ზელენსკი დავოსის ფორუმზე: გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”.
უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, პუტინი წახალისებული იყო დასავლეთის მოწოდებებით უკრაინის მიმართ, არ მოეხდინათ ესკალაცია.
„თქვენი მხრიდან ყოველი „არ მოახდინოთ ესკალაცია” პუტინისთვის ჟღერდა, როგორც – „შენ გაიმარჯვებ”. ამ ერთმა ადამიანმა მინიმუმ 13 წლით წაგვართვა მშვიდობა, ჩაანაცვლა ის ტკივილითა და კრიზისით, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა იმაზეც, რომ გვიანდება აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარება. როგორც მან თქვა, „უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან ეს კრიზისს გააღრმავებს”.
„სიმართლე გითხრათ, არავის ვურჩევდი ექსპერიმენტს, ვინაიდან ეს საშინელი ექსპერიმენტია – ამა თუ იმ დახმარების დაყოვნება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ხანდახან „დახმარებას” დახმარებას ვეძახით, ვინაიდან, სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის დახმარებაა. კი, ეს არის უკრაინელი ხალხის უმრავლესობის [დახმარება], მაგრამ ეს ასევე ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე. და უკვე ახდენს გავლენას”, – განაცხადა მან.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვრის ბლოკირებამ ბევრი სახელმწიფოსთვის აგრარული სექტორის ფასების პოლიტიკის დემპინგი განაპირობა, ხოლო ზოგიერთი ქვეყანა „უბრალოდ პურის გარეშე დარჩა”.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფორმატში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა დონალდ ტრამპზეც, რომელმაც შესაძლოა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და განაცხადა, რომ ეს მის ღელვას იწვევს.
„დოლანდ ტრამპმა თქვა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთის ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებს. თუ ის უკრაინაში ჩამოვა, 24 საათი მეყოფა იმის ასახსნელად, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია ამ ომის საკითხის მოგვარება. მას არ შეუძლია მშვიდობის დამყარება პუტინის გამო”, – თქვა ზელენსკიმ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.