დღეს ქალბატონი მზექალა შანიძის დაბადების დღეა ! გთავაზობთ ინტერვიუს ქართული მეცნიერების მემატიანესთან (nationalgeographic.ge)
პროფესორი მზექალა შანიძე ენათმეცნიერი და ფილოლოგია. იგი 70 წელზე მეტია ემსახურება ქართულ მეცნიერებას და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს სტუდენტთა მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ქართული მეცნიერების მემატიანე | მზექალა შანიძე
თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარების მოწმე და მონაწილე პროფესორი მზექალა შანიძე ჭეშმარიტი მეცნიერისთვის დამახასიათებელი უბრალოებით გვიზიარებს მოგონებებს.
უნივერსიტეტის დამფუძნებლებთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?
უნივერსიტეტის დაფუძნება ძალიან დიდი ამბავი იყო. თავდადებული ხალხი იყო ის, ვინც ამისთვის იღვწოდა. აკაკი [შანიძე] და სხვები, მასთან ერთად, ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. ჯერ კიდევ პეტერბურგში დაიწყო ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის დაარსებისთვის მზადება. ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც მოხსენებებს კითხულობდნენ მხოლოდ ქართულად. ამით იმისთვისაც ემზადებოდნენ, რომ მომავალში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია შეექმნათ. მე თვითონ არ მოვსწრებივარ უნივერსიტეტის დაარსებას, მაგრამ როდესაც დავიბადე, ახალი დაარსებული იყო. მაშინ, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი და ვხედავდი ამ ხალხის ტრიალს და ლაპარაკს, ბევრი არაფერი მესმოდა. მხოლოდ შემდეგ ვიგრძენი, შევაფასე და მივხვდი, რა დიდი საქმე იყო გაკეთებული.
თქვენი პროფესიული არჩევანი რამდენად განაპირობა გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?
როგორ გითხრათ, როგორ გითხრათ… მე წიგნის კითხვა ჩემით ვისწავლე და რაც თავი მახსოვს, სულ წიგნებში მქონდა ცხვირი ჩაყოფილი. ალბათ, ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი. რჩევით არავის არ ურჩევია, თუმცა სულ ენათმეცნიერები ტრიალებდნენ ჩემ გარშემო.
ბატონი ივანე თუ გახსოვთ?
ბატონი ივანე მახსოვს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის ბოლო ლექცია, რომელზედაც ის გარდაიცვალა. მაშინ 14 წლის ვიყავი, მამაჩემი წავიდა და მეც ავეკიდე. დღემდე მახსოვს ის საზარელი სიჩუმე, რომელმაც დაისადგურა, როდესაც დაემხო მაგიდაზე ბატონი ივანე და… მამაჩემი ავარდა მაშინვე [სცენაზე]. მეორე ოთახში რომ გაიყვანეს, უკვე აღარ იყო ცოცხალი. და, როდესაც გამოვედით, მთელი ქუჩა ხალხით იყო სავსე – ბატონი ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალაო, გლოვის ზარი დადგა მაშინვე. იმდროინდელ საზოგადოებას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ივანე არის დიდი საქმის მეთაური, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოში ყოფილიყო ღირსეული უნივერსიტეტი.
მამის და ბატონი ივანეს ურთიერთობიდან თუ გაიხსენებთ რამეს?
მამაჩემს ივანე ჯავახიშვილთან ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან დიდი პატივისცემით იხსენიებდა მას. ყოველთვის ასე მიმართავდა: ბატონო ჩემო, დიდო მოძღვარო, ბატონო ივანე. მაგრამ, უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ხელს არ უშლიდა, თავისი საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრი გამოეთქვა ამა თუ იმ სამეცნიერო საკითხის შესახებ.
