიის მფლობელია გერმანიის მოქალაქე ვიქტორ იგნატიევი.
ცნობისთვის, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.
ამბები
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.