USAID-ის წარმომადგენლობა - მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში პირველ არხს განუცხადეს.
„აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ტოლერანტობის ცენტრი“, რომელსაც ბექა მინდიაშვილი ხელმძღვანელობს, USAID-ის მიერ ფინანსდება. პაპუაშვილის თქმით, მისი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ამერიკული დაფინანსების მიღებას ახერხებს.
„რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას, როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას, თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.