აი, მაგალითად, ბატონ ივანეს ქართულ პალეოგრაფიაში გამოთქმული ჰქონდა აზრი იმის შესახებ, რომ ქართული დამწერლობა არის აღმოსავლური დამწერლობის ყაიდაზე შექმნილი. აკაკი არ იზიარებდა ამ აზრს. აკაკი იზიარებდა თეორიას, რომ ქართული ანბანი ბერძნულის კვალობაზე არის შექმნილი. როდესაც ბატონმა ივანემ თავისი მოსაზრება გამოაქვეყნა, აკაკი სოფელში ყოფილა და იქ წაუკითხავს ეს წიგნი და სწერს წერილს ივანე ჯავახიშვილს: წავიკითხე თქვენი წიგნი და, რა თქმა უნდა, პირველად იქიდან დავიწყე, სადაც ქართული ანბანის წარმოშობაზე მსჯელობთ, ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთო. აი, ასეთი ატმოსფერო იყო.
ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ მეცნიერება და განათლება ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია.
რა თქმა უნდა, მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყნის განვითარება არ შეიძლება. ეს არ არის სწორი აზრი, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს ქვეყანაში ისე, თავისთავად ან ქვეყნის ეკონომიკამ წაიწიოს წინ ისე, რომ ეს არ იყოს მეცნიერებასთან დაკავშირებული. დღეს, როდესაც მეცნიერებაში ამდენი სხვადასხვა დისციპლინა არის, კიდევ უფრო კარგად ჩნდება ის შინაგანი კავშირი, რომელიც არსებობს ყველანაირ მეცნიერებათა შორის. მეცნიერება არის საფუძველი ადამიანისა და საზოგადოების განვითარებისა.
დღეს უნივერსიტეტის დამაარსებლების საქმე კიდევ უფრო აქტუალურია, რადგანაც სწორედ დღეს არის მეცნიერება ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად საფრთხეშია მისი მრავალი დარგის განვითარების პერსპექტივები. მე პოლიტიკოსი არ ვარ და მიჭირს ამის შესახებ ლაპარაკი, მაგრამ მოქალაქეობრივი გრძნობა უნდა უკარნახებდეს ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მეცნიერების წინსვლის ხელის შეშლა, მატერიალური თუ სხვაგვარი, არ შეიძლება. საზოგადოებამ არ შეიძლება იარსებოს მეცნიერების განვითარების გარეშე.
დღეს, როდესაც მეცნიერებაში ამდენი სხვადასხვა დისციპლინა არის, კიდევ უფრო კარგად ჩნდება ის შინაგანი კავშირი, რომელიც არსებობს ყველანაირ მეცნიერებათა შორის. მეცნიერება არის საფუძველი ადამიანის და საზოგადოების განვითარებისა.
თქვენთვის, როგორც ქალისთვის, იყო თუ არა რთული მეცნიერებაში ადგილის დამკვიდრება?
რა ვიცი, ჩემთვის ცოტა ძნელია ამ კითხვაზე პასუხი. როგორც ქალს, ალბათ, ცოტა გამიჭირდა, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ქალის მდგომარეობა არ იყო ისეთი, რომ სრულიად თავისუფლად შეძლებოდა თავისი საქმისთვის მიეხედა. მაგრამ, სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ, მიუხედავად დაბრკოლებისა, მაინც უნდა აკეთო შენი საქმე.
თქვენი მრავალფეროვანი სამეცნიერო მოღვაწეობიდან რომელიმე ნაშრომს თუ გამოარჩევდით?
