“თურქების შესვლა აკრძალულია” — ახალი წესები აია სოფიაში
19 იანვრიდან აია სოფიაში ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ.
ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან დაიწყებენ და სვლას გალერეის სართულზე გააგრძელებენ.
ტურისტული მიზნებით აია სოფიაში სტუმრობის საფასური 25 ევრო 15 იანვარს გახდა, მანამდე უფასო იყო.
“მაგრამ მაშინაც კი, თუ თქვენ მზად ხართ გადაიხადოთ 25 ევრო აია სოფიას ტურისტული სექციის მოსანახულებლად, გზად ოფიციალური განცხადება გადაგეღობებათ: ”ამ სექციაში თურქები არ დაიშვებიან”. თუ ეცდებით, რომ მეჩეთის სექციაში მოსალოცად შეხვიდეთ, გეტყვიან, რომ პარასკევის ლოცვაზე მიხვიდეთ, თუ ქალი ხართ, 14:30 საათის შემდეგ”, — წერს თურქი ჟურნალისტი ადგილობრივ მედიაში.
პარასკევის ლოცვაზე დასწრება ქალებს აკრძალული არ აქვთ, ოფიციალურად, ეს “სავალდებულო არაა”, თუმცა არც მიღებულია.
“აია სოფიას ტოვებთ და თავში მრავალი შეკითხვა გიტრიალებთ: თუ თან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხართ და თან ადგილობრივი ტურისტი, რომელი შესასვლელით უნდა ისარგებლოთ? როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთის მოქალაქე ქალები ლოცვის დროს? შეიძლება უცხოელმა ტურისტმა ბილეთები შეიძინოს და გალერეას ლოცვის დროს ესტუმროს?” — კითხულობს თურქი ჟურნალისტი.
აია სოფიას დანიშნულება რამდენჯერმე შეეცვალა. დღემდე ის თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ისტორიულად უმნიშვნელოვანესი გუმბათოვანი ნაგებობა სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. 532 წელს, როდესაც იუსტინიანე I-მა მისი მშენებლობის ნებართვა გასცა, ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა.
აია სოფია 9 საუკუნის განმავლობაში იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. 1204 წელს კათოლიკურ ტაძრად გადაკეთდა ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის შემდეგ. ტაძარი 1261 წელს კვლავ დაიბრუნა მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სურათი შეიცვალა 1453 წელს, როდესაც ოტომანებმა, მეჰმედ II-ის მმართველობის ქვეშ, დაიკავეს კონსტანტინოპოლი და აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს.
I მსოფლიო ომის, ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, 1934 წლის გადაწყვეტილებით, ახალი რესპუბლიკის პირველმა, სეკულარული რეფორმებით ცნობილმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა აია სოფია მუზეუმად გადააკეთა. შენობას მუზეუმის სტატუსი ჰქონდა 2020 წლამდე, 1985 წლიდან კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია.
აია სოფიას მეჩეთად გადასაკეთებლად ნაბიჯების გადადგმა 2020 წლის ივნისში დაიწყო. სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ამას მოჰყვა 2020 წლის 10 ივლისს “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” თავმჯდომარისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, აია სოფია გადასცემოდა რელიგიურ საქმეთა დირექტორატს და კვლავ გახსნილიყო მუსლიმი მომლოცველებისთვის. 1500- წლიანი ისტორიის მქონე აია სოფია კვლავ მეჩეთად იქცა. 2020 წლის 24 ივლისს, 86-წლიანი პაუზის შემდეგ, აია-სოფიაში პირველი პარასკევის ლოცვა ჩატარდა.
ურბანულ გეგმებსა და რუკებზეც დასახელება მუზეუმი შეიცვალა, როგორც “აია სოფიას დიდი მეჩეთი და კომპლექსი”.
მეჩეთად გადაკეთების შემდეგ, 2020 წლიდან დღემდე, აია სოფიაში შესვლა უფასო იყო ტურისტებისთვის.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.