მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს იწყებს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
„ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია.
შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება — ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და „არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე“.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს. საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება და მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.
საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
მთავრობის ინფორმაციით, ახალი მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წელია აქტიურად საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი შენობის დემონტაჟის საჭიროებაზე. მედიკოსები აქციებს მართავდნენ საავადმყოფოს დანგრევის წინააღმდეგ.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.