ძნელია თქმა, მე მაქვს წმინდა ლინგვისტური ხასიათის რამდენიმე წერილი, მაგრამ მერე და მერე ვმუშაობდი ხელნაწერებთან და პრობლემატიკა თანდათანობით შეიცვალა. ხელნაწერთმცოდნეობაში შემოდის ტექსტოლოგიაც, როდესაც უნდა გაიმართოს ტექსტი ისე, როგორც ის გამოვიდა ავტორის ხელიდან, უნდა გაითვალისწინო მისი შექმნის ეპოქა და უნდა გაითვალისწინო ის ცვლილებები, რაც ამ ტექსტმა გაიარა დროთა განმავლობაში. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე უფრო ფასეული, რაც მე გავაკეთე, იყო დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ტექსტის გამოცემა. ტექსტი აღმაშენებლის გარდაცვალებიდან მალევე არის დაწერილი და მასში მოთხრობილია მეფის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ამბავი ისეთი კაცის მიერ, რომელიც მასთან ძალიან ახლოს იყო და კარგად იცნობდა მის საქმიანობას. სამწუხაროდ, ამ ტექსტის დედანი არ არის ჩვენამდე მოღწეული. ჩვენადმე არის მოღწეული გვიანდელი გადანაწერები და ზოგიერთი ისეა არეულ-დარეული, რომ ხანდახან გაგიკვირდება – ნორმალური ჭკუის ადამიანმა როგორ უნდა დაუშვას ასეთი შეცდომაო. ჰოდა, მე დავამუშავე, დაიბეჭდა და, ალბათ, საკმაოდ მოსაწონი იყო, რადგან პრემიაც მომცეს ამაში.
მამასთან თუ გქონიათ პროფესიული დაპირისპირება?
არა, განსაკუთრებული არაფერი, ისე, იშვიათად, უფრო ხუმრობით… თუმცა, მახსოვს, აკაკიმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ტექსტი, „გრიგოლ ბაკურიანის ძის ტიპიკონი“, სადაც, ერთ ადგილას ჩამოთვლილია გრიგოლის მიერ შეწირული ქონება – სია და ნივთები. ალბათ, არ მიაქცია აკაკიმ ყურადღება და ამ სიაში ისეთი სიტყვა იყო დასახელებული, რომელიც მას განმარტებული არ ჰქონდა. ამასთანავე, სხვა სტატიაში აკაკის თვითონვე ჰქონდა დაწერილი ერთ-ერთ ბგერაზე, თუ როგორ გადმოდიოდა ბერძნულიდან ქართულში, ჰოდა, წავყევი ამ წესს და მივაგენი სიაში არსებული სიტყვის მნიშვნელობას – ეს იყო ძირს დასადგმელი საცეცხლური. გავარკვიე, რომ ეს ნივთი X-XI საუკუნეებში იხმარებოდა საეკლესიო მსახურებაში. წერილი დავბეჭდე ნიკო ბერძენიშვილის საიუბილეო კრებულში. როდესაც გამოვიდა ეს წიგნი, აკაკიმ წაიკითხა და უჰ… შუბლში იტკიცა ხელი, ეს რა მომივიდა, ეს როგორ გამომრჩაო. ეგ იყო და ეგ. მართლა კი არ სწყენია, უფრო გაუხარდა, რომ რაღაცა დეტალი, შესაძლოა უმნიშვნელო, იმ ტექსტისა გაირკვა.
ბატონ აკაკის მთავრული ასოების შესახებ ჰქონდა მოსაზრება…
ბატონი აკაკის აზრიც ზოგიერთ რამეზე შეიძლება არ იყოს საბოლოოდ მისაღები. როდესაც აკაკიმ წამოაყენა წინადადება მთავრული ასოების შემოღების შესახებ, ძალიან ბევრი იყო წინააღმდეგი რადგან თვლიდნენ, რომ ახალი შრიფტის შექმნა იქნება ძალიან რთული და ძალიან ძვირი. აკაკიმ მაინც მოახერხა მისი შექმნა, მაგრამ ის შრიფტი, თავისთავად, პოლიგრაფიულად არ ვარგა. დღეს პოლიგრაფიის პრობლემა აღარ არის, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ის არის, სჭირდება თუ არა ქართულ ენას მთავრული ასოები? არის ენები, რომლებშიც მთავრული ასოები საერთოდ არ არის, ვთქვათ – არაბულში. ასე რომ, არ ვიცი… ვთქვათ, დღეს აბრევიატურებს რომ აკეთებენ, სასურველია როგორღაც გამოიყოს, მაგრამ ამასაც, ალბათ, შეიძლება რაღაცნაირად მოვუაროთ, მაგალითად, უფრო მსხვილი შრიფტით დავწეროთ. ასე რომ, მამაჩემს რომ გაეგო, ძალიან გაბრაზდებოდა, მაგრამ მეც არ ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, მთავრული ასოების შემოღების მომხრე.
თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან მკაცრი ლექტორი ხართ და სამიანზე მაღალ ნიშანს არ წერთ, რადგან ხუთიანი მხოლოდ აკაკი შანიძეს ეკუთვნოდა, ოთხიანი კი – თქვენ…
ეგ არის, იცით, ძველისძველი რუსული ანეკდოტი: მღვდელი ცდის საღვთო სჯულში მოწაფეს და ეუბნება: ხუთიანი ღმერთს, ოთხიანი – მე ცოდვილს და თქვენ კი, ახალგაზრდავ – სამიანი. ეს ანეკდოტი რატომღაც მომაკერეს მე და ძალიან აღშფოთებული ვარ. ყველას ვუმტკიცებ ხოლმე, როცა სიტყვა ჩამოვარდება, რომ მე არასოდეს არ მითქვამს ასეთი აბსურდი. პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი სტუდენტებთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, რაც შეიძლებოდა ვეხმარებოდი. ლექტორმა სამართლიანობა უნდა დაიცვას; თუ ხედავ, რომ სტუდენტი კარგად ფლობს საგანს, თუ იცის კარგად, რა უფლება გაქვს დაუკლო ნიშანი? ეს ისეთივე დანაშაულია, როგორც როცა არ იცის და მოუმატებ ნიშანს.
ნამდვილი მეცნიერისთვის დამახასიათებელი არის სიყვარული თავის საქმისა, მისწრაფება, რომ ეს საქმე გააკეთოს, რაც შეიძლება კარგად და შეგრძნება იმისა, რომ მის დარგში მომავალში გაკეთდება კიდევ ბევრი ახალი რამ.
რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები მეცნიერებაში?
აუცილებელია, უამისოდ არაფერი არ იქნება. ის, რომ ჩვენ რკინის ფარდის მიღმა ვიყავით ჩაკეტილები, ძალიან ცუდია, მაგრამ არც ის ვარგოდა, ერთი პირობა მეცნიერს მხოლოდ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით რომ აფასებდნენ. მამაჩემს 700 ნაშრომი აქვს, მაგრამ მათი უმეტესობა საქართველოშია გამოქვეყნებული. ერთი თუ ორი სტატია მახსოვს მე, რომ საზღვარგარეთ არის გამოქვეყნებული. ამის მიხედვით რომ იმსჯელოთ, აკაკი შანიძეს სამსახურშიც არ მიიღებდნენ. მეცნიერი ბოლოს და ბოლოს ფასდება იმით, რაც მან მთლიანად გააკეთა.
სად გადის ზღვარი ენის საჭირო განახლებასა და ბარბარიზმების დამკვიდრებას შორის?
ეს ძალიან რთული საკითხია. ყოველ ენაში არის ნასესხები სიტყვები და ყოველ ენაში არის ისეთი სიტყვებიც, რომლებიც შესულია უკვე ენის ძირითად ფონდში და ის უკვე აღარ აღიქმება უცხოურად. აი, მაგალითად, ჩვენ რომ ახლა გადავწყვიტოთ, რომ არ უნდა ვიხმაროთ სიტყვა „ფანჯარა“, იმიტომ რომ ის წარმოშობით არ არის ქართული. რა გამოვა? – ის უკვე ქართული ენის კუთვნილებაა.
კარგი, მაგრამ როდესაც, მაგალითად, გვაქვს სიტყვა „სასწრაფო“, მაგრამ ვამკვიდრებთ სიტყვას „ურგენტული“?
აი, ეს არის უკვე სწორედ ის, სადაც ვმერყეობთ და ამაზე მეც ვერ მოგცემთ გადაწყვეტილ პასუხს. ზოგადად, უნდა გითხრათ, რომ არ შეიძლება მთლიანად იმ პოზიციაზე დადგომა, რომ ენაში არასოდეს არც ერთი სიტყვა არ უნდა შემოვიდეს. ჩვენ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ეს მაინც მოხდება. ეს პრობლემები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ყველა ცოცხალ ენაში.
თქვენი აზრით, ნამდვილი მეცნიერისთვის რა არის დამახასიათებელი?
ნამდვილი მეცნიერისთვის დამახასიათებელი არის სიყვარული თავისი საქმისა, მისწრაფება, რომ ეს საქმე გააკეთოს რაც შეიძლება კარგად და შეგრძნება იმისა, რომ ის, რასაც აკეთებს, არ არის საბოლოო, რომ მომავალში კიდევ ამ დარგში გაკეთდება ბევრი ახალი რამ.
სინას მთა ახსენეთ…
სინას მთაზე იყო ასეთი ამბავი: სინას მთაზე ხომ მონასტერია ცნობილი, წმინდა ეკატერინეს სახელობისა. ეს მონასტერი ძალიან ადრეა დაარსებული და მის ცხოვრებაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 1975 წელს მოხდა ერთი უცნაური ამბავი – შემთხვევით ცეცხლი გაჩნდა და შემდეგ, სარემონტო სამუშოების დროს, აღმოაჩინეს კარი. შიგ რომ შევიდნენ, ნახეს ძალიან ბევრი ხელნაწერი ფურცელი და მთელი წიგნები დაყრილი. მათ შორის ქართული ფურცლებიც აღმოჩნდა. ბერძნულს თვითონ იქაურმა ბერებმა მოუარეს, მაგრამ ქართული ვერაფრით ვერ გაარკვიეს, რა იყო. ნუსხურზე ერთგან ეწერა სომხურიაო და მერე გაირკვა, რომ არ იყო სომხური. საბოლოოდ ითხოვეს, რომ ქართველები წასულიყვნენ იქ და ადგილზე შეესწავლათ ხელნაწერები. აი, ასე მოვხვდი სინას მთაზე სამჯერ, თითო-თითო თვე. ძალიან საინტერესო ადგილია, მონასტერი კლდეებშია აშენებული, ისე რომ გარშემო სულ კლდეს ხედავ. იქ აღმოჩნდა ზოგი ნაფლეთი ცალ-ცალკე ხელნაწერისა და ზოგიერთი წიგნი აღმოჩნდა მთელი.
რაიმე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერი თუ აღმოჩნდა?
იქ აღმოჩნდა ძალიან ბევრი საინტერესო რამ, მაგალითად, ქართლის ცხოვრების ძველი ვარიანტი, რომელიც შატბერდულში და ჭელიშურში არ არის, იქ აღმოჩნდა ძველი პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენაზე არის აგრეთვე ძალიან ძველი ტექსტი დაწერილი, მათ შორის, ჩემდა გასახარელად, ფსალმუნისა, რომელზეც მე ვიმუშავე და აი, ახლა ველოდები, თუ როდის დაიბეჭდება.
ასე რომ, სინას მთა მახსოვს ყველაზე უფრო გრძელ და ყველაზე უფრო სასიამოვნო მოგზაურობად. იქ დღისით ძალიან ცხელა, საღამოს რომ გამოხვალ, შეიძლება შეგცივდეს კიდეც, ჰაერი არის ძალიან სუფთა და ზევით რომ აიხედავ, ისეთი ცაა, ასე გგონია, ხელი რომ გაუწოდო, მოწყვეტ იმ ვარსკვლავს და დაიჭერ ხელში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.