“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია.
ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე.
“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში. მე, საერთოდ, ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოიწოდებდა ამ საქციელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის რელიგიური ქვეყანა. ეს არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, რელიგიური ქვეყანა. არის ქვეყნები, სადაც რელიგიური ხალხი ნაკლებად ცხოვრობს, მაგრამ საქართველო არ არის ასეთი.
ამიტომ, ასეთი ტიპის ქმედებები საკმაოდ სენსიტიურია, საშიშია, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანს ეხება, ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ყოველთვის, როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის, როგორც პირველ რიგში, ქრისტიანისთვის, ადამიანისთვის, ის, რაც იქ ვიხილეთ”, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვის ფორმის შეფასების შემდეგ გააკეთა კომენტარი თავად იმ ფაქტზე, რასაც ეს პროტესტი მოჰყვა. მან თქვა, რომ შეურაცხმყოფელია სტალინისნაირი “პერსონაჟების” ნახვა ეკლესიაში.
“ამავე დროს, ასევე ჩემთვის მიუღებელია სტალინის ხილვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. გასაგებია, ეს არ არის ხატი, მაგრამ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ ის არ იმსახურებს იყოს იმ ადგილას, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა, ანგრევდა, ხვრეტდა, ანადგურებდა და ის აკეთებდა ამას არა მარტი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ აკეთებდა სხვა რელიგიების წინააღმდეგაც. ამიტომ, ჩემთვის ესეც მიუღებელი არის და შეურაცხმყოფელი არის, რომ ასეთი პერსონაჟები იყვნენ წარმოდგენილი ეკლესიაში”, – განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა შეაფასა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის, ალტინფოს მიერ აქტივისტ ნატა ფერაძის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ძალადობრივი მოწოდებებიც. მისი თქმით, მიუღებელია “ლინჩის წესით გასამართლება” და ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არასწორი არის ლინჩის წესით გასამართლება ადამიანების სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ვიღაცის ქმედება, არ შეიძლება მას სახლში მიუვარდე და მასზე გადაწყვიტო ძალადობა; გადაწყვიტო მისი გასამართლება ასეთი მეთოდით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, ამისთვის არსებობს კანონი და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დარეგულირება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც.
როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
9 იანვარს ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს.
ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება.
ამავე თემაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.