Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის მინისტრი: პუტინი 5-8 წელში, შესაძლოა, ნატოსაც დაესხას თავს


გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი რამდენიმე წელში, შესაძლოა, ნატოს ქვეყნებსაც დაესხას თავს.

ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთის თავდასხმა ნატოს ქვეყნებზე ამ მომენტისთვის  მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები ელიან, რომ ეს შესაძლოა, 5- 8 წლის შემდეგ მოხდეს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

„თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან… ასე რომ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს თავს დაესხას ნატოს ქვეყანას“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკვე წამოაყენა იდეა შეცვლილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ, რისთვისაც აპრილისთვის ელოდება წინადადებებს თავისი დეპარტამენტისგან.

მისი თქმით, ასევე მზადაა, შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესაძლებლობა მისცეს იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.

„ჩვენ არ ვიქნებით ევროპაში პირველი შეიარაღებული ძალები, ვინც ამას გააკეთებს”, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში მეორე ან მესამე თაობაში, მაგრამ ჯერ არ აქვთ გერმანიის მოქალაქეობა